„რიონის ხეობის მცველი“ მარიტა მუსელიანი აცხადებს, რომ მათი თანამებრძოლი, რომელიც არის ბუღალტერი, ამზადებს დოკუმენტებს დაფინანსების გასაჯაროების ნაწილში.
„დღეს ვნახე, რომ ჩვენი ბუღალტერი, თუმცა მას ბუღალტერსაც ვერ დავარქმევ, რადგან თანამებრძოლია ჩვენი და პროფესია აქვს ბუღალტრის და გვეხმარება. ის ხელფასსაც არ იღებს ამაში. ვიცი, რომ ამზადებს დოკუმენტებს და საბუთებს [დაფინანსებაზე] და იქნება უახლოეს მომავალში“, – განაცხადა მარიტა მუსელიანმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, გაუგზავნიან თუ არა „ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს დოკუმენტებს, მუსელიანმა უპასუხა, რომ ეს კარგი იდეაა და შეიძლება დაფიქრება ამ საკითხზე.
„კარგი იდეაა. შეიძლება დავფიქრდეთ ამ საკითხზე…მუქარა იყო [კობახიძემ განაცხადა, რომ თავად გაასაჯაროებენ მოძრაობის ფინანსებს]. ჩვენ პარტია არ ვართ და არ გვაქვს პასუხისმგებლობა რამე აუდიტის, მაგრამ აუცილებლად გავასაჯაროებთ მაინც“, – განაცხადა მან.
მარიტა მუსელიანმა დაფინანსების საკითხზე ჯერ კიდევ თბილისის აქციის დროს ისაუბრა. მისი თქმით, საზოგადოებაში ჩნდება კითხვები, თითქოს, მათ უკან პოლიტიკური ფიგურები და დიდი ფინანსების მქონე ადამიანები დგანან. მისივე თქმით, რაკი კითხვები გაჩნდა, ამ ნაწილში საჭიროა გამჭვირვალობა, რისთვისაც მიმართეს იურისტებს, რათა დაფინანსების გასაჯაროების შემთხვევაში არ დაირღვევს ადამიანის უფლებები და არ გასაჯაროვდეს პერსონალური მონაცემები.
„დავფიქრდი, რომ ამასთან დაკავშირებით საჭიროა მეტი გამჭვირვალობა. ამიტომ მივმართეთ იურისტებს ამასთან დაკავშირებით რჩევისთვის, როგორ გაგვესაჯაროებინა ისე, რომ თან არ დაირღვეს ადამიანის უფლებები, არ გამჟღავნდეს პირადი მონაცემები, რამდენადაც ამას კანონი მოითხოვს. გამჭვირვალობა უნდა იყოს ამ საქმეში, პრობლემა არ არის. უახლოეს ხანში ჩვენ ამას გამოვაქვეყნებთ. ნათელი გახდება, რა თანხა, ვისგან და საიდან მოდის ჩვენი მისამართით და როგორ განვკარგავთ ჩვენ ამ ხარჯებს“, – თქვა მუსელიანმა 25 მაისს.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, მათი ინფორმაციით, მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ და მათი მხარდამჭერები დიდი ფულით არის დაფინანსებულები და კომერციული და პოლიტიკური ინტერესები იკვეთება.
მან ასევე თქვა, რომ თუ აქციის ორგანიზატორები საზოგადოებას დაფინანსებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ მიაწვდიან, ამას თვითონ გააკეთებენ.