ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, რომლეთაც პროტესტის ნიშნად რამდენიმე დღის წინ პირი ამოიკერეს, თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან იმყოფებიან.
მათ საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე კარვების გაშლა სურთ. გიორგი ნეფარიძის თქმით, სურთ, რომ ამერიკის ელჩი მათი პროტესტის შესახებ ინფორმირებული იყოს.
„პუბლიკის“ რეპორტიორის ცნობით, აშშ-ის საელჩო შენობის ეზოში მათ კარვის გაშლის უფლებას არ აძლევს, თუმცა პროტესტის მონაწილეებს საელჩოსთან პროტესტის გასაგრძელებლად ალტერნატიულ ადგილს სთავაზობს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ამ ღამეს სამარშრუტო ტაქსიში გაათევენ, ხვალ კი საელჩოს თანამშრომლებთან შეხვედრას მოითხოვენ.
ამ დროისთვის ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია, რომელიც აქციის შესახებ ინფორმაციას აგროვებს და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, რომელიც 8 მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებს.
უკვე მეათე დღეა, ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში ქალები შიმშილობენ, ხოლო მეშვიდე დღეა, პირი ამოიკერეს. 5-მა ადგილობრივმა პროტესტის ამავე ფორმას რამდენიმე კვირის წინ მიმართა.
შუქრუთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად სოფელში ცხოვრება შეუძლებელი ხდება; ზიანდება სახლები, ნიადაგი და ნაკვეთები; იკარგება საერთო სავარგულები, ბუნებრივი თუ მატერიალური რესურსი. ისინი მოითხოვენ, ანაზღაურდეს შუქრუთის მოსახლეობის ზარალი ისე, რომ მათ სხვაგან გადასვლა და ცხოვრება შეძლონ. მოსახლეობა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ყურადღებასა და მედიატორის როლის შესრულებას მოითხოვს.
პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთში აუდიტმა უნდა შეაფასოს მათი სახლები, მიწის ნაკვეთები და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ მადნის მოპოვების სამუშაოების შედეგად მათთვის მიყენებული ზარალი აანაზღაუროს.
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ უარყოფს ინფორმაციას, თითქოს სამუშაოების მწარმოებელი კომპანია აზიანებს სოფელ შუქრუთის მოსახლეობას და უარს ამბობს ზარალის ანაზღაურებაზე. მათი თქმით, ამგვარი ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
მიუხედავად ამისა, 20 მაისს კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ კონტრაქტორი კომპანია შპს „შუქრუთი +“ მზად არის, სოფელ შუქრუთის რამდენიმე გაფიცული მოსახლის მოთხოვნა საცხოვრებელი სახლების შეფასების პროცესში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ჩართულობასთან დაკავშირებით დააკმაყოფილოს მხოლოდ იმ პირობით, თუ ამ მოსახლეებთან ზიანის ანაზღაურების შესახებ ჩიხში შესული მოლაპარაკება გადავა სამართლებრივ სივრცეში და წარმოქმნილ შეუთანხმებლობას გადაწყვეტს მართლმსაჯულება.