„პირი ამოვიკერეთ, რადგან სათქმელი აღარაფერი გვაქვს. რაღა ვთქვათ“

ქრისტინე მუჯირი

უკვე მეექვსე დღეა, ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში ქალები შიმშილობენ, ხოლო მესამე დღეა, პირიც ამოიკერეს. ისინი ამ ფორმით შეუერთდნენ თანასოფლელების პროტესტის უკიდურეს ფორმას. 5-მა ადგილობრივმა პროტესტის ამავე ფორმას რამდენიმე კვირის წინ მიმართა.

ია ასანიძე, რომელსაც პირი მესამე დღეა, ამოკერილი აქვს, ამბობს, რომ აქამდე შიმშილობისა და პირის ამოკერვის ნებას კაცები არ აძლევდნენ, ამიტომ ქალებმა პროტესტის ნიშნად პირი ჩუმად ამოიკერეს.  ამბობენ, რომ მათ პროტესტს სახელმწიფოს მხრიდან ჯერ არავინ გამოხმაურებია.

შუქრუთელები „მთის ამბებთან“ ჰყვებიან თავიანთ წუხილსა და მოთხოვნებზე.

„გუშინ ვეხვეწებოდი ბიჭებს, ვემუდარებოდი, დავუჩოქე, რომ წყალი დაელიათ და ძლივს დალიეს. ამის ყურება, რომ ისინი ასე კვდებიან… რაც შემიძლია, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს სიკვდილი ავაცილო თავიდან“, – ამბობს ია ასანიძე.

შუქრუთში პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას რამდენიმეთვიანი უწყვეტი პროტესტი უძღოდა წინ.

შუქრუთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად სოფელში ცხოვრება შეუძლებელი ხდება; ზიანდება სახლები, ნიადაგი და ნაკვეთები; იკარგება საერთო სავარგულები, ბუნებრივი თუ მატერიალური რესურსი. ისინი მოითხოვენ, ანაზღაურდეს შუქრუთის მოსახლეობის ზარალი ისე, რომ მათ სხვაგან გადასვლა და ცხოვრება შეძლონ.

მოსახლეობა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ყურადღებასა და მედიატორის როლის შესრულებას მოითხოვს.

ია ასანიძე ამბობს, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“ ძირი გამოუთხარა სოფელს, რამაც სახლები  დააზიანა. მისივე თქმით, მათ საცხოვრებელ გარემოში უკვე შეუქცევადი პროცესი მიმდინარეობს და სწორედ ამის გამო მოითხოვენ შესაბამის კომპენსაციას.

„ჯერ ის, რომ ჩუმად შევიდა და გამოუთხარა ძირი სოფელს. ფული რომ გქონდეს, სახლს ვეღარ ააშენებ. ეს ტრაგედიაა. გვდევნიან ჩვენი სოფლიდან და გვდევნიან სამართლებრივადაც იმის გამო, რომ უკვე შეუქცევადი პროცესიდან ფულს ვითხოვთ. უკან დასახევს არ გვიტოვებენ. ბოლომდე ვაპირებთ შეწირვას იმიტომ, რომ მაინც შეწირულები ვართ“, – ამბობს ასანიძე.

თამარ კუპატაძე ამბობს, რომ მამაპაპეული მიწისა და სახლ-კარის დაცვა  ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად უწევთ, მაგრამ, მისივე თქმით, ბრძოლის სხვა ბერკეტი აღარ დარჩათ.

„[პირის ამოკერვა] გადაწყვეტილი გვქონდა მას შემდეგ, რაც ბიჭებმა დაიწყეს შიმშილობა და 10 დღის განმავლობაში, როცა ყურადღება არ მიაქციეს, ჩავერთეთ ჩვენც, ქალები. მივალთ ბოლომდე. ან სიკვდილი, ან სიცოცხლე. ეს ორი გზა არის ჩვენთვის დარჩენილი.  ნუთუ, საქართველოს ჰყავს იმდენი ადამიანი, რომ ასე შიმშილობისთვის ვწირავდეთ იმის გამო, რომ თავის კუთვნილს ითხოვენ?“, – ამბობს თამარ კუპატაძე „მთის ამბებთან“.

როგორც ვერა კუპატაძე ამბობს, პრობლემა მთელ შუქრუთსა და ჭიათურას ეხება და რომ შუქრუთის გარდა, კიდევ 14 სოფლის მოსახლეობა იმავე მდგომარეობაშია. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ხალხს აშინებენ და ამ მიზეზით არიან ჩუმად. აღნიშნავს, რომ მასაც დაურეკეს და დაემუქრნენ.

„ჩვენც გვეშინია. გუშინაც დამირეკა მუქარით ვიღაცამ. გუშინაც შემაშინეს ჩემი ოჯახის წევრით. ისეთი სიბილწე მითხრეს, ისეთი სიბილწე, რომ ყურში არ გაიშვებოდა. ეს დაშინება არ არის? მუქარა არ არის? როგორც ჩანს, ამიტომ არ გამოდის ხალხი და ამიტომ ვჩანვართ მხოლოდ ეს 10 ოჯახი“, – ამბობს ვერა კუპატაძე.

ია ასანიძის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან მათ პროტესტს არავინ გამოხმაურებია. ამბობს, რომ მოშიმშილეები მძიმე მდგომარეობაში არიან

„ჯერჯერობით, არანაირი მცდელობა არ არის სახელმწიფოსგან. იმედია, ცოცხლებს მოგვისწრებენ. ბიჭები მძიმე მდგომარეობაში არიან. არ ვიცი, რამდენ ხანს შეძლებენ და რამდენ ხანს იცოცხლებენ. სწორედ მათმა მძიმე მდგომარეობამ მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე, რომ იქნებ ამ პრეცედენტმა, რომელიც ჯერ არ მომხდარა შედეგი გამოიღოს. მე მიმაჩნია, რომ რაც სათქმელი იყო, უკვე ვთქვი და პირი ამიტომ ამოვიკერე. რაღა ვთქვა რა, სათქმელი არაფერი აღარ მაქვს“, – ამბობს ია ასანიძე „მთის ამბებთან“ ინტერვიუში.


პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთში აუდიტმა უნდა შეაფასოს მათი სახლები, მიწის ნაკვეთები და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ მადნის მოპოვების სამუშაოების შედეგად მათთვის მიყენებული ზარალი აანაზღაუროს.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ უარყოფს ინფორმაციას, თითქოს სამუშაოების მწარმოებელი კომპანია აზიანებს სოფელ შუქრუთის მოსახლეობას და უარს ამბობს ზარალის ანაზღაურებაზე. მათი თქმით, ამგვარი ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

მიუხედავად ამისა, 20 მაისს კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ კონტრაქტორი კომპანია შპს „შუქრუთი +“ მზად არის, სოფელ შუქრუთის რამდენიმე  გაფიცული მოსახლის მოთხოვნა  საცხოვრებელი სახლების შეფასების პროცესში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ჩართულობასთან დაკავშირებით დააკმაყოფილოს მხოლოდ იმ პირობით, თუ ამ მოსახლეებთან ზიანის ანაზღაურების შესახებ ჩიხში შესული მოლაპარაკება გადავა სამართლებრივ სივრცეში და წარმოქმნილ შეუთანხმებლობას გადაწყვეტს მართლმსაჯულება.

ჯანო ლაბაძე, რომელიც ერთ-ერთია მათ შორის, ვინც პირი ამოიკერა,  „პუბლიკასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მათთვის მიუღებელია კომპანიის შეთავაზება, ვინაიდან სასამართლო დავა წლები შეიძლება გაგრძელდეს, მათ კი ალტერნატიული საცხოვრებელი დროულად სჭირდებათ, რადგან მალე შესაძლოა, ღია ცის ქვეშ დარჩნენ.

„არის პრაქტიკა, რომ სასამართლოში მაგათთან დავა გრძელდება წლები. ჩვენ კი ღია სივრცეში დავრჩებით მალე. ჩვენ არ გვაქვს ორი და ან სამი საცხოვრებელი. სასამართლოს ეზოში ხომ გავათენებთ ღამეებს? ჩვენ გვჭირდება ალტერნატიული საცხოვრებელი და ამისთვის ვიბრძვით. მაგათ გამო ვართ დაზარალებულები. ჩვენ სასამართლოში რომ წავიდეთ, მაგის დრო ფიზიკურად არ გვაქვს. არ ვეთანხმებით ამ შემოთავაზებას“, – განაცხადა ჯანო ლაბაძემ.

მისივე ცნობით, მოშიმშილეების, მათ შორის ერთი ქალის, ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე მძიმეა.