„მითების დეტექტორმა” მოამზადა მიმოხილვა ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტთან დაკავშირებით. მათი თქმით, 23-26 მაისის პერიოდში, როდესაც ჰესის წინააღმდეგ აქცია თბილისში იმართებოდა, აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების დისკრედიტაციის მიზნით სხვადასხვა კომენტარი კეთდებოდა.
„მითების დეტექტორი” წერს, რომ დაკვირვების პროცესში გამოავლინეს სახელისფულებო და სპეციალურად ნამახვანჰესის პროტესტის დისკრედიტაციისთვის შემქნილი ფეისბუქგვერდები, ასევე ულტრამემარჯვენე აქტორები, რომლებიც პროტესტის საწინააღმდეგო სხვადასხვა შინაარსის მესიჯებს ავრცელებდნენ. ამასთანავე, აქციის საწინააღმდეგო პოსტები „ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებულმა 2 გვერდმაც გამოაქვეყნა.
მათივე თქმითმ, ხელისუფლების ოპონენტების მადისკრედიტირებელი გვერდი „შუბლის ძარღვ გაწყვეტილები”, ასევე ანტილიბერალური გვერდი „ბავშვთა უფლებათა დაცვის საზოგადოება” და რელიგიური შინაარსის გვერდები „დიდ ხარ შენ უფალო” და „ქრისტიანთა კავშირი” რიონის მცველების საწინააღმდეგო პოსტებს ასპონსორებდნენ.
გთავაზობთ „მითების დეტექტორის” მიმოხილვას:
„აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სახელისუფლებო ფეისბუქ გვერდების მიერ კოორდინირებულად გავრცელდა ვიდეო, რომლის აღწერის მიხედვითაც, აქციის მონაწილეებმა სასწრაფოს გზა არ დაუთმეს, რის გამოც მათ მოქალაქე დაუპირისპირდათ. ვიდეოს ბოლო კადრში ჩანს, რომ სასწრაფო გადაადგილებას იწყებს და ვიდეოს ავტორი გადაღებას წყვეტს. თავდაპირველად 25 მაისს 20:48 საათზე ვიდეო ფეისბუქ გვერდმა Video Digest გაავრცელა. 6 წუთის განმავლობაში ვიდეო გამოჩნდა გვერდებზე „შუბლის ძარღ გაწყვეტილები” და „ტერენტი გლდანელი”. 22:06 საათზე კი ვიდეო პროტესტის მონაწილეების დისკრედიტაციის მიზნით 2020 წლის დეკემბერში შექმნილმა გვერდმა – „რიონის ხეობის ახალგაზრდული მოძრაობა” გაავრცელა.
„შუბლის ძარღვ გაწყვეტილები” ოპოზიციის საწინააღმდეგო დისკრედიტაციის შემცველი პოსტების გასავრცელებლად ფეისბუქის რეკლამებს ხშირად იყენებს, 25 მაისს კი ნამახვანჰესის პროტესტის მონაწილეების წინააღმეგ გავრცელებული ეს ვიდეოც დაასპონსორა.
ვარლამ გოლეთიანის 26 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებული გამოსვლა და მისი ინტერპრეტეცია
24 მაისს ვარლამ გოლეთიანის განცხადებას 26 მაისის დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გოლეთიანმა ხალხს მოუწოდა, რომ დამოუკიდებლობის დღეს ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტს შეერთებოდნენ და არა სადღესასწაულო აღლუმს, გოლეთიანმა აღნიშნა ისიც, რომ საპროტესტო ტალღა თავისუფლების მოედნისკენ დაიძვრებოდა.
25 მაისს გოლეთიანმა განმარტა, რომ ღონისძიების ჩაშლას არავინ არ აპირებდა და თავის განცხადებაში სხვა რამეს გულისხმობდა.
ვარლამ გოლეთიანი, აქციის ორგანიზატორი: „ეს არ იყო ნაგულისხმევი ჩემს სიტყვებში, რასაც მოჰყვა დიდი სპეკულაცია ამ მიმართულებით, თითქოს ხელს ვუშლით ღონისძიების ჩატარებას. საუბარია იმაზე, რომ როდესაც ხელისუფალი ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს თმობს, ვის სასარგებლოდ ეს ჯერ კიდევ გაუგებარია და არაა ეროვნული ინტერესების გამტარი, არ ითვალისწინებს სახალხო ნებას, უბრალოდ, გაუგებარია, რატომ უნდა მივიდეს ამ ჩინოვნიკის მოსასმენად კონკრეტულად თავისუფლების მოედანზე ადამიანი”.
გოლეთიანის განცხადებას სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება და მისი ნათქვამის ინტერპრეტირება მოჰყვა. ფეისბუქ გვერდმა „ქართული გენი უკვდავია” გოლეთიანის განცხადება გიორგი კვინიტაძის შეურაცხყოფად წარმოაჩინა. გვერდმა „სიმართლის მცველები” კი 26 მაისის ჩაშლა და ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტი ისეთ რადიკალურად ანტილიბერალურ ჯგუფებს დაუკავშირა, როგორებიცაა „ქართული მარში,” „ქართული მისია” და „ერი”…
ფეისბუქგვერდების გარდა, გოლეთიანის 26 მაისთან დაკავშირებულ განცხადებას სახელისუფლებო ანალიტიკოსი ირაკლი ლატარიაც გამოეხმაურა, მან აღნიშნა, რომ რომ 26 მაისის ჩაშლა „ნაცებსაც” არ უკადრებიათ და აქციის მონაწილეების ეს ნაბიჯი მათ დესტრუქციულობაზე მიუთითებდა. ლატარიას ეს პოსტი მოგვიანებით მედიასაშუალება gtmedia.ge-მაც გამოაქვეყნა. ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ 26 მაისის პარალიზებას სამებაში დასვენებული გიორგი კვინიტაძე გახსენებით გამოეხმაურა და ამ დღეების განამვლობაში ერს სხვა დღის წესრიგით ცხოვრებისკენ მოუწოდა.
მაკა სულაძის განცხადება და ულტრამემარჯვენე ჯგუფების გამოხმაურება
ეკლესიისა და ულტრამემარჯვენე რადიკალური ჯგუფების მხრიდან განსაკუთრებით დიდი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა პროტესტის ერთ-ერთი ლიდერის მაკა სულაძის გამოსვლას იმის შესახებ, რომ თბილისში აქციაში მონაწილეობის დროს სხვა რელიგიის წარმომადგენლებისადმი პატივისცემის ნიშნად მან თავისი დიდი ჯვარი მოიხსნა. სულაძის ეს განცხადება ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების წარმომადგენლების გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილების მეირ სამოქალაქო აქტივისტების სალომე ბარკერისა და ზუკა ბერძენიშვილის ლგბტქ+ სამკლაურის გამო აქციიდან გაძევებას მოჰყვა.
მაკა სულაძის განცხადება ჯვრის გმობად შეაფასა სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა და აქციის მონაწილეებს ჯვრის გმობისა და „სოდომ-გომორის ცოდვის მიმართ „მიმღებლობითი დამოკიდებულების” გამო მონანიებისკენ მოუწოდა. მეუფე სპირიდონის ეს ქადაგება 30 მაისს ფეისბუქ გვერდმა „დიდ ხარ შენ უფალო” გამოაქვეყნა. გვერდი 2015 წლიდან მოქმედებს. ამ დროისთვის სხალთის ეპისკოპოსის ქადაგების ვიდეო ერთადერთია, რომლის გავრცელებისთვისაც ფეისბუქის რეკლამირების ფუნქცია გამოიყენეს.
სხალთის ეპისკოპოსის ჩანაწერი ფეისბუქ გვერდზე „მოძრაობა ძლევაი საკვირველი” შემდეგი წარწერით გამოქვეყნდა: „ჯვრის მგმობელი ლიბერასტ-ნამოხვანელების მხილება მეუფე სპირიდონის მიერ”. ფეისბუქ გვერზე განთავსებულია მაკა სულაძის განცხადებაც, რომლის აღწერაში ნათქვამია, რომ ნამოხვანელები „ულტრა-ლიბერალები” ყოფილან.
სხალთის ეპისკოპოსის ქადაგება ასევე განთავსებულია გვერდებზე: თურქეთი ოკუპანტია და ფალავანდიშვილებთან დაკავშირებულ Zneoba.ge-ზე.
მაკა სულაძის განცხადებას ლევან ვასაძის პარტიასთან დაკავშირებული ტელევიზია „ალტ-ინფოს” ეთერში პრიმაკოვის სახელობის ფონდის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძეც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მაკა სულაძემ „მკრეხელური აქტი” ჩაიდინა და მას საჯარო მონანიებისკენ მოუწოდა.
გურამ ფალავანდიშვილის მიერ დაარსებული „ბავშვთა უფლებებისდაცვის საზოგადოების” ფეისბუქ გვერდზე მაკა სულაძესთან დაკავშირებით ორი პოსტი გამოქვეყნდა. პირველ მათგანში გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები წერენ, რომ პროტესტის მონაწილეები „ლგბტ აქტივისტების გულის მოსაგებად” ჯვარს გაემიჯნენ და ეს საქციელი უნდა მოინანიონ.
ოპოზიციური გვერდები აქციის მონაწილეების შესახებ – „ნამახვან ჰესის” მოწინააღმდეგეების დისკრედიტაციის მიზნით მიკროფონის რუსულ წარწერას უსვამდა ხაზს ფეისბუქ გვერდი „ექვთიმე ბიძინაშვილი”, რომელიც ძირითადად „ქართული ოცნების” საწინააღმდეგო ფოტოებს აქვეყნებს და ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირდება.
კიდევ ერთი ოპოზიციური გვერდი „ლურჯი ვირი” ავრცელებდა ფოტოს, რომელზეც საფულე იყო ასახული, საფულეში კი ჯვარცმის ხატი და პრეზერვატივი „სიკო” ერთდროულად ჩანდა. ტექსტში აღნიშნული იყო, რომ საფულე აქციაზე დაიკარგა”, – ვკითხულობთ მიმოხილვაში.
სრულად იხილეთ ბმულზე;