შენიღბული კამპანია გააქტიურდა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტების დისკრედიტაციისთვის - ISFED

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED სოციალური მედიის მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს.

გავრცელებულ ინფორმაციაში ყურადღება გამახვილებულია სოციალურ მედიაში ცრუ (ყალბი) მხარდამჭერ ანგარიშებზე, რომელიც პოლიტიკური დისკრედიტაციის ერთ-ერთ იარაღად გვევლინება და მიზნად ისახავს მომხმარებლების დაბნევას, შეცდომაში შეყვანასა და დეზორიენტაციას.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ უკანასკნელ პერიოდში, შენიღბული კამპანია განსაკუთრებით გააქტიურდა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტების დისკრედიტაციის მიზნითაც.

„შენიღბული მხარდამჭერი კამპანიის მიზანი, სხვადასხვა ყალბი გზავნილით, პროტესტის მხარდამჭერთა დეზორიენტაციაა, მათ შორის, აქტივისტებსა და პრორუსული კურსის პოლიტიკოს ლევან ვასაძეს შორის კავშირის წარმოჩენით.“

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 23 მაისს თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანზე რიონის ხეობის მცველების მიერ გამართული აქციის შემდეგ ფეისბუქზე ცრუ მხარდამჭერი გვერდების მხრიდან, აქციის მონაწილეთა დისკრედიტაციის მიზნით ყალბი ფოტოებიც გავრცელდა. ასევე, ღიად მადისკრედიტირებელი დასპონსორებული კამპანია წარიმართება ნაციონალისტური გზავნილებით შენიღბულ პროპაგანდისტულ გვერდზე „პატრიოტთა გაერთიანება იბერია“.

„აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 27 აპრილს ყალბმა გვერდმა „მხარდაჭერა რიონის მცველებს“ ფეისბუქზე ამავე სახელწოდების ჯგუფიც შექმნა. 24 მაისის მდგომარეობით, ჯგუფში 698 მომხმარებელია გაერთიანებული. გვერდზე განთავსებული პოსტები აქტიურად ზიარდება მოცემულ ჯგუფშიც, რაც სამიზნე აუდიტორიის მეტად ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.“

ანგარიშის სრული ვერია იხილეთ ბმულზე.