გურამ გეგეშიძის უკანასკნელი რომანი „ნათლისქრობა“, რომელიც 2011 წელს გამოსცა „ინტელექტმა“, ასრულებს მწერლის იმ ისტორიული რომანების სერიას, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისიდან მის ბოლო ხანებამდე საქართველოს ისტორიას ასახავს და ჩვენს ქვეყანაში კომუნისტური ბატონობის ერთგვარ პირუთვნელ მხატვრულ მემატიანედ გვევლინება.
წიგნს გარეკანზე ახლავს ნუგზარ წერეთლის მოკლე ანოტაცია, რომელიც „ნათლისქრობას“ ასე გაგვაცნობს და გვამცნობს:
„ეს არის დამამთავრებელი წიგნი გურამ გეგეშიძის მიერ შექმნილი რომანების ციკლის, XX საუკუნის მხატვრულ მატიანეს რომ წარმოადგენს. „ ხმა მღაღადებლისა“, „სისხლის წვიმები“, „ნაცრის კოშკი“ და უკვე „ნათლისქრობა“ – ეს არის დიდი მწერლის მიერ უაღრესად მაღალი ოსტატობით შექმნილი ფართო ტილო, ჩვენი ერის უკანასკნელი 150 წლის ცხოვრებისა და ჭირ-ვარამის ამსახველი. ამ მხრივ მას შესაძლოა ანალოგი არც მოეძებნება.“
ნუგზარ წერეთლის აქ გამოთქმულ მოსაზრებას ჩვენ მხოლოდ ნაწილობრივ ვეთანხმებით იმაში, რომ გურამ გეგეშიძის მწერლური მოღვაწეობა შეიძლება შეფასდეს ყველაზე აღმატებითი ეპითეტებით და მათ შორის, მასთან მიმართებით არც ძალზე მკვეთი ეპითეტის „დიდის“ გამოყენება უნდა გვეხამუშოს, რადგან გურამ გეგეშიძის პროზა, დღესდღეობით ძალზე უსამართლოდ გვერდზე გაწეული, სამომავლოდ თავის ნამდვილ მნიშვნელობას შეიძენს და ჩვენ წინაშე მთელი დიდებულებით წარდგება მწერალი, რომლის ბადალიც საქართველოსა და ქართული ლიტერატურის ისტორიას ბევრი ნამდვილად არ ჰყოლია, მაგრამ თვითონ გურამ გეგეშიძეს ისეთი წინამორბედები ჰყავდა, რომელთა აღუნიშნაობაც სწორი ნამდვილად არ იქნებოდა და, პირველ რიგში, თვითონ გეგეშიძის პროზის მხატვრული მარკერების სწორად გაგებისა და შეფასებისათვის.
არ ვიცი, თვითონ გურამ გეგეშიძეს სადმე აქვს თუ არა აღნიშნული, მაგრამ, წესით, მისი დონის მწერალი თავისი უშუალო წინამორბედისა და ერთგვარი ბიძგის მიმცემის დასახელებას მაინც არ უნდა მორიდებოდა: იმდენად დიდია ოთარ ჩხეიძის ზეგავლენა გეგეშიძის მხატვრულ სამყაროსა და იდეურ მიზანდასახულებაზე, რომ თვითონ გეგეშიძეც არ დამალავდა ამ ფაქტს, პირიქით, შესაძლოა, ერთგვარად ეამაყა კიდევაც, რადგან რეალურად ოთარ ჩხეიძის ასეთი „გაგრძელება“ უკვე თვითონ არის დიდი ნიჭიერებისა და შემოქმედებითი გაქანების საუკეთესო დასტური.
ოთარ ჩხეიძის გავლენა უპირველესად გულისხმობს იმ შემოქმედებითი მეთოდის ათვისებას და განვითარებას, რომელიც კრიტიკული რეალიზმის პრინციპებს ეფუძნება და ამ მხრივ თვითონ ოთარ ჩხეიძის წინამორბედებად ქართულ ლიტერატურაში ვასილ ბარნოვი და მიხეილ ჯავახიშვილი გვევლინებოდნენ, ოთარ ჩხეიძის შემდეგ კი, ჩვენი აზრით, თითქმის არ დარჩენილა მწერალი, ვისაც მისი მხატვრული მეთოდით აღძრული ბიძგი არ შეუგრძნია თავის შემოქმედებაში: ზოგს მეტად, ზოგს ეგებ უფრო ნაკლებად, აი, გეგეშიძესთან კი ეს ყველაფერი სცდება ზედაპირულ გავლენასა და უბრალო ბიძგებს და იგი თავისი რომანებით ოთარ ჩხეიძის საუკეთესო მოწაფედ გვევლინება. ნუ შეგვაშინებს ასეთი დეფინიცია. ეს არაფერს აკლებს ნამდვილად დიდ ოსტატს გურამ გეგეშიძეს, პირიქით, მცოდნის თვალში ეგებ დამატებითი ღირსებაც კი შესძინოს, აი, ლიტერატურის მკვლევრებს კი საქმეს მართლაც გაუიოლებს, რადგან ჩვენ სწორედ იმის გამო, რომ გავლენა დამაკნინებელი სიტყვა გვგონია, ზოგადად ძალიან ვერიდებით მხატვრული ხაზების განვითარების: საწყისის- გამგრძელებლის – სრულმყოფლის – გამოკვეთას და ამიტომაც მოიკოჭლებს ჩვენი კრიტიკა, შიდასალიტერატურო პროცესების ტიპოლოგიური კვლევის თვალსაზრისით.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, რა თქმა უნდა, გავლენა სრულებითაც არ გულისხმობს ოთარ ჩხეიძის ზუსტ და უცდომელ კოპირებას. ასეთი რამ შეუძლებელია ისევე, როგორც ოთარ ჩხეიძე არ ყოფილა ვასილ ბარნოვისა და მიხეილ ჯავახიშვილის პირდაპირი ასლი.
წარმოუდგენელია იმ ენობრივი არტისტიზმის ისე სრულყოფილად გამეორება, რის ამოფრქვევასაც ვხედავთ ოთარ ჩხეიძის რომანებში.
გურამ გეგეშიძის ენა, პირიქით, ძალიან „დამიწებულია“, ყოველგვარ ზედმეტ სტილურ ჩაღრმავებებს მოკლებული. ის კი არა, აქ საქმე გვაქვს ერთგვარ ეკლექტიზმთან. მწერალი თითქოს ისე უყურადღებოა თავისი საქმის ამ მხრისადმი, რომ ფრაზა თითქმის თვითდინებაზე აქვს მიშვებული. ამიტომ აქ ერთმანეთის გვერდიგვერთ შეიძლება შეგხვდეს, ვთქვათ, ჟარგონი, ბარბარიზმი და არქაიზმი ან ისეთი სიტყვები, რომელთაც არქაიზაციის ელფერი გადაჰკრავთ.
ცხადია, თხრობას წარმართავს გარკვეული შინაგანი რიტმი, მაგრამ ისეთი სუსტია მისი მაჯისცემა, რომ ხანდახან მკითხველს ამ უშნო ღონწიალით ლამისაა ილაჯი გადაუწყდეს.
ეს დუნე ფრაზები ზოგჯერ ისეთ შთაბეჭდილებასაც ახდენს, თითქოს ორიგინალური ლიტერატურის ნიმუშს კი არა, ვთქვათ, მეოცე საუკუნის სამოციან წლებში რუსულიდან ქართულად თარგმნილ რომელიმე კლასიკოსის, ბუნინის ან ჩეხოვის მოთხრობას კითხულობდე: როცა ენა შენი მშობლიურია, მაგრამ თითქოს რაღაც (დავარქვათ ამას ზოგადად „ფრაზის მოუხეშაობა“) მასთან მაინც საკმაოდ გაუცხოებს და ეს განცდა მიგყვება წიგნის დაახლოებით 30 გვერდამდე.
უფრო რომ გამოიკვეთოს, რას ვგულისხმობ ენის ეკლექტურობაში, რომანიდან ერთ ფრაგმენტს დავიმოწმებ, რაც წიგნის თითქმის დასაწყისშივე გვხვდება და მთავარი პერსონაჟის ფიქრს მიეწერება, სინამდვილეში კი მწერალი უკვე თავიდანვე გვაცნობს თავის პოზიციას გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით:
„მართლა სტალინის სიყვარული ამოძრავებდა ამ ხალხს? ბევრი ამტკიცებდა სტალინისადმი ახალი ხელისუფლების ამ უარყოფით დამოკიდებულებას მთელი ქართველებისადმი უპატივცემულობად აღიქვამენო და ეს პროტესტი ეროვნული თავმოყვარეობის მიჩქმალული, ქვეცნობიერი გამომჟღავნება გახლავთო. მეორე მხრივ, ეს ხალხი აშკარად თანაუგრძნობდა მსოფლიოს ერთ-ერთ უსასტიკეს დიქტატორს. ასე იყო თუ ისე, გიორგის მაინც არ მოსწონდა, რაც ქალაქში ხდებოდა ამჟამად. სტიქიური მიტინგები, დემონსტრაციები, თავისუფლების სულით სუნთქვა დამყაყებული, უმოძრაო რუტინის წინააღმდეგ ამბოხების ნიშანს წარმოადგენდა და მის გამომწვევ საბაბს ყურადღებას არ აქცევდა.“
როგორც ფრაგმენტიდანაც შენიშნავდით, მწერალი რეპორტიორივით, უფრო სწორად, პუბლიცისტივით მსჯელობს პრობლემაზე და თითქოს წინასწარ გვაძლევს ყველა იმ ამბის იდეურ და სააზროვნო გასაღებს, რაც შემდგომ უამრავი კოლიზიის მეშვეობით იხატება.
ჩემი აზრით, ასეთი ჟურნალიზმები ამ რომანის მთავარი ნაკლია, რაც მას მეცხრამეტე საუკუნის ქართული პროზის ისეთ ეტაპთან ანათესავებს, რომელიც ჩვენმა პროზამ უკვე კარგა ხანია გაიარა, რომ აღარაფერი ვთქვათ მსოფლიო რომანის განვითარების ტენდენციებზე (ვთქვათ, ვიქტორ ჰიუგოს თავისთავად ბრწყინვალე რომანებში ჩართულ სამეცნიერო ოპუსებსა თუ ვრცელ ისტორიულ ექსკურსებზე), რომლებიც დღეს უკვე ღიმილისმომგვრელად და უინტერესოდ გამოიყურება და მკითხველს მათი აღქმა უჭირს, რადგან მთავარი სათქმელიდან და ნაწარმოების მთლიანი არქიტექტონიკიდან გაუცხოებულად ეჩვენება.
თუმცა, როგორც ვთქვი, თუ მოთმინებით მიჰყვებით წიგნის თავდაპირველ ოცდაათ გვერდს, წინ დიდი და მართლა საინტერესო სამყარო გელოდებათ.
მთავარი სწორედ ეს ოცდაათი გვერდია, რადგან თუ გაუძელი და გაუგე გურამ გეგეშიძის ამ ეკლექტიზმს, მერე და მერე მასში მართლა უდიდეს მწერალს აღმოაჩენ და ხვდები, ენის ასეთი ეკლექტურობა სწორედ ამბავთა და არა მხოლოდ ერთი ცენტრალური ამბის უკიდურესი დეტალიზებით არის შეპირობებული.
გურამ გეგეშიძე „სიუჟეტის მწერალია“ და ეს არის მისი შემოქმედებითი პოზიცია იმ დროს, როცა თანდათან ქრება კლასიკური რომანი და მის ადგილს ან მცირე ფორმატის ოპუსები, ანდა ინტელექტუალური მსჯელობებით გადავსებული ნაწერები იკავებს.
გეგეშიძე კი ამ მხრივ ბოლო რომანშიც ერთგულია თავისი შემოქმედებითი მანერისა და საქართველოს ისტორიის კონკრეტული პერიოდის უმდიდრეს პანოს ხატავს. ოღონდ, ისტორიული მოვლენები აქ მხოლოდ ფონია და ეს ყველაფერი პერსონაჟების ურთულესი ხასიათების, მძაფრი დრამატული კოლიზიებისა და ადამიანთა არაერთგვაროვანი ურთიერთობების ოსტატური გადმოცემით იხატება. ეპოქის საერთო სულისკვეთება, მისი ყოფითი ხასიათი კი ზოგჯერ, ერთი შეხედვით, ისეთი უმნიშვნელო დეტალით არის მოცემული, როგორიცაა ტრამვაი და მთავარი გმირის, სტუდენტი ბიჭის, ტრამვაიზე ჩამოკიდება იმის გამო, რომ ბილეთის საყიდელი ფული (გროში, ხუთკაპიკიანი თუ ორკაპიკიანი) არ გააჩნია.
რომანი 1956 წლის მარტის საპროტესტო გამოსვლების აღწერით იწყება.
საქართველოს ისტორიის ეს ტრაგიკული მოვლენა კომუნისტების მმართველობისას საგულდაგულოდ იყო მიჩუმათებული.
მით უმეტეს მხატვრულ ლიტერატურაში, საბჭოთა ცენზურის პირობებში, ამ მოვლენების და, კერძოდ – 1956 წლის 3 მარტის სისხლიანი დარბევის, ასახვა ნამდვილ გმირობას უტოლდებოდა და, იქნებ ვცდები, მაგრამ გაგანია კომუნიზმის დროს ამ თემაზე დაწერილი და გამოცემული ერთადერთი რომანი ისევ ოთარ ჩხეიძის „გამოცხადებაი“ მახსენდება, ამიტომაც, ნებსით თუ უნებლიეთ, გურამ გეგეშიძის „ნათლისქრობის“ საერთო სულისკვეთებასა და მხატვრულ კონცეფციასაც ისევ ოთარ ჩხეიძის სტილსა და მსოფლხედვასთან ვაკავშირებ და ეგებ, თვითონ მწერლის შეფარული სურვილის შესაბამისადაც, მისი რომანის გმირი გიორგი უნდილაძე ოთარ ჩხეიძის „გამოცხადებაის“ ლენტოს მომაგონებს.
მიუხედავად იმისა, რომ „ნათლისქრობის“ გიორგი უნდილაძე კომუნისტების მიერ გაჟუჟული თავადაზნაურობის ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანი, „გამოცხადებაის“ ლენტო რთველიაშვილი კი ერთი უბრალო ბიჭია, მათი საფიქრალი მსგავსია და აზროვნების ყაიდაც თითქმის ერთმანეთის იდენტური.
ამ ორ რომანს შორის განსხვავება ის არის, რომ ოთარ ჩხეიძის „გამოცხადებაის“ ძირითად ფოკუსში 1956 წლის მოვლენებია მოქცეული, ხოლო გურამ გეგეშიძის „ნათლისქრობაში“ ეს მოვლენები მხოლოდ ბიძგია შემდგომი თხრობის გასაშლელად.
წიგნის დასაწყისში გიორგი უნდილაძე შემთხვევით ხვდება იმ მიტინგზე, რომელსაც სრულიად მოულოდნელად დაარბევენ და ამ დარბევას მისი უახლოესი მეგობარი, ბექა ეწირება.
რეალურად, ეს ამბავი განსაზღვრავს გიორგი უნდილაძის შემდგომ ბედისწერასაც და პიროვნულ ხასიათსაც.
სავსებით სწორად შენიშნავს ქართულ სალიტერატურო სივრცეში „ნათლისქრობის“ შესახებ ჩვენს ამ განხილვამდე გამოქვეყნებული ერთადერთი წერილის ავტორი, თავადაც შესანიშნავი მწერალი ნინია სადღობელაშვილი, რომ გიორგი ტრაგიკული ბედის ადამიანია, რადგან ყველა ახლობელი, მშობლები, ძმა, უახლოესი მეგობარი ეღუპება და ბოლოს მარტო რჩება ამქვეყნად. ამიტომ ის შეიძლება საქართველოს ზოგად სიმბოლოდაც იქნეს გააზრებული, რადგან სახელი გიორგი საქართველოს ასოციაციას უჩენს მკითხველს, თუმცა გვარი უნდილაძე გამოხატავს ვითარების მთელ ქრონოლოგიას.
ხოლო 2019 წელს გურამ გეგეშიძის პროზის თავისებურების შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში დაცულ ანა გოგილაშვილის ბრწყინვალე სადოქტორო დისერტაციაში (ხელმძღვანელი: პროფესორი კახაბერ ლორია) ვკითხულობთ:
„ნინო სადღობელაშვილის მსგავსად, გიორგისა და მწერლის ეროვნული სულისკვეთების გამოსახატავად რომანის ძალიან მნიშვნელოვან ეპიზოდად ჩვენც მივიჩნევთ შემდეგს: როდესაც გიორგი მეგობრებთან ერთად ფიცს დადებს შიომღვიმის მონასტერში, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, ბოლომდე მიიყვანს ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისათვის. ნიშანდობლივია, რომ 1924 წელს, ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრებმაც სწორედ შიომღვიმის მონასტერში დადეს ამგვარი ფიცი, მათი შეთქმულება კი, როგორც ისტორიიდან ცნობილია, ტრაგიკულად დასრულდა. ამის გათვალისწინებით, ბუნებრივია, შიომღვიმის მონასტერში ფიცის დადება ნეგატიურ მოლოდინს უღვიძებს მკითხველს.“
ამ მარჯვე მიგნების კომენტირებისას მორიდებით შევნიშნავ, რომ აღნიშნულ კონტექსტში სიტყვა „ნეგატიურის“ გამოყენება არ მგონია, მართებული იყოს.
„ნათლისქრობის“ სიუჟეტის მთელი განვითარება ამ ორ ეპიზოდს ეფუძნება: 1956 წლის მარტის მიტინგისა და შიო მღვიმეში ფიცის დადების ეპიზოდებს. ეს ორი ეპიზოდი, ჩემი აზრით, ორი ძირითადი მარკერია, რომელიც ეროვნული სულის ამბოხის სხვადასხვაგვარ განვითარებაზე მიგვანიშნებს: ერთი სოციალისტური საბჭოთა ღირებულებების (კოლექტიური სტალინის) მხარდაჭერითა და დაცვით რეალურად ეროვნული ღირსებისათვის გაბრძოლებასა და მეორე – 1924 წლის აჯანყებაზე ირიბი, მაგრამ საკმაოდ მკაფიო ნართაულით – ამ ეროვნული იდენტობისათვის განუწყვეტელ, შეუპოვარ და უშეღავათო ბრძოლაზე.
არც ის არის შემთხვევითი, რომ გიორგი სწორედ შემთხვევით აღმოჩნდება სტალინის დამცველთა მიტინგზე, მაგრამ სწორედ ეს მიტინგი და აქ მომხდარი ტრაგიკული ამბავი გახდება მისთვის ნამდვილ ეროვნულ ღირებულებებთან მისვლის (შიო მღვიმეში ფიცის დადების) საფუძველი.
მე მგონია, რომ გურამ გეგეშიძე სწორედ ასეთ გამართლებას უძებნის 1956 წლის მიტინგს, რომელიც გარეგნულად სტალინის იდეების დასაცავად გაიმართა, მაგრამ, არსით, ეროვნული სულის კიდევ ერთ მკაფიო გამოვლინებად მოგვევლინა.
ამიტომაც რომანის მთელი შემდგომი განვითარება უნდა შეფასდეს, არა როგორც ნეგატიური, არამედ როგორც უაღრესად ტრაგიკული და ეს ტრაგიზმი გამოწვეულია არა იმდენად იმ გარემოებით, რომ ერთი თანამედროვე ქართველი ავტორის წიგნის სათაურს რომ დავესესხო, „ამ რომანში ყველა კვდება“, არამედ იმით, რასაც წიგნის სათაურად უაღრესად დიდი ოსტატობით შერჩეული კომპოზიტი „ნათლისქრობა“ რომანის გადაფურცვლამდეც გვეუბნება.
საერთოდ, იშვიათად მეგულება ასეთი ტევადი, გამომსახველი, ასე ბევრისმთქმელი და დიდი შინაარსობრივი თუ ემოციური კონტექსტების მომცველი სათაური.
„ნათლისქრობა“ სრულად, თავზარდამცემად, რაღაც ძალიან დიდი სინანულითა და სევდით გამოხატავს იმ ყოველივეს, რის შესახებაც წიგნში, 739 გვერდზე გვიყვება მწერალი.
არსებითად, ეს არის ამბავი იმაზე, როგორ ქრება და იღველფება ეროვნული სული, როგორ თვალსა და ხელშუა გველევა და გვემქრევა ყველას ჩვენი წილი სამშობლო დაისის ნათელივით.
რეალურად, ეს, რასაც ჩვენ ვხედავთ, საქართველოს მკრთალი, შორეული ათინათიღაა, რადგან სული, რომელიც ერთ დროს ამ ქვეყანას ქმნიდა, ახლა ნელ-ნელა ისტორიის მთებს მიღმა იწურება ჩამავალ მზესავით…
და მწერალი ბიბლიური იერემიასავით გოდებს და რახელივით დასტირის თავის შვილებს, „რამეთუ იყვნენ და აწ აღარსად არიან…“
ამ ნათლისქრობას სრულიად შემზარავად გამოხატავს ერთი უმთავრესი პარადიგმა, რომელიც გურამ გეგეშიძის აღნიშნული რომანის სწორედ რომანული ეპიზოდების ხერხემალს წარმოადგენს.
ეს არის გიორგი უნდილაძის სხვადასხვა დონისა და სიღრმის სასიყვარულო ურთიერთობები უამრავ ქალთან, რომელთა მეშვეობითაც, წიგნში სხვადასხვა ტიპის ქალების შთამბეჭდავი გალერეაა დახატული და, რეალურად, ეს არის მწერლის ძალზე ფაქიზი ფიქრი ზნეობრივ საზღვრებშემორღვეულ საზოგადოებაში ქალის ტრაგიკულ ბედისწერაზე.
სწორედ ამ ქალებთან ურთიერთობისას ვლინდება გიორგი უნდილაძის უაღრესად ზედაპირული თუ არასერიოზული დამოკიდებულება მომავალთან; ამ დამოკიდებულების შედეგი კი არის ის, რომ მას არც ერთ ამ ქალთან შვილი არ უჩნდება: გიორგი ბერწია, მის სიყვარულს – ნაყოფი, ხოლო ცხოვრებას მომავალი არა აქვს.
აქვე კიდევ ერთხელ დავიმოწმებთ ანა გოგილაშვილის ერთ საინტერესო მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ამ პერსონაჟ ქალთა „სახელების უმრავლესობა ქალის ძველ ქართულ სახელებს მოგვაგონებს, მაგალითად: უტანდარი, მარეხი, მირანდა, მიმოზა. თუმცა მათი ქცევა აბსოლუტურ კონტრასტს ქმნის წინა საუკუნეების ქალის სახე-ხატთან, რომელიც, ერთგვარად, რომანტიზმის მიმდინარეობს გავლენით არის დამკვიდრებული ქართველთა ცნობიერებაში. ვფიქრობთ, მწერლის ეს შეგნებული მცდელობა, სრულიად ახალი კონტრასტული მნიშვნელობით დატვირთოს ძველ ქართველ ქალთა ძველი ქართული სახელები, პოსტმოდერნიზმის ნიშნადაც შეიძლება იყოს გააზრებული. მით უფრო, რომ აშკარაა მიმდინარეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მახასიათებელი – ირონიზაციის პრინციპი და სიძველისადმი ერთგვარად აგდებული დამოკიდებულება“.
ჩვენ მიერ მოხმობილი ამ ციტატის ენობრივი ღვარჭნილობისა და გარკვეული ბუნდოვანების მიუხედავად, ერთ რამეში პრინციპულად ვეთანხმებით მკვლევარს, რომ ქართველ ქალთა ძველი, არქაული სახელების ისეთ ტიპაჟებზე დარქმევით, რომლებიც თუნდაც ამ მათი სახელებისაგან აღძრული ჩვენი მოლოდინისა (თუ მათივე რომანტიზებული ხატის) სრულიად საპირისპიროდ მოქმედებენ, მწერლის მიერ წინასწარ გაცნობიერებული მხატვრული ხერხის ოსტატური მომარჯვებაა, ოღონდ პოსტმოდერნიზმი აქ ნამდვილად არაფერ შუაშია. ამ ხერხს მოდერნისტებიც (მათ შორის, კონსტანტინე გამსახურდია, გრიგოლ რობაქიძე თუ სხვებიც) ხშირად დიდი წარმატებით მიმართავდნენ.
ოღონდ მოდერნისტებისაგან განსხვავებით, სადაც ქალის ზედაპირული და სწორხაზოვანი აღქმა გვხვდება თვალში, გურამ გეგეშიძესთან ქალის არსისა და დანიშნულების ძალიან ფაქიზი, სიღრმისეული, არაერთმნიშვნელოვანი აღქმა გვაქვს მოცემული.
ამ რომანის ღირსებაა მისი ერთ-ერთი მკაფიო ქვეტექსტი: ერის კოლექტიური ტრაგიკული ბედისწერა უპირველსად თავისი ყველაზე შემზარავი ფორმით ქალს ატყდება თავს და მერე სწორედ ქალის ფსიქოტიპი გამოხატავს ეროვნული კატასტროფის რეალურ მასშტაბებს.
უნდა აღინიშნოს, რომ რომანში ეს ყველაფერი ისეთი შინაგანი კულტურით, დიდი მამაკაცური თავდაჭერითა და ჯენტლმენობით არის ასახული, რომ გურამ გეგეშიძე მხოლოდ ამის გამოც ჩემს ღრმა პატივისცემას იმსახურებს.
თანაც საგულისხმოა, რომ მისი პოზიცია არა რომელიმე თანამედროვე მოდური ტენდენციისადმი ანგარიშის გაწევით არის შეპირობებული, არამედ ადამიანის მთელი ცხოვრებიდან, მისი შინაგანი თუ სოციალური კულტურიდან, მთელი ადამიანური კონსტიტუციიდან არის ამოზრდილი.
ამ ფონზე საგულისხმოა, რომ რომანის იმედიანი ფინალიც ირიბად, სწორედ ქალთან არის დაკავშირებული. მთელ ამ ნათლისქრობაში, მთელ ამ ბინდბუნდში ბოლოს ნამდვილი სხივი გამოკრთება – გიორგის გარდაცვლილი ძმის უკანონო შვილი, გოგონა იბადება, რომელსაც სახელად ნათელას დაარქმევენ და ამით მწერალი, ფაქტობრივად, გვამცნობს, რომ ქვეყნის მომავალი, თუკი ასეთი რამ ამ აწეწილ სინამდვილეში მართლაც არსებობს – ახალთაობასთან და თან – სწორედ გოგონასთან, ქალთან არის დაკავშირებული. თანაც, ეს მომავალი შესაძლებელია სწორედ ყველა კანონიერი (ლოგიკური) კავშირის რღვევითა და ღვთიური კანონზომიერების აღსრულების შედეგად მოგვეცეს.