„ანას ბაღის“ ერთ-ერთ დამცველს, გიორგი ფხალაძეს სასამართლომ 900-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. როგორც „პუბლიკასთან” ფხალაძე ამბობს, კომპანიის 3 წარმომადგენელი კი სასამართლომ 700-700 ლარით დააჯარიმა.
„მცემეს, შეურაცხყოფა მომაყენეს და კიდევ მე დამაჯარიმეს 900 ლარით. წვრილმან ხულიგნობაზე, 166-ე მუხლით. ვინც მცემა და დედა მაგინა – სამი პიროვნება 700-700 ლარით დააჯარიმეს. მე, რომელსაც მომხდვა, მაგინეს და გადამიარეს, 900 ლარი. არ ველოდი ასეთ გადაწყვეტილებას. მოსამართლემ, რომ არ აღიარებ მაგის გამო ისჯებიო. საპატრულო პოლიცია ითხოვდა პატიმრობას, მაქსუმალურს ითხოვდა – ჩემს 15-დღიან პატიმრობას“, – აცხადებს გიორგი ფხალაძე.
„ანას ბაღის” დამცველის ცნობით, დღესვე გაიმართება კიდევ ერთი ადგილობრივისა და ამავე აქციაზე დაკავებული „პარტიზანი მებაღის” პროცესიც.
მოსახლეობა ვარკეთილში შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ მიერ სკვერის მომიჯნავედ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. მათ დღეს სამშენებლო კომპანიის ტექნიკის მიერ სამუშაოების დაწყებას წინააღმდეგობა გაუწიეს.
10 იანვარს, მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ გზა გადაკეტა, პოლიციამ მათი ტერიტორიიდან გაყვანა ძალის გამოყენებით დაიწყო. პროცესში ასევე მონაწილეობდნენ კერძო კომპანიის წარმომადგენლებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ ამ დღეს ჯამში 10 პირი დააკავეს. 4 მათგანს შსს წვრილმან ხულიგნობას ედავება, 6 კი წვრილმან ხულიგნობასთან ერთად, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმოჩილებლობას.