მერიის განცხადებები, რომ „ანას ბაღს“ საფრთხე არ ემუქრება, ტყუილია - „ანას ბაღის“ დამცველი

პუბლიკა

„ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა“,  – ასე პასუხობს „ანას ბაღის“ დასაცავად გამართული აქციების ერთ-ერთი მონაწილე, სამოქალაქო აქტივისტი გიორგი  ფხალაძე მერიას.  ის „პუბლიკასთან“ აცხადებს, რომ მერიის განხცადებები, რომ თითქოს, 500 კვ.მ. დაემატება „ანას ბაღს“ არის მერიის მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

„ძალიან საინტერესოა, რას გვჩუქნიან, ქალაქის რომელი ნაწილიდან მოაქვთ ეს ტერიტორია. ეს ტერიტორია ხომ ისედაც ჩვენია, ჩვენს ეზოში მდებარეობს და ეს რაღაც სისულელე გამოდის. შეუძლებელია გვაჩუქოს ის, რაც უკვე ჩვენია და ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“, – ამბობს გიორგი ფხალაძე.

ფხალაძე განმარტავს, რომ ტერიტორია, რომელზეც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს დავა კომპანიასთან და მერიასთან, 40 წელზე მეტია გამოიყენება სხვადასხვა აქტივობისთვის, ის იყო უსაფრთხო ტერიტორია ბავშვებისთვის და იქ ისინი ველოსიპედებითა და გორგოლაჭებით გადაადგილდებოდნენ.

ფხალაძე ასევე აღნიშნავს, რომ ახლა მშენებლობა უშუალოდ სკვერის ტერიტორიაზე არაა დაგეგმილი, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ბრძოლის შედეგად დათმო კომპანიამ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სკვერის მომიჯნავედ კორპუსის მშენებლობა საფრთხეს არ შეუქმნის სკვერს.

„მშენებლობა მიმდინარეობს „ანას ბაღის“ მომიჯნავედ. დასაწყისში „ანას ბაღის“ ტერიტორიაზე ცდილობდნენ შემოჭრას, ბევრი ბრძოლის შედეგად მოვიპოვეთ ეს ტერიტორია. სწორედ მაგიტომ ჰქვია მოძრაობას „ანას ბაღის გადასარჩენად“. ახლა რეალურად ვიბრძვით ეზოსთვის, იმ ძირითადი ეზოსთვის, რომლითაც ვსარგებობდით.

რაც შეეხება საკითხს, ემუქრება თუ არა საფრთხე კონკრეტულად „ანას ბაღს“, 2017 წელს  ჩვენ მივმართეთ „სითი ინსტიტუტს“, რომელიც მუშაობდა განახლებული თბილისის გენერალურ გეგმაზე. ეს არის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და ვკითხეთ, ემუქრებოდა თუ საფრთხე ამ პატარა სკვერს მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში.  მათ მოგვწერეს წერილი, რომ სკვერს ემუქრებოდა საფრთხე, დგებოდა საშიშროება იმისა, რომ ჩაიკეტებოდა სივრცე. ასევე, მათი თქმით,  ინსოლაციისა და აირაციის  პრობლემა შეიქმნებოდა და შესაბამისად მერიის მხრიდან განცხადებები, რომ „ანას ბაღს“ საფრთხე არ ემუქრება, არის ტყუილი“, – ამბობს ფხალაძე.

ფხალაძის თქმით,  პროტესტი  ეზოსა და „ანას ბაღის“ დასაცავად გაგრძელდება მანამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და ეზო მოსახლეობას არ დაუბრუნდება.


თბილისში, ვარკეთილში მოსახლეობა „ანას ბაღის“ დასაცავად ორ თვეზე მეტია ყოველდღიურ რეჟიმში საპროტესტო აქციებს მართავს. ადგილობრივი მოსახლეობა შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ მიერ სკვერის მომიჯნავედ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივებს სკვერის მიმდებარე ტერიტორიასთან გაშლილი აქვთ კარავიც.

10 იანვარს მოსახლეობამ ტერიტორიაზე სამშენებლო ტექნიკის შეყვანა გააპროტესტა. პოლიციამ აქციაზე 10 პირიც დააკავა.

12 იანვარს თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მშენებლობა „ანას ბაღს“ არ ეხება და მსგავსი განცხადებები მოსახლეობის მხრიდან არის სპეკულაცია. ასევე, მისი თქმით, „ანას ბაღს” დაემატება 500 კვ. მ. ტერიტორია და ინვესტორმა აიღო ვალდებულება, რომ კეთილმოაწყობს „ანას ბაღს“.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ ვაწარმოეთ მოლაპარაკებები ინვესტორთან, ინვესტორი დათანხმდა, რომ „ანას ბაღი”, რომელსაც  300 კვადრატი უკავია, გადასცეს მას 200 კვადრატი და ასევე გამგეობა დაუმატებს 300 კვადრატულს. გარდა ამისა, ინვესტორი ასევე დათანხმდა, რომ თავიდან-ბოლომდე კეთილმოაწყობს „ანას ბაღს” და მოუვლის. შესაბამისად, „ანას ბაღის” დაზიანება კი არ ხდება, პირიქით, გადიდდება და გალამაზდება”, – განაცხადა ელოშვილმა.