„შეხვედრაზე პირდაპირ გვითხრეს, რომ არ აპირებენ ხელშეკრულებაში არსებითი საკითხების ცვლილებას“ – გოლეთიანი

პუბლიკა

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“  მიერ ორგანიზებული პირდაპირი ჩართვის დროს შაბათის შეხვედრის შესახებაც ისაუბრა.

შაბათს შეხვედრა გაიმართა მოძრაობის წევრებს, ეკონომიკის სამინისტროსა და ვროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე მედიაციის დაწყების საკითხი განიხილეს.

„შაბათის შეხვედრაზე გაჟღერდა ჩვენი მოწინააღმდეგე მხარისგან, რომ არსებითად … არსებითი საკითხების გადახედვა არ იგულისხმება ამ ხელშეკრულებაში, ანუ არ ვაპირებთო, პირდაპირ გვითხრეს, რაიმე მნიშვნელოვანი დეტალების ცვლილებასო. ასეთი რამ პირდაპირ გაჟღერდა. ასევე პირდაპირ გაჟღერდა ისიც, რომ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეჩერდება სამუშაო პროცესი ხეობაში.

ანუ ორი საკითხი დააყენეს ისე, რომ იქვე უნდა გვეთქვა, რომ კარგად იყავით, მივდივართ… იმიტომ, რომ თუ ხელშეკრულებაში არაფერს არ ცვლი და თუ სამუშაო პროცესს არ აჩერებ, ვიდრე გაირკვევა ეს ყველაფერი, სწორად ხდება თუ არ ხდება სწორად, რასაც ჩვენ ვამბობთ, მაშინ გამოდის, რომ უკვე შლი დიალოგს. აზრი არ აქვს, თუ წინასწარ აცხადებ ამ პოზიციას, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხები არ შეიცვლება.

თუმცა თვითონ თქვეს, რომ ერთადერთი … რასაც მინისტრიც აჟღერებს ხშირად, რომ იქ 49-მდე მოხდება ჩამოყვანა 100-წლიანი იჯარის. აქ გვინდა, მკაფიო განმარტება გავაკეთოთ, რომ თვითონ ჰესი, ნაგებობა და დანარჩენი ჰესის ინფრასტრუქტურა, რაზეც შენდება ეს ყველაფერი,  ას წელს მიღმა გადაცემული აქვს საკუთრებაში ინვესტორს. ზოგადად, ჩვენ თავიდანვე არ ვეთანხებოდით ასეთ განსაზღვრებას, რომ ასი წლით მიეყიდა რიონის ხეობა კერძო პირს, ინვესტორს. ანუ ეს არასწორი ინტერპრეტაცია იყო საკითხის თავიდანვე, ანუ ასი წლით კი არ მიეყიდა არამედ სამუდამოდ მიეყიდა, ყოველთვის მათი იქნება. ამიტომ სულ ვამბობდი, რომ ასი წლით რაღაც ტერიტორიების ნაწილი  [გადადის ინვესტორის ხელში], ხოლო ნაწილი, რაზეც ჰესი შენდება და დანარჩენი ინფრასტრუქტურა, მიეყიდა სამუდამოდ. გადაეცა სამუდამო ფლობის უფლებით.

ამიტომ ეს ცვლილება ხო არაფერს არ ნიშნავს,  რადგან 100 წელი ახსოვს საზოგადოებას და 49-ს დაუწერ ადვილად მანიპულაციის საგანი შეიძლება გახდეს საკითხი, რომ აი, ხომ ჩამოვიყვანეთ 100 49-ზე. შინაარსობრივად და ადგილზე, არაფერი არ იცვლება ამით. რა პროცესიც იყო, ის პროცესი რჩება“, – ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ როგორც შაბათს შეხვედრაზე განაცხადეს, მხოლოდ ეს არის ის ძირითადი საკითხი რომლის გადახედვასაც აპირებენ.


შაბათის შეხვედრის შემდეგ აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ მედიაციის დასაწყებად წამოყენებულ რამდენიმე წინაპირობაზე პასუხი გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა პარასკევამდე უნდა გასცენ. საუბარია ბარიკადების აღებაზე, ხეობიდან პოლიციის გასვლასა და პროტესტის ნამოხვანში დაბრუნებაზე. გოლეთიანის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ეს პირობები შესრულდება, შემდეგ შეხვედრაზე დღის წესრიგში კვლავ დადგება შემდგომი წინაპირობა, რაც ხეობაში სამუშაოების შეჩერებას შეეხება.