ინვერსტორთან ვმუშაობთ 99 წლით მიწის გადაცემის საკითხზე - თურნავა ნამახვანჰესზე

პუბლიკა

„ეს იმას ნიშნავს, რომ ნამახვანჰესი აშენდება მხოლოდ გაუმჯობესებული და უსაფრთხო სახით”, – ეს კომენტარი ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ დღეს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ხელშეკრულების იმ ნაწილზე, რომელიც მიწების გადაცემას ეხება.

„ჩვენ ასევე ვმუშაობთ ინვერსტორთან იმისთვის, რომ სხვა პირობებზეც ვიმუშაოთ და გავაუმჯობესოთ. ეს პირველ რიგში ეხება ხელშეკრულების იმ ნაწილს, რომელიც მიწის იჯარით გადაცემის წლოვანობას [ეხება]. 99 წელი მართალია შეესაბამება კანონმდებლობას, მაგრამ დავინახეთ, რომ ამასთან დაკავშირებით მართლაც არის აზრთა სხვადასხვაობა საზოგადოებაში. და ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილშიც უნდა მივაღწიოთ პროგრესს. როცა ეს იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, ამას გავახმოვანებთ.

სხვა დანარჩენში, რა თქმა უნდა, ეს პროექტი მნიშვნელოვანია, ენერგეტიკულად აძლიერებს სახელმწიფოს”, – ამბობს თურნავა. 

მან კვლავ აღნიშნა, რომ „კაშხლის მშენებლობა არ დაიწყება მანამ, ვიდრე ყველა არ დარწმუნდება, რომ ეს ნაგებობა არის განსაკუთრებით უსაფრთხო”.


„იმ პირობებით, რა პირობებითაც ახლა ეს პროექტი არსებობს, 100 წელი და ა.შ. შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით ჩვენ არ გავაგრძელებთ პროექტს”, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნამახვანჰესთან დაკავშირებით განაცხადა.