პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით შს მინისტრს პარლამენტში კიდევ ერთხელ იბარებენ

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში TBILISI PRIDE-ს ორგანიზატორებმა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

როგორც დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა, ისურვებდა, PRIDE-ს კვირეული მშვიდ გარემოში ჩატარდეს, როგორც ქვეყანაში, სადაც დაცულია კანონის წინაშე თანასწორობა, კონსტიტუციური უფლებები.

მისივე თქმით, ისმის მძიმე მუქარა კონკრეტული ჯგუფებისგან. მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ დაიბარეს შს მინისტრი ადამიანის უფლებების კომიტეტზე, იმისთვის, რომ უპასუხოს შეკითხვებს და გასცეს გარანტია, რომ 5 ივლისის მარში და კვირეული ადამიანის უსაფრთხოების დაცვის გარანტიით ჩატარდება.

„სამწუხაროდ, დღემდე არ გვაქვს პასუხი, ირღვევა რეგლამენტი, არ ჩანიშნულა ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი, არაფერს გვეუბნება მინისტრი, რომელსაც ვალდებულება აქვს, გასცეს შეკითხვებს პასუხი, დღეს მოვუწოდებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჩანიშნოს კომიტეტი და მოვითხოვთ, დაიცვას მინისტრმა რეგლამენტი, მოვიდეს პარლამენტში, გასცეს დეპუტატებს პასუხი და პრაიდის ორგანიზატორებს, რომლებიც გამოდიან თხოვნით, მიიღონ გარანტია, რომ მათი უფლებები და უსაფრთხოება იქნება დაცული“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

დეპუტატი ანა წითლიძე აცხადებს, რომ თუკი პრაიდის კვირეულის მონაწილეების უსაფრთხოება დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, თავად და მისი კოლეგები მივლენ და პირადად დაიცავენ თითოეულ მათგანს.

„თბილისი პრაიდის“ გამგეობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების შუამავლობით მიმდინარეობს კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და არის გარკვეული კონკრეტული ნაბიჯები. მისი თქმით, მეტი ღიაობაა საჭირო, რისთვისაც მიესალმება მინისტრის დაბარებას კომიტეტზე.

„პრაიდის“ გამგეობის წევრის, ნინია კაკაბაძის თქმით, წლევანდელ კვირეულს უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს არასამთავორბო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის მოწოდებების სახით.

კაკაბაძე მოუწოდებს სახელმწიფოს, გასცეს მკაფიო მოწოდებები, რომ დაცული იქნება „პრაიდის“ მონაწილეების უსაფრთხოების გარანტიები. კაკაბაძემ „ქართულ ოცნებას“ ანტიდისკრიმინაციული კანონი შეახსენა და მოუწოდა, რომ კანონი ფურცელზე არ უნდა ეწეროს და უნდა აღსრულდეს ამ კანონის პრინციპები.


გუშინ გავრცელდა საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროკავშირის წარმომადგენლობის, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთის, ისრაელის, კანადის, ნიდერლანდების სამეფოს, ნორვეგიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მიერ შედგენილი განცხადება, რომლითაც ისინი მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, მთავრობის, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, შეებრძოლონ ყველანაირ დისკრიმინაციას და მიიღონ ყველა შესაძლო ზომა ძალადობის აღსაკვეთად.