საელჩოები მოუწოდებენ მთავრობას პრაიდის კვირეულის დროს მიიღოს ყველა ზომა ძალადობის აღსაკვეთად

პუბლიკა

პრაიდის კვირეულსა და 5 ივლისს დაგეგმილი „ღირსების მარშის“ შესახებ საელჩოები განცხადებას ავრცელებენ.

საელჩოები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, მთავრობის, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, შეებრძოლონ ყველანაირ დისკრიმინაციას და მიიღონ ყველა შესაძლო ზომა ძალადობის აღსაკვეთად.

„მხარს ვუჭერთ რა ყველა ადამიანის თანასწორობასა და მათი უფლებების დაცვას, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება საქართველოში ყველა ადამიანისთვის, გამონაკლისის გარეშე და უზრუნველყოს ამ ღონისძიებების ჩატარება უსაფრთხო გარემოში.

ყველა სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს და დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლების რეალიზაცია. ეს მოიცავს მოვალეობას, ხელი შეუწყონ შეკრებებს ორგანიზატორების სასურველ ადგილას და დაიცვან შეკრების ორგანიზატორები და მონაწილეები მათგან, ვისაც შეიძლება მათი უფლებების შელახვის მცდელობა ჰქონდეთ. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი ამტკიცებს, რომ დაუშვებელია ერთი ადამიანის უფლების გამოყენება მეორე ადამიანის უფლების დარღვევისთვის.

COVID-19 პანდემიამ გაამძაფრა სოციალური და ეკონომიკური გამყოფი ხაზები და გააღრმავა საქართველოში მრავალი ადამიანის მარგინალიზაცია და უჩინარობა.

ჩვენ ერთად ვდგავართ ყველას თავისუფლებისა და თანასწორობის უფლების დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადება შედგენილია საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროკავშირის წარმომადგენლობის, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთის, ისრაელის, კანადის, ნიდერლანდების სამეფოს, ნორვეგიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მიერ.

LB loan image desktop LB loan image mobile