ასეთი ინგლისი კარგა ხანია, არ ყოფილა. საფეხბურთო ნაკრები კი არა, ქვეყანა. ყველა დიდი გამარჯვების მოლოდინშია. საუთგეიტის გუნდით აღტაცება უკიდეგანოა. დიდ გამარჯვებამდე სულ ორი-სამი დღეა, მაგრამ მთელი ეს ოცნება შესაძლოა, ოთხშაბათსვე დასრულდეს და ინგლისის ნაკრებმა ჭკვიან და მოხერხებულ დანიას ვერ აჯობოს, იმის მიუხედავად, რომ ნახევარფინალში გასვლისთანავე, ევროპის ჩემპიონატის მასპინძელიც შეიძლება ეწოდოს: გადამწყვეტი თამაშები ხომ უემბლიზეა.
ყველა ინგლისელი მიმომხილველი და ყოფილი ფეხბურთელიც კი, რაც ინგლისში თითქმის ერთი და იგივეა, ერთხმად იმეორებს, ევროპის ჩემპიონობის ასეთი შანსი კარგა ხანს აღარ გვექნებაო. ასევე, ყველა ამბობს, რომ ნაკრებს მეტი სითამამე სჭირდება. იმაზე მეტიც კი, უკრაინასთან რომ გამოავლინა, თორემ წინა შეხვედრებში გუნდი როგორღაც არა მხოლოდ ფრთხილი, არამედ მფრთხალიც იყოო. სამაგიეროდ, ინგლისს გოლი არ გაუშვია.
ეს სიფრთხილე, თუ სიმფრთხალე უცხო არ არის ინგლისის ახლანდელი გუნდისთვის, რომელიც ალბათ დიდი საფეხბურთო ქვეყნების ნაკრებებს შორის ყველზე ხანგრძლივ და რთულ კრიზისსა თუ კრიზისებში არსებობდა და მაშინაც კი, როცა ბრწყინვალე ფეხბურთელებს უყრიდა თავს, დიდ გამარჯვებას ვერაფრით აღწევდა, მეტიც, ვერც უახლოვდებოდა რიამე დიდ გამარჯვებას.
ვარგოდა, თუ არა გუნდი, ის თითქოს რაღაც მუდმივი დრამის მონაწილე იყო და ამ დრამის შედეგი ჩვეულებრივ, მწარე მარცხი გამოდგებოდა ხოლმე. მატჩისშემდგომი პენალტები უკვე ლამის ისტორიულად ჩამოიქნა ღვთის რისხვად.
ამ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასული ოთხი გუნდიდან, მხოლოდ ინგლისი არ ყოფილა ევროპის ჩემპიონი. ამ ევროპის ჩემპიონატამდე, 1966 წლის შემდეგ, ინგლისს არასდროს მოუგია გერმანიისთვის მსოფლიო თასისა, თუ ევროს თამაში, ამ შეჯიბრების ფინალურ ეტაპზე. იმავდროულად კი ინგლისი ყოველთვის თვლიდა თავს ნებისმიერი დიდი შეჯიბრის ფავორიტად, თუმცა მსოფლიოში მათ ფავორიტობაზე ბევრი აღარავინ ფიქრობდა.
ამ თვითგამოცხადებული ფავორიტობის მკვებავი მედიაც იყო, ფეხბურთით მცხოვრები ქვეყნის სულიც, ხასიათის ზოგიერთი თვისებაც და ოდინდელი, ისტორიაში შემალული განწყობებიც. ინგლისი ამით ჰგავდა ბრაზილიას, რომ ის ყოველთვის ჩემპიონობას ელოდა, განსაკუთრებით, მას შემდეგ რაც ერთხელ გახდა ჩემპიონი და თვით მსოფლიო ფეხბურთის ნაწილად აღიარა, ოღონდ როგორც გამარჯვებულმა.
მაგრამ ბრაზილიისგან განსხვავებით, ინგლისს ამის საფუძველი ძნელად ჰქონდა. თორმეტ წელიწადს საერთოდ ვერ გადიოდა მსოფლიო თასზე, მერეც ჩაუგდია. დასანანი ის იყო, რომ გუნდი თითქმის ყოველთვის ძლიერი ჰყავდა. ერთხანს, სტაბილურობად ისიც აღიქმებოდა, რომ სვენ–იორან ერიქსონს გუნდი თითქმის ყოველთვის გაჰყავდა დიდ შეჯიბრთა მეოთხედფინალებში, მერე კი, იწყებოდა დრამატული მარცხები.
რამდენიმე ცდის და ტრადიციული ოხვრის შემდეგ, რაც ლამის ათ წელიწადს გაგრძელდა, აირჩიეს საუთგეიტი და მოიშორეს განწყობა, რომ, აი, წლეულსაც ფავორიტები ვართ. მედიამაც დაუწია ხმას და საბოლოოდ სიმართლეც ითქვა: სინამდვილეში მძიმე დღეში ვართ და დიდი გამარჯვება შორს არისო. ეს რომ ღიად გაირკვა, ნაკრებმა, რომელიც ალბათ ათწლეულების განმავლობაში თამაშობდა უდიდესი შინაური წნეხის ქვეშ, გამოკეთება დაიწყო. ეგებ იმდენი ვარსკვლავი აღარც ჰყავდათ, მაგრამ განუზომლად მშვიდ გარემოში დაიწყეს საქმიანობა.
საუთგეიტმა მსოფლიო თასის ოთხეულში შეაძვრინა გუნდი, რაც ოცდაათ წელიწადს არ მომხდარიყო. კი, ორჯერ წააგო ბელგიასთან, წააგო ხორვატიასთან, პენალტებით გაძვრა უფრო სუსტ გუნდთან და ძალმოსილებაც სამი წლის წინანდელ ნაკრებს დიდი არ ეტყობოდა, მაგრამ კი მოახერხა ნახევარფინალში ყოფნა.
წლევანდელ ევროზე კი ინგლისმა მოუგო თავის ერთ-ერთ მარად და ლამის ტრადიციულ მტანჯველ ხორვატიას. ინგლისმა მოუგო მისი საფეხბურთო ღირსების ტკივილით მსპობ გერმანიასაც და თითქოს მზადაა, რომ მოხსნას ჯადო განცდებიან ისტორიას.
დიდი სიფრთხილეც იმიტომ ეტყობათ და სიმფრთხალეც იმიტომ იგრძნობა. ეს, თითქოს, იმ ძველ, მარად იმედგაცრუებათა გამოძახილია: ჯობს, დრამატულად არ წავაგოთო, თუ რაღაც ასეთი.
1996 წელს, როცა ევროპის ჩემპიონატს ინგლისი მასპინძლობდა, სლოგანად იყო, ფეხბურთი შინ დაბრუნდაო, მერე კი, როცა გერმანიამ მორიგჯერ გააგდო ინგლისის კარგი გუნდი პენალტებით და იქ გადამწყვეტი სწორედ ამ საუთგეიტმა გააფუჭა, ინგლისელებმა იხუმრეს, ფეხბურთმა შინ მხოლოდ შემოიარაო.
ახლაც ისეა, რომ ფეხბურთი უემბლიზე. დაბრუნდა, მაგრამ, აბა, თუ მართლა დაბრუნდა.