ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმი რივიერას“ საქმის განხილვა დაიწყო - საია

პუბლიკა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმი რივიერას“ საქმის განხილვა დაიწყო. ამის შესახებ განცხადებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

2019 წლის 20 აგვისტოს ქალაქ ბათუმის საკრებულომ ბათუმის ისტორიულ ნაწილში – იაკობ გოგებაშვილის ქუჩასა და ზღვის სანაპიროს შორის მდებარე პროექტში მითითებულ 9,7 ჰა ტერიტორიაზე დაამტკიცა განაშენიანების რეგულირების გეგმა. გეგმის მიხედვით, ქალაქის ისტორიულ ნაწილში შესაძლებელი ხდება არაერთი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა.

„გეგმის დამტკიცების შემდეგ, 2019 წლის 24 დეკემბერს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც შეთანხმდა ქალაქ ბათუმში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩისa და ზღვის სანაპიროს შორის მდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური მაღალსართულიანი შენობის „სილქ თაუერის“ და ლაგუნას არქიტექტურული პროექტი და კონსტრუქციული სქემა, რაზეც გაიცა მშენებლობის ნებართვა.

საქმის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცებულია და მშენებლობის ნებართვა გაცემულია კანონმდებლობის უხეში დარღვევით“, – წერია საიას მიერ გავრცელებულ განხცადებაში.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, გადაწყვეტილებების მიღებისას არ არის შეფასებული პროექტის გავლენა გარემოზე, ბულვარზე, ზღვაზე, სანაპიროზე, ადამიანთა ჯანმრთელობაზე, ქალაქის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობასა და ეკონომიკაზე.

„შესაბამისად, სახეზეა იმ ტიპის დარღვევები, რომლებიც მშენებლობის ნებართვის ბათილობის საფუძველი უნდა გახდეს. საქმის მნიშვნელობის მიუხედავად, განმხილველმა მოსამართლემ, ჯუმბერ ბეჟანიძემ პროცესი წელიწად-ნახევრის შემდგომ არაერთი წერილობითი მიმართვის შემდგომ ჩანიშნა. ა(ა)იპ „ბათომის“ ინტერესებს სასამართლოში საია წარმოადგენს“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.