ჯერ „ნაცები“ უნდა დავამარცხოთ და მერე შევუდგეთ ხელისუფლებაში მოსვლას - გახარია

პუბლიკა

„ზოგიერთმა ვერც გაიგო, რას ნიშნავს, როცა ვთქვით, რომ არავის წინააღმდეგ არა ვართ. ზოგიერთმა ისიც ვერ გაიგო, როცა ვთქვით, რომ ჩვენ ჯერ „ნაცები“ უნდა დავამარცხოთ და მერე უნდა შევუდგეთ ხელისუფლებაში სრულად მოსვლას,“ – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ქარელში შეხვედრების დროს განაცხადა.

გახარია დღეს ქარელში მხარდამჭერებს პარტიის მიზნებსა და სამოქმედო პრინციპებზე ესაუბრა.

მანვე განმარტა „ქართული ოცნებიდან“ წამოსვლის მიზეზი:

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენც „ოცნებიდან“ მოვდივართ. მეც „ოცნებიდან“ მოვდივარ. ჩვენ ეს არც გაგვიკეთებია და არ უნდა ვიკადროთ – ჩვენი წარსული არ უნდა ვლანძღოთ და ვაძაგოთ, იმისდა მიუხედავად, იმათმა რაც არ უნდა იკადრონ.

იქ ჩვენი ბევრი ღირსეული მეგობარი დარჩა. „ოცნებაში“ მთავარი პრობლემა იყო, რომ  რაღაც მომენტში პარტიამ უბრალოდ გადაწყვიტა… პარტიის იმ ვიღაც ახალმა გამოჩეკილმა ბოსებმა გადაწყვიტეს, რომ პარტიის ინტერესები უნდა დაეყენებინათ ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებზე უფრო მაღლა. ეს იყო ჩემთვის მიუღებელი და ამიტომ წამოვედი“, – განაცხადა მან.

„ზოგიერთმა ვერც გაიგო რას ნიშნავს, როცა ვთქვით, რომ არავის წინააღმდეგ არა ვართ. ზოგიერთმა ისიც ვერ გაიგო, როცა ვთქვით, რომ ჩვენ ჯერ „ნაცები“ უნდა დავამარცხოთ და მერე შევუდგეთ ხელისუფლებაში სრულად მოსვლას.

რატომ ვამბობ ამას – რა თქმა უნდა, ჩვენ აქ უნდა გავიმარჯვოთ, მაგრამ „ნაცების“ დამარცხება, ჩემს გაგებაში, ნიშნავს იმას, რომ 9 წლის შემდეგაც, როდესაც ამ ხალხმა ჩვევა და რიტორიკა არ შეიცვალა და მაინც პარლამენტში შევარდნითა და ძალადობით უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა… არ შეიძლება, ამ პარტიას ჰქონდეს იმხელა მხარდაჭერა, რომ მეორე იყოს და ყოველთვის ყველაზე დიდ ოპოზიციას ეძახდეს თავის თავს.  ეს ვიგულისხმე, ეს ძალიან სწორია და დღესაც ამავე აზრზე ვარ.“ – ამბობს გახარია.

გახარიას განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.