შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე 5-6 ივლისის მოვლენებზე სახალხო დამცველის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, საქმეში არ არის საკმარისი მტკიცებულებები, რომ სახალხო დამცველის მიერ დასახელებული პირებს ბრალი წაუყენონ.
„რაც შეეხება სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებას, პირის მიმართ რომ ბრალის წაყენების შესაძლებლობა დადგეს და მისი პასუხისგება დადგეს, საჭიროა არსებობდეს საკმარისი მტკიცებულებები. მე რამდენადაც გავეცანი სახალხო დამცველის განცხადებას, ის ეყრდნობა მხოლოდ საჯარო განცხადებებს და საჯარო ჩანაწერებს, სისხლის სამართლის მასალებზე მას წვდომა არ ჰქონია. შესაბამისად, პროკურორმა უნდა გადაწყვიტოს, რომ თუკი არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ პირს წაუყენოს ბრალი, ბუნებრივია, მოხდება ბრალის წაყენება და შესაბამისი პროცედურების განხორციელება. როგორც ჩემთვის ცნობილია, არ არის საქმეში საკმარისი მტკიცებულებები, რომ პირების მიმართ ბრალის წაყენება მოხდეს“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, გაუგებარია პოლიტიკურ ნიშანზე საუბარი მაშინ, რადგან 31 ადამიანი არის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული და 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეა აქტიურ გამოძიებაში.
დღეს, 6 სექტემბერს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე ბრიფინგი გამართა.
საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პროკურატურას ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით მიმართა. ლომჯარიას განცხადებით, მედიასაშუალებებში გავრცელებული ვიდეომტკიცებულებებით ირკვევა, რომ ზურაბ მახარაძისა და სასულიერო პირის, სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობისკენ საჯარო მოწოდების ბრალდებებით დევნა უნდა დაიწყოს.