მახარაძისა და ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს - ომბუდსმენი

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 5 ივლისის მოვლენებზე პროკურატურას ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით მიმართა.

ლომჯარიას განცხადებით, მედიასაშუალებებში გავრცელებული ვიდეომტკიცებულებებით ირკვევა, რომ ზურაბ მახარაძისა და სასულიერო პირის, სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობისკენ საჯარო მოწოდების ბრალდებებით დევნა უნდა დაიწყოს.

სახალხო დამცველის განმარტებით, ამ პროცედურით მან გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, რომლის მიხედვით, ომბუდსმენს აქვს უფლება, მიმართოს საგამოძიებო ორგანოს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით.

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახალხო დამცველი უფლებამოსილია, მოითხოვოს გამოძიების, ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, თუ საქმის განხილვის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ არსებობს დანაშაულის ნიშნები.

შესაბამისად, მე უკვე გამოვიყენე ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და ზურაბ მახარაძისა და სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მივმართე.

დევნის დაწყების წინადადებას საფუძვლად დაედო საჯაროდ გავრცელებული ვიდეომასალები, რომლებითაც დასტურდება, რომ 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებამდე „ალტ-ინფოს“ ეთერით ზურაბ მახარაძე და სხვა პირები განუწყვეტლივ აანონსებდნენ ძალადობას „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილე პირთა მიმართ. ძალადობრივი მოწოდებები ისმოდა ჟურნალისტთა მიმართაც.

ამავე პირებმა, სატელევიზიო ეთერით გაავრცელეს ინფორმაცია ჯგუფების შექმნის შესახებ, რომელთა პირდაპირი დანიშნულება 5 ივლისს ძალადობა იქნებოდა. სახალხო დამცველის წინადადებაში დასაბუთებულია, რომ 5 ივლისს ზურაბ მახარაძე უშუალოდ ხელმძღვანელობდა ჯგუფურ ძალადობას, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოს წინ დადგმული საპროტესტო კარვების გატანასა და „სირცხვილიასა“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისების დარბევის მიზნით სხვადასხვა ჯგუფების გამოყოფას.

საბოლოოდ, საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2021 წლის 5 ივლისის ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაზარალებულად იქნა ცნობილი 53 პირი და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 27 პირის მიმართ. თუმცა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა არავის მიმართ არ დაწყებულა.

გარდა ამისა, სახალხო დამცველმა კიდევ ერთი წინადადებით მიმართა გენერალურ პროკურატურას და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტზე სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვა.

დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დადგინდა, რომ 5 ივლისს, დაახლოებით 14:14 საათზე, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმა, დეკანოზმა, სპირიდონ ცქიფურიშვილმა მიკროფონით, ხმის გამაძლიერებლების საშუალებით მოუწოდა მოქალაქეებს ძალადობისკენ, რითაც გასცდა გამოხატვის თავისუფლებას და ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239 პრიმა მუხლით აკრძალული ქმედება – ძალადობის მოწოდება, რომელიც ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. სახალხო დამცველი აგრძელებს ინფორმაციის მოპოვებას 5 ივლისის ძალადობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ირგვლივ და საჭიროების შემთხვევაში, კვლავ გამოიყენებს ორგანული კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას“, – განაცხადა ომბუდსმენმა.