რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებითაა დაინტერესებული.
ლავროვმა ბელარუსის მხარეს მადლობა გადაუხადა 19 ნოემბერს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხაილ გალუზინის შეხვედრის ორგანიზებისთვის.
„მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს ბელორუს მეგობრებს იმისთვის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ადგილი დაგვითმეს. ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით.
მივესალმები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომ რუსეთის ფედერაციასთან კონტაქტების არ უნდა გვეშინოდეს.
მიმაჩნია, რომ ეს პრაგმატული მიდგომაა, რომელიც როგორც ქართველი ხალხის, ისე საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების ინტერესებს შეესაბამება“, – განაცხადა ლავროვმა.
19 ნოემბერს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი მოადგილეები.
გიორგი ზურაბაშვილი შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით იყო მისული.
ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრამ „აბაშიძე-კარასინის“ ფორმატი მაღალი დიპლომატიური რანგის სტატუსით განაახლა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთმა და საქართველომ ოფიციალური განცხადებები გაავრცელეს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით:
„ხაზი გაესვა დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას კონკრეტული შედეგების მიღწევის მიზნით.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების მოგვარების, ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს.
მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ შეხვედრები აღნიშნული ფორმატის ფარგლებში და მადლობა გადაუხადეს ბელარუსულ მხარეს პირველი შეხვედრის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის“; – ნათქვამია განცხადებაში.
რუსული საგარეო უწყება წერს, რომ შეხვედრა რუსეთ-საქართველოს განახლებული პირდაპირი დიალოგის ფარგლებში გაიმართა.
„შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე აზრები ვრცლად გაცვალეს. განსაკუთრებული ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ თანამშრომლობას დაეთმო. მიღწეულია რამდენიმე პრაქტიკული შეთანხმება. ასევე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.
ორივე დელეგაციის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ბელარუსულ მხარეს რუსეთ-საქართველოს შეხვედრის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით კონტაქტებს გააგრძელებენ“, – წერია განცხადებაში.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ქართულ მხარეს არაფერი ჰქონდა საწინააღმდეგო შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში, რომ თუნდაც, ეს ყოფილიყო მინსკში.
„ზოგადად, ბოლო წლებში ჩვენ რუსეთთან ურთიერთობებსა და დამოკიდებულებაში უნდათ, რაღაცნაირად დანერგონ შიში დიალოგის, საუბრის შიში და სრული მიუღებლობა. მეორე მხრივ, ეს არის ქვეყანა, რომელთანაც გვაქვს ყველაზე მეტი და დიდი პრობლემები და საუბრისა და დიალოგის გარეშე, თუკი ვსაუბრობთ რაღაც პრობლემის გადაჭრაზე თუ მოგვარებაზე, ბუნებრივია, ამის გაკეთება არის შეუძლებელი.
შესაბამისად, პირველ რიგში, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, უნდა დავძლიოთ საუბრის შიში. არ არის არაფერი საშიში ამაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები. ეს არის აუცილებელი“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
„საქართველოს დიპლომატთა საზოგადოების“ შეფასებით, რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ქართული მხარის მიერ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნა და შეხვედრის ადგილად მინსკის განსაზღვრა საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა.
მაკა ბოჭორიშვილის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი ირაკლი კობახიძის სპეცწარმომადგენლის სტატუსით სერგეი ლავროვის პირველ მოადგილეს, მიხაილ გალუზნის დღეს ბელარუსში, მინსკში შეხვდება. შეხვედრის ზუსტი დრო უცნობია.
დიპლომატების განცხადებით, საერთაშორისო მედიატორების გარეშე, ოკუპანტ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოს დედაქალაქში გამართვა მხოლოდ ტექნიკური ან ლოგისტიკური საკითხი არაა. ეს პოლიტიკური არჩევანია, რომელიც რუსეთისთვის ხელსაყრელ გარემოში და მისაღებ ფორმატში მოლაპარაკებების წარმართვას ნიშნავს.
„ქართული ოცნების“ დიალოგი რუსეთთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის ნაცვლად, რუსეთის პირობებით ურთიერთობების ნორმალიზებას ემსახურება.
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მანდატის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხით გაფართოება და ამ პოზიციაზე მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დანიშვნა შეგვიძლია მივიჩნიოთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთგვარ ფორმად, რაც საქართველოს აქამდე დეკლარირებულ მიდგომას ეწინააღმდეგება და ამავდროულად საფრთხის ქვეშ აყენებს ჟენევის მოლაპარაკებების საერთაშორისო ფორმატს“, – აცხადებენ დიპლომატები.