მინსკი: საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები, შესაძლოა, თბილისსა და მოსკოვში გაგრძელდეს

პუბლიკა

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაქსიმ რიჟენკოვის თქმით, მინსკში გამართული შეხვედრით მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთნდობის განმტკიცების კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლაა მიღწეული, რამაც შემდგომი მოლაპარაკებების უკვე ორი ქვეყნის დედაქალაქებში გადატანა გახადა შესაძლებელი.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ის ცნობით, მინისტრმა თქვა, რომ მინსკის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ორივე მხარის წარმომადგენლებისგან მიიღო.

„ამის შესახებ ინფორმაცია ორივე მხარის წარმომადგენლებისგან გვაქვს მხარეებმა მნიშვნელოვნად წაიწიეს წინ ურთიერთნდობის განმტკიცების საქმეში, რამაც შემდგომი მოლაპარაკებების უკვე ორი ქვეყნის დედაქალაქებში გადატანა გახადა შესაძლებელი“ – განაცხადა რიჟენკოვმა.

მინსკში ამას ბელარუსის მოედანზე გამართული მოლაპარაკებების უმთავრეს პოზიტიურ შედეგად მიიჩნევენ.

„რადგან არაფერია იმაზე უკეთესი და, ფაქტობრივად, საიმედო, ვიდრე მოლაპარაკებები დედაქალაქებში, როდესაც მხარეები ურთიერთგაგების იმ დონეს აღწევენ, რომ შეუძლიათ ერთმანეთს სტუმრად ეწვიონ და იმ პრობლემებზე იმსჯელონ, რომლებიც მათ აღელვებთ“ – თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

19 ნოემბერს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მაკა ბოჭორიშვილის მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი და სერგეი ლავროვის მოადგილე, მიხეილ გალუზინი შეხვდნენ. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ისინი „ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით კონტაქტების გაძლიერებაზე“ შეთანხმდნენ. მათივე თქმით, შეხვედრა რუსეთ-საქართველოს განახლებული პირდაპირი დიალოგის ფარგლებში გაიმართა.

გალუზინმა რუსული მედიისთვის 22 ნოემბერს მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი დიალოგი რეგულარული გახდება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მხარე მოლაპარაკებების შედეგებით კმაყოფილია.