5 ივლისის მოვლენების შესახებ „პუბლიკის" ვიდეოები შსს-მ ოფიციალურად გაითხოვა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ონლაინგამოცემა „პუბლიკიდან“ 5 ივლისის მოვლენების შესახებ მომზადებული 2 ვიდეო გაითხოვა. გამომძიებელმა „პუბლიკას“ 27 აგვისტოს სასამართლოს განჩინებით მიმართა, სადაც „გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ვიდეოჩანაწერების“ გამოთხოვაზე შუამდგომლობა დაკმაყოფილებულია.

„სირცხვილიას“ ოფისსა და ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმის ორგანიზება“ და „5 ივლისის” ორგანიზება“ – აღნიშნული ვიდეოები „პუბლიკამ“ ივლისის თვეში გამოაქვეყნა.

ვიდეოებში ქრონოლოგიურად თავმოყრილია 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის მონაწილე სხვადასხვა პირის მიერ Facebook-live-ის დროს გადაღებული კადრები.

„პუბლიკამ“ თავი მოუყარა „სირცხვილიას“ ოფისზე თავდასხმის ორგანიზების კადრებს. მოგვიანებით სწორედ, „სირცხვილიას“ ოფისის სადარბაზოში გაუსწორდნენ ძალადობრივი ჯგუფები „TV პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტს მირანდა ბაღათურიას. მეორე ვიდეოში კი ასახულია ის, რომ 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზება რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო. ძალადობრივი, ჰომოფობიური, ულტრამემარჯვენე ორგანიზაციის, „ალტ-ინფოს“ წევრები საკუთარი არხის ეთერით მაყურებელს დანაშაულის ჩადენისკენ მოუწოდებენ, აქეზებენ ძალადობისკენ და 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ ძალადობრივ ჯგუფებში გაწევრების გზებსაც სთავაზობენ. ვიდეოში ყურადღება გამახვილებულია „ალტ-ინფოს“ წევრ ზურა მახარაძის მოწოდებებზე, რომელიც ძალადობრივი მოვლენების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია.

სასამართლოს განჩინებიდან ასევე ირკვევა, რომ საგამოძიებო ორგანომ სასამართლოს Alt-info-ს youtube-არხზე განთავსებული სამი გადაცემის გამოთხოვის თაობაზეც მიმართა:

  1. „საორგანიზაციო შეხვედრა ლგბტ პრაიდის საწინააღმდეგო აქციისთვის“ (19 ივნისი);
  2. „მზადება ლგბტ პრაიდის წინააღმდეგ“ ( 21 ივნისი);
  3. „აქცია ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ 5 ივლისს“ (24 ივნისი);

აღნიშნული ვიდეოებიდან ფრაგმენტები „პუბლიკას“ ასევე გამოყენებული ჰქონდა „5 ივლისის ორგანიზების“ ვიდეოში.

სასამართლომ აღნიშნული ვიდეოების გამოთხოვაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. „პუბლიკამ“ შსს-ს მასალები 30 აგვისტოს გადასცა.

განჩინებაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია პირდაპირ კავშირშია სისხლის სამართლის საქმის გარემოებებთან და შესაბამისად, შესაძლოა მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს მართლმსაჯულების განხორციელებისთვის.

„წარმოდგენილ მასალებში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში/კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის მოპოვებაც ხელს შეუწყობს გამოძიებას მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვებასა და საქმის გარემოებათა გამოვლენაში.

პროკურორის მიერ დასაბუთებულია შუამდგომლობაში აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების აუცილებლობა – აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება გამოწვეულია გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროებით, აუცილებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის დასაცავად, უწესრიგობისა და დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად. ის დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაფერისი და პროპორციული საშუალებაა. აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა მსგავსი საგამოძიებო მოქმედებით გამოწვეული უფლებრივი შეზღუდვის ხარჯზე სასამართლოს გამართლებულად მიაჩნია. ამასთან სხვა საშუალებით გამოძიებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებათა მოპოვება გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებს”, – წერია განჩინებაში.

მკითხველისთვის განვმარტავთ, რომ აღნიშნული ვიდეოჩანაწერების გამოთხოვა მოხდა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. კერძოდ:

  • სსკ-ის 239-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილი – ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება, რასაც მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი;
  • 225-ე მუხლის მეორე ნაწილი – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
  • 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტი – ადამიანის დევნა ძალადობით ან ძალადობის მუქარით პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.
  • 154-ე მუხლის მე-2 ნაწილი – ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ჩადენილი ძალადობის მუქარით.

5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შედეგად მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. ამ დრომდე სამართალდამცავ უწყებებს ძალადობის ორგანიზების ბრალდებით არცერთი პირი არ დაუკავებია.