თათია სამხარაძე
ძველი და კარგად ნაცნობი კლიშეა, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია ნებისმიერ ქვეყანაში, თუნდაც ზედაპირულად გადავხედოთ საარჩევნო კამპანიების დროს, პოლიტიკოსების მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებს და თავდასხმებს ოპონენტების მიმართ.
მეტიც, მთლად სულ ერთია, იქნება ეს რომელიმე სანაქებო და სანიმუშო დასავლეთ ევროპული დემოკრატია, ამერიკის შეერთებული შტატების ლოკალური თუ ფედერალური არჩევნები, თუ მეზობელი რუსეთის ჯერ შეუცვლელი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ცინიზმით გაჟღენთილი დეჰუმანიზაციის აქტები ნებისმიერის, თუმცა განსაკუთრებით ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მიმართ. ამ უკანასკნელს კრემლმა სულ მთლად სახელით და გვარით ხსენების პატივიც არ დასდო დიდხანს, რაც ადამიანის დამცირების და ღირსებისგან განძარცვის საკმაოდ ძველი, მაგრამ უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი საბჭოთა მეთოდია. თუმცა, კიდევ უფრო ძველია ნეგატიური კამპანიების წარმოების პრაქტიკა პოლიტიკაში და ისტორიულ სათავეს ეს ფენომენი საფრანგეთის რევოლუციამდე დიდიხნით ადრე, რომის იმპერიაში იღებს.
სახელგანთქმულ ორატორს მარკუს ტულიუს ციცერონს, ძვ. წ. 64 წელს რომის იმპერიის კონსულობა გადაეწყვიტა. მისმა უმცროსმა ძმამ, მხედართმთვარამა კუინტუს ტუილიუს ციცერონმა ძმას მხარდაჭერად და საკუთარი ხედვის გასაზიარებლად ვრცელი წერილი მისწერა, რომელშიც კუინტუს ტუილიუს ციცერონი პოლიტიკური კამპანიის წარმოების საუკეთესო სტრატეგიებს აყალიბებს, რომელიც მარკუს ციცერონს უტყუარ გამარჯვებას მოუტანს. სწორედ ამ წერილში ვხვდებით პირველად ნეგატიური კამპანიების იმპლემანტაციის აუცილებლობის პირველწყაროს: „ყველა შესაძლებლობისას გაახსენე ძმაო ხალხს, თუ როგორი ამორალური და უპრინციპო ადამიანები არიან შენი ოპონენტები და გააცამტვერე ისინი მათი დანაშაულებების, სექსუალური სკანდალების და კორუფციული გარიგებების ბრალდებებითვე.“
საუკუნეების მერე, 60-იანი წლების ამერიკულ დემოკრატიაში, ციცერონის სწორედ ეს გამარჯვების დოქტრინა გახდება მთავარი პოლიტიკური ფაბულა, რომელიც ჯონ კენედის ადმინისტრაციის ვიცე პრეზიდენტს, ლინდონ ჯონსონს, ამერიკის 36-ე პრეზიდენტის ტიტულს მოუტანს. ხოლო პოლიტიკური რეკლამა „დეიზი“ პოლიტიკური რეკლამის რაობის საზღვრებს გააფართოებს.
ნეგატიური კამპანიების იმპლემენტაცია შფოთვას იწვევს ნებისმიერ დროსა და ქვეყნის საზოგადოებაში. არც ჯონსონის დროს და არც დღევანდელ საქართველოს რეალობაში არ წყდება დისკუსიები იმაზე, თუ ვის გონებაში იხარშება მსგავსი ტიპის ზიზღითა და სიძულვილით ნაკვები რიტორიკა თუ ვიზუალური მასალა.
ბრალდებულებს შორის პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად, მედია და საზოგადოება ერთად ეძებს და ხშირად პოულობს პოლიტ-ტექნოლოგებსა და პრ გურუებს, რომელთაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა ჩვენი დედაქალაქის სისხლიანი ბილბორდებით მორთვაში. მრავალნი ნეგატიური კამპანიის სულისკვეთებაში რუსულ კვალს ხედავენ. უფრო მეტს კი სრულებით არ აინტერესებს სიძულვილის პირველწყაროს ონტოლოგიური ეთნოსი და უბრალოდ სურს მალე გაილიოს საარჩევნო კამპანია, რომ გარეთ გასვლა აღარ დაეზაროს სისხლიანი სახეების ზიზღნარევი შიშის ფონზე.
თუმცა, თანამედროვე სამყაროში ნეგატიურ კამპანიებს ვერავინ გაექცევა. არჩევნების დასრულების შემდეგ, ეს რიტორიკა მხოლოდ სახეს შეიცვლის და ახლა უკვე ქუჩიდან საინფორმაციო გამოშვებების გზით მისწვდება ყველა მოქალაქეს, დღეში რამდენჯერმე, რათა შემთხვევით არავის დაავიწყდეს რომ „კობახიძე ივანიშვილის მონაა“, „გახარია მრუში ნარკომანი“, ხოლო „სააკაშვილი და მისი სატელიტები სისხლისმსმელი სადისტები“… და ასე გაგრძელდება დაუსრულებლად, შეიცვლებიან მხოლოდ სახელები და სახეები, რადგან მოშე კუბგჰარტი იქნება ეს, ვიტალი შკლიაროვი, მაქსიმ კაცი, ირინა პრავნიჩენკო, ვერონიკა ბურენკოვა, ანა კუზნეცოვა, ვიქტორ სემენოვი, ევგენი რეშეტნევი თუ სხვანი რომელთა სახელებიც ჯერ არ გაჟღერებულა ქართული საარჩევნო კამპანიების კონტექსტში ყველამ კარგად იცის, რომ ნეგატივი მუშაობს და ეს ცოდნა 70-იანი წლებიდან მოყოლებული მრავალი სამეცნიერო კვლევის შედეგებზე დგას.
გლობალიზაციის, ტექნოლოგიური და მეთოდოლოგიური გარღვევების ფონზე თავდასხმის რიტორიკა და სტრატეგიები შესამჩნევად იხვეწება და მრავალი პოლიტიკური ამოცანის გადაჭრის საუკეთესო გზაა. იქნება ეს „შუის გაკრეფის“ ანუ პოლარიზაციის ზრდის აუცილებლობა თუ პოლიტიკური ნარატივის გადამეორების და გამყარების მიზანი, რომელიც საკუთარი ამომრჩევლის მობილიზაციას ემსახურება.
გამოსავალი ნეგატივიზმის მოჯადოებული წრიდან, სადაც ბრაზის პოლიტიკა ერთადერთ მოცემულობად გვევლინება, მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციების გაძლიერების გზაზე მოიპოვება. ვინაიდან, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუციების პირობებში, სადაც სამოქალაქო თვითშედგენება მაღალია, იმპორტირებულ პოლიტ-ტექნოლოგიებზე რეზისტენსულობაც იზრდება და პოლიტიკოსები თუ მედია მენეჯერები იძულებულები ხდებიან მუდმივი აგიტაციის მდგომარეობიდან, რომელშიც ნეგატივიზმის წილი არაპროპორციულად მაღალია, შინაარსობრივ და არგუმენტირებულ დისკუსიებზე გადაერთონ. უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, ბინძური ცილისწამებები, ცინიკური საინფორმაციო წყაროები და შიშის მომგვრელი საკომუნიკაციო ტაქტიკები ამომრჩეველზე იმოქმედებს მანამ, სანამ ქართველი ამომრჩეველი ემოციური და იმპულსორი ხმის მიცემის ტენდენციიდან, გააზრებული არჩევანის ცნობიერებამდე არ გაიზრდება.
მანამდე ქართულ პოლიტიკურ დრამატურგიაში ისევ „კეთილისა და ბოროტის“, ანუ „მიშასა და ბიძინას“ ან „ქოცებისა და ნაცების“ დაუსრულებელი შერკინებების იძულებით მაყურებლებად დავრჩებით.
თუმცა, ქართული პოლიტიკური ზღაპრის დასასრულს, არც ლხინი იქნება აქა და აღარც ფქვილი, ბოროტების ძლევაზე ხომ ლაპარაკიც საერთოდ ზედმეტია. რადგან ქართული პოლიტიკის ანტითეზისში პოლიტიკოსები ხალხის მსახურების ნაცვლად, კუდიანებთან ბრძოლაში ისე გაერთნენ, გამოეპარათ რომ თავადვე იქცნენ მფრინავ ცოცხებად.