PMMG არჩევნების დღის წინასწარ შეფასებას აქვეყნებს

პუბლიკა

საერთო-სამოქალაქო მოძრაობამ, „მრავალეროვანმა საქართველო“ არჩევნების მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული 21 ოლქის 240 უბანზე  327 მოკლევადიანი დამკვირვებელი გამოიყენა.

ორგანიზაცია სრულად დააკვირდა N4 კრწანისის 31-ე უბანს, სადაც არჩევნები ჩატარდა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით.

ორგანიზაციის ცნობით, 21-ვე ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ გარემოში წარიმართა. გამონაკლისს წარმოადგენდა N22 მარნეულის საარჩევნო ოლქის რიგი საარჩევნო უბნები, სადაც არსებითი ხასიათის დარღვევები დაფიქსირდა.

არჩევნების დღეს, ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლებმა საარჩევნო კომისიებში, 10 საჩივარი წარადგინეს, ათივე მათგანი გადავიდა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში და უმეტესად დაკმაყოფილდა.

ძირითადი მიგნებები:  

 საარჩევნო უბნის გახსნისას ექვს შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვას, რაც უკავშირდებოდა დილის 07:00 საათიდან 08:00 საათამდე მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლების საარჩევნო უბნებზე არდაშვების საკითხებს. ორ შემთხვევაში არ ჩატარდა წილისყრა, ასევე კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას ერთ შემთხვევაში დამკვირვებელს შეეზღუდა დაკვირვების უფლება. ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა უბნის არასათანადო მოწყობა.

ხმის მიცემის პროცესში მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა ერთი და იმავე პირების მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემის ფაქტები,  ასევე ერთი და იმავე პირების მიერ არჩევნებში განმეორებით მონაწილეობის მცდელობის ფაქტები. ორ შემთხვევაში ნაკადის მარეგულირებელის მიერ არ მოხდა მარკირების შემოწმება. სამ შემთხვევაში რეგისტრატორის მიერ არ მოხდა მარკირების გაკეთება, ორ შემთხვევაში დაფიქსირდა უბანზე აგიტაციის ფაქტები,  შვიდ შემთხვევაში გამოვლინდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევის შემთხვევები. ოთხ შემთხვევაში დამკვირვებლებს შეეზღუდათ დაკვირვების უფლება, ორ შემთხვევაში დამკვირვებლები უკანონოდ გააძევეს უბნიდან, სამ შემთხვევაში დამკვირვებლების მიმართ კომისიის წევრების მიერ ადგილი ჰქონდა მუქარასა და დაშინებას. ექვს შემთხვევაში გამოვლინდა კომისიის წევრთა მიერ ფუნქციების არაჯეროვნი შესრულება. ცხრა შემთხვევაში ადგილი ჰქონდა უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნას. სამ შემთხვევაში ნაკადის მარეგულირებელმა ამომრჩეველს პირადობის მოწმობის გარეშე მისცა უბანზე შესვლის უფლება ხოლო ერთ შემთხვევაში ამომრჩეველმა მართვის მოწმობის საფუძველზე გადანახორციელა კენჭისყრაში მონაწილეობა. ერთ შემთხვევაში უბანზე მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. გამოვლინდა ბიულეტენების ჩაყრის მცდელობის ერთი შემთხვევა. დაფიქსირდა გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული ერთი დარღვევა. ასევე 17 სხვადასხვა სახის დარღვევა.

ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესში მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელს შეეზღუდა დაკვირვების უფლება. ერთ შემთხვევაში დარღვეული იყო გადასატანი ყუთის ლუქის მთლიანობა.  სამ შემთხვევაში ერთ კონვერტში აღმოჩნდა ორ-ორი მერის ბიულეტენი, ხოლო ორი ისეთი კონვერტი სადაც მხოლოდ ერთი ბიულეტენი იყო. ერთ შემთხვევაში ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერების რაოდენობა 50-ით მეტი აღმოჩნდა ბიულეტენების რაოდენობაზე.

არჩევნების დღეს „მრავალეროვანი საქართველოს“ სამონიტორინგო პროგრამის ფარგლებში მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი იქნა 79 ინცინდენტი, ინცინდენტთა 38% დაფიქსირდა მარნეულის საარჩევნო ოლქში.

გამოვლინდა შემდეგი ტენდენციები:

  • დამკვირვებლისათვის უფლების შეზღუდვა ( 12 ინციდენტი)
  • ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა ( 7 ინციდენტი)
  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ თავიანთი ფუნქციების არაჯეროვნად შესრულება (6 ინციდენტი)
  • უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნა ( 9 ინციდენტი)
  • მარკირების წესის დარღვევა ( 3 ინციდენტი)
  • განმეორებით ხმის მიცემა (7 ინციდენტი)
  • აგიტაციის წარმოება საარჩევნო უბანზე (2 ინციდენტი)