რაისა ლიპარტელიანი/პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე;
2006 წლიდან, ნეოლიბერალური პოლიტიკის შედეგად, ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაუქმდა შრომის კანონმდებლობა და მოიშალა შრომის ბაზრის მარეგულირებელი მნიშვნელოვანი ინსტიტუტები. გაუქმებულთა შორისაა შრომის ინსპექცია, გაუქმების ერთ-ერთ მიზეზად კი მისი კორუფციული ბუნება დასახელდა, თუმცა სახელმწიფოს მის რეფორმირებაზე ან სხვა უფრო ეფექტიანი, ალტერნატიული მექანიზმით ჩანაცვლებაზე წლების განმავლობაში არ უზრუნია.
შედეგად, დასაქმებულები აღმოჩნდნენ სრულიად უუფლებო მდგომარეობაში და შრომითი უფლებების სისტემატური დარღვევა და სამუშაო ადგილებზე დაშავება-გარდაცვალება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.
ამ პერიოდში შრომითი უფლების დაცვის ერთადერთი ფორმალური მექანიზმი სასამართლო იყო, თუმცა 2012-2013 წლებამდე საერთო სასამართლოებში ფაქტობრივად ყველა დავა დასაქმებულთა წაგებით სრულდებოდა. სასამართლო გადაწყვეტილებებში მკაფიოდ მიუთითებდა, რომ დამსაქმებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაათავისუფლოს დასაქმებული სამსახურიდან, მათ შორის, დისკრიმინაციული საფუძვლითაც კი.
ამასთან, სახელმწიფო სხვადასხვა მექანიზმით აქტიურად ებრძოდა მშრომელთა ორგანიზებას, მათ მიერ შექმნილ პროფესიულ კავშირებს.
იმის გამო, რომ ეროვნულ დონეზე დასაქმებულთა უფლებების დაცვის არანაირი ბერკეტი არ არსებობდა, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ 2006 წლიდან დაიწყო საერთაშორისო მექანიზმების (შსო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკომისია და ა.შ.) აქტიური გამოყენება. შედეგად, 2007 წლიდან საქართველო არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მწვავე კრიტიკის საგანად სწორედ პროფკავშირის და დასაქმებულთა უფლებების დარღვევის გამო იქცა.
კრიტიკის მიუხედავად, 2013 წელს შრომის კოდექსში შესული ცვლილებები და დამატებები შრომის უფლებებზე ზედამხედველობას არ შეხებია.
2014 წელს, ერთი მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოთა, მეორე მხრივ კი, საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებისა და მისი 2014-2016 წლების დღის წესრიგიდან გამომდინარე, აქტუალური გახდა შრომის ინსპექციის შექმნის საკითხი, რამდენადაც აღნიშნული დოკუმენტები ადგენს საქართველოს ერთმნიშვნელოვან და უპირობო ვალდებულებას, შექმნას შრომის პირობების ინსპექტირების ეფექტიანი მექანიზმები, ILO-ს სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, 2015 წლის 2 მარტს შეიქმნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემადგენლობაში უკიდურესად შეზღუდული მანდატით – ინსპექტირება არ ატარებდა სავალდებულო ხასიათს და არ მოიცავდა სანქციების მექანიზმს.
2018 წლის 7 მარტს მიიღეს კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც 2019 წლის 19 თებერვალს ორგანულ კანონად იქცა
მიუხედავად ზემოაღნიშნული გარკვეული პროგრესისა, კვლავ პრობლემად რჩებოდა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მანდატის შემოფარგვლა მხოლოდ შრომის უსაფრთხოებით. ის საერთოდ არ ეხებოდა შრომით უფლებებს, მაშინ, როცა ამ ორ კატეგორიას შორის ზღვარი და მიჯნა რეალურად არ არსებობს. საწარმოო შემთხვევათა დიდი ნაწილი სწორედ დასაქმებულთა ფიზიკური გადაღლილობიდან გამომდინარეობს, რაც მათი ისეთი შრომითი უფლებების უგულებელყოფითაა განპირობებული, როგორიცაა: შვებულებით ან ე.წ. ბიულეტენით სარგებლობაზე უარი, ზეგანაკვეთური მუშაობა და ა.შ.
აქედან გამომდინარე, დასაქმებულთა უფლებების რეალურად დაცვის უზრუნველსაყოფად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა შრომის ინსპექციის სამსახურის მანდატის ზრდას. მით უმეტეს, რომ შრომითი უფლებების დაცვას სასამართლოს საშუალებით, მიუხედავად ბოლო წლებში დასაქმებულთა სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებების ზრდისა, უამრავი გამოწვევა ახლავს, როგორიცაა: სასამართლოს მიმართ ნდობის ნაკლებობა, სასამართლო ხარჯი (ბაჟი, ადვოკატი), სამსახურის დაკარგვის შიში, გაჭიანურებული სამართალწარმოება და ა.შ.
ამდენად, მიგვაჩნია, რომ 2020 წლის შრომის კანონმდებლობის მნიშვნელოვანი რეფორმის მთავარი მონაპოვარი შრომის ინსპექციის სამსახურის გაზრდილი მანდატია.
აღნიშნული გულისხმობს 2021 წლის 1 იანვრიდან სამსახურის ზედამხედველობას არა მხოლოდ შრომის უსაფრთხოების სტანდარტებზე, არამედ შრომით უფლებებზე, ზოგადად.
ინსპექციას ახლა უკვე აქვს შესაძლებლობა, შეამოწმოს, იცავს თუ არა დამსაქმებელი დასაქმებულის შრომით უფლებებს – სამუშაო დროის ხანგრძლივობას, მოთხოვნებს ზეგანაკვეთურ სამუშაოზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს, შვებულების მიცემის წესს, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების გაცემას, შრომით დისკრიმინაციის საკითხებს და ა.შ. ანუ – შრომის კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ დასაქმებულს შეუძლია, მიმართოს ინსპექციას, თუკი დამსაქმებელი მის უფლებებს არღვევს.
აღნიშნული ცვლილების შედეგად უნდა გაუმჯობესდეს შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მოხდეს ახალი დარღვევების პრევენცია.
საკითხი დეტალურად დარეგულირდა კანონით „შრომის ინსპექციის შესახებ“.
შრომის ინსპექციის სამსახური წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში „ჯანდაცვის სამინისტრო“) კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.
შრომის ინსპექციის სამსახურს ხელმძღვანელობს მთავარი შრომის ინსპექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
შრომის ინსპექციის სამსახური ანგარიშვალდებულია მრჩეველთა საბჭოს და საქართველოს პარლამენტის წინაშე.
მანდატი
შრომის ინსპექციის სამსახური მონიტორინგს უწევს სამუშაო ადგილებსა და სივრცეებში შრომითი უფლებებისა და ნორმების დაცვას. ამ მიზნით იგი აკონტროლებს საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის, კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებების, კოლექტიური დავების ფარგლებში მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმებებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება-შესრულებას.
მონიტორინგი და კონტროლი, თავის მხრივ, მოიცავს:
- შრომითი ნორმების შესრულებასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევასა და ინფორმაციის მიწოდებას;
- შრომითი ნორმების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვას;
- შრომითი ნორმების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საჩივრების მიღებასა და განხილვას;
- ინსპექტირებას;
- შრომის კანონმდებლობის დასახვეწად და მისი გამოყენების გასაუმჯობესებლად წინადადებების შემუშავებას.
მრჩეველთა საბჭო
მრჩეველთა საბჭო არის მთავარ შრომის ინსპექტორთან არსებული საკონსულტაციო ორგანო, რომელიც შრომის ინსპექციის სამსახურისთვის შეიმუშავებს რეკომენდაციებს სამსახურის სტრატეგიის, ფუნქციონირებისა და საქმიანობის შესახებ.
მრჩეველთა საბჭო შედგება 7 წევრისგან:
- სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მხარეების – დასაქმებულთა და დამსაქმებელთა გაერთიანებების ორ-ორი წარმომადგენლისგან;
- პარლამენტის ჯანდაცვის და ადამიანის უფლებათა კომიტეტების თითო-თითო წევრისა და
- სახალხო დამცველის 1 წარმომადგენლისგან.
მრჩეველთა საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა არის 2 წელი. ამასთან, წევრად ერთი და იგივე პირი შეიძლება, დასახელდეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
მთავარი შრომის ინსპექტორის წლიური ანგარიში
შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის გამჭვირვალობის, შრომითი უფლებების დაცვის მდგომარეობის თაობაზე საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით მთავარი შრომის ინსპექტორი წელიწადში ერთხელ მრჩეველთა საბჭოს და პარლამენტს წარუდგენს სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშს.
ინსპექტირების საფუძვლები
ინსპექტირება შესაძლოა დაიწყოს:
- დაინტერესებული პირის საჩივრის საფუძველზე (დასაქმებული, პროფესიული კავშირი, სახალხო დამცველი);
- სამსახურის საკუთარი ინიციატივით;
- შრომის უსაფრთხოების შესახებ ნორმების დარღვევის თაობაზე ნებისმიერი იდენტიფიცირებადი პირის შეტყობინების საფუძველზე.
საჩივრის განხილვის ვადა
საჩივრის თაობაზე გადაწყვეტილებას შრომის ინსპექციის სამსახური მიიღებს არა უგვიანეს 2 თვისა. საქმის სირთულის ან საჭიროების გათვალისწინებით, მთავარ შრომის ინსპექტორს შეუძლია, საჩივრის განხილვის ვადა დამატებით კიდევ ერთი თვით გააგრძელოს.
თუ შრომითი ნორმებით გათვალისწინებული უფლების დარღვევით საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, შრომის ინსპექციის სამსახური შესაძლებლობის ფარგლებში მყისიერად რეაგირებს მიღებულ შეტყობინებაზე/საჩივარზე.
ინსპექტორს უფლება აქვს, თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდეს ნებისმიერ სამუშაო ადგილზე/სივრცეში;
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შრომითი ნორმების დარღვევისთვის
შრომითი ნორმების დარღვევისთვის, დარღვევის სიმძიმისა და დაწესებულების წლიური ფინანსური შემოსავლის ოდენობის გათვალისწინებით, შესაძლებელია, გამოყენებული იქნეს:
- გაფრთხილება;
- ჯარიმა;
- სამუშაო პროცესის შეჩერება.
პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებასთან ერთად შრომის ინსპექტორი გასცემს მითითებას განსაზღვრულ ვადაში დარღვევის გამოსწორების თაობაზე.
ამ ვადაში მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, შრომის ინსპექტორი დამრღვევს აკისრებს თავდაპირველად დაკისრებულზე უფრო მძიმე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომას და დამატებით აძლევს ვადას დარღვევის გამოსასწორებლად.
კანონმდებლობა განასხვავებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შრომითი ნორმების დარღვევის ორი სახეობისთვის: შრომის უსაფრთხოების წესებისა და შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი სხვა რეგულაციის დარღვევისთვის.
შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის ზომები განსაზღვრულია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონით, ხოლო შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი სხვა რეგულაციის დარღვევისთვის – შრომის კოდექსით.
ამდენად, შრომის ინსპექციის სამსახური გვევლინება არა მხოლოდ დარღვეული შრომითი უფლების დაცვის, არამედ, რაც მთავარია, უფლების დარღვევის პრევენციის მექანიზმად. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ მისი საქმიანობის შედეგად შემცირდება დასაქმებულთა უფლებების ხელყოფის ფაქტები და არსებული შრომითი ურთიერთობები შესაბამისობაში მოვა კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
განახლებული შრომის კოდექსის შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით კამპანია „შრომის ლექსიკონის“ ფარგლებში, „პროგრესული ფორუმი”, გამოცემა „პუბლიკა“ და platforma.ge მკითხველს ბლოგების სერიას სთავაზობთ.
კამპანიის მიზანია განახლებული შრომის კოდექსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება; დასაქმებულთა და დამსაქმებელთათვის შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორის პოზიციას და შესაძლოა, არ ასახავდეს ორგანიზატორთა შეხედულებებს.