პროკურატურამ მარნეულში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლაშა ქველაძეს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
მათი ცნობით, საქართველოს პროკურატურამ, მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარზე ლაშა ქველაძეს ბრალდება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინა.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში, საღებავის გამოყენებით წარწერების გაკეთებისთვის მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ლაშა ქველაძემ პოლიტიკური მოტივით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა რ.ი.-ს. სამართალდამცველებმა ლაშა ქველაძე მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2021 წლის 3 ოქტომბერს დააკავეს“, – ნათქვამია გავრცელებულ განხცადებაში.
პროკურატურის ინფორმაციით, ლაშა ქველაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.