მომსახურების სფეროს კომპანიებს სამუშაო ადგილზე დაცვის ყოფნა უნდა დაევალოთ – NGO-ები

პუბლიკა

ერთხელ მოვუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო პირობებისა და შრობის უფლებების დაცვა, – დამოუკიდებელი პროფკავშირები და უფლებადამცველები „სპარის” თანამშრომლის დაჭრის ფაქტს ეხმაურებიან.

„წლებია, მომსახურების და, განსაკუთრებით, საცალო ვაჭრობის სფეროში დასაქმებულები მიუთითებენ, რომ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში უწევთ მუშაობა. მათი თქმით, დაცვის თანამშრომელთა არარსებობის გამო, საფრთხეები განსაკუთრებით იზრდება ღამის ცვლაში მუშაობისას. ეს გარემოება არაერთხელ მომხვდარა პროფესიული გაერთიანებებისა და შრომის უფლებებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების მომზადებულ კვლევებსა და ანგარიშებში.

მიუხედავად იმისა, რომ დამსაქმებლებისთვის ეს საფრთხეები ცნობილი და წინასწარგანჭვრეტადია, ისინი უარს ამბობენ საცალო ვაჭრობის ობიექტები დაცვის თანამშრომლების უზრუნველყონ. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობისთვის „სპარის“ თანამშრომლის მათე ჯომიდავას გარდაცვალება არ გახდა ქმედითი ნაბიჯების გადადგმის წინაპირობა და, შესაბამისად, მან ვერ უზრუნველყო განმეორებითი შემთხვევის თავიდან არიდება.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მომსახურების სფეროში შრომის უფლებების დაცვა და შრომითი ექსპლუატაციის აღმოფხვრა მრავალმხრივ რეფორმას საჭიროებს. უსაფრთხოების არარსებობასთან ერთად, მწვავედ დგას სამუშაო და ზეგანაკვეთური დროის, მინიმალური ანაზღაურების, შვებულებისა და ყველა სხვა ფუნდამენტური უფლების დაცვის საკითხი. თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ ხელისუფლებამ მყისიერად უნდა უპასუხოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების რისკებს და, სხვა ღონისძიებებთან ერთად, დაავალდებულოს მომსახურების სფეროში მომუშავე კომპანიები, სამუშაო ადგილებზე დაცვის თანამშრომელთა ყოფნა უზრუნველყონ.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს, დაუყოვნებლივ განახორციელოს „სპარისა“ და საცალო ვაჭრობის სხვა ობიექტთა შემოწმება, დარღვევების გამოვლენა და კომპანიის პასუხისმგებლობის დაყენება.

ამასთან, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს აღარ გადადოს შრომის კოდექსის ფუნდამენტური რეფორმა და უპასუხოს მომსახურების სფეროში არსებულ მძიმე გამოწვევებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ხელმომწერები:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

დამოუკიდებელი პროფკავშირი „სოლიდარობის ქსელი“

დამოუკიდებელი პროფკავშირი „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა 2013“

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიული კავშირი

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)


სუპერმარკეტ „სპარის“ ერთ-ერთ ფილიალის თანამშრომელი 27 იანვარს დიღომში დაჭრეს. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გასული წლის 30 დეკემბერს „სპარის“ კიდევ ერთი თანამშრომელი დაჭრეს. დაპირისპირების დროს დაშავებული კონსულტანტი, 20 წლის მამაკაცი, მათე ჯომიდავა გასულ კვირას გარდაიცვალა.