სუპერმარკეტებში დაცვის სამსახური, ფაქტობრივად, არ არის – პროფკავშირები

პუბლიკა

„ეს არის სამწუხარო რეალობა, ამ ქსელებში დაცვის სამსახურები, ფაქტობრივად, არ არის“, – განაცხადა პროფესიული გაერთიანებების თავმჯდომარის მოადგილემ, რაისა ლიპარტელიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, სუპერმარკეტების ქსელში დასაქმებული კონსულტანტები არ არიან დაცულები და მათ უწევთ სხვადასხვა ფუნქციის შესრულება – იქნება ეს დაცვის თანამშრომლის ფუნქცია, თუ დამლაგებლის. რაისა ლიპარტელიანმა აღნიშნა, რომ ნოემბერში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც ასახულია არსებული ვითარება, პრობლემები და გამომწვევი მიზეზები.

ლიპარტელიანი აღნიშნავს, რომ  მიზეზი, თუ რატომაც არ ჰყავთ სუპერმარკეტების ქსელებს დაცვის თანამშრომელი, არის ის, რომ მათ აქვთ აპრობირებული პრაქტიკა – პროდუქტის დანაკლისის შემთხვევაში, მენეჯმენტი დანაკარგს თანამშრომლების ხელფასიდან ანაზღაურებს.

„ისინი არიან მოგებაზე ორიენტირებულნი.  მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ქონებრივი, მატერიალური სიკეთე, რომელიც განთავსებულია ამ ობიექტებში, რომ დაიცვან, მაგრამ მათ არ ჰყავთ დაცვის თანამშრომლები. რატომ? იმიტომ, რომ ამ ფუნქციის შეთავსება უწევთ თანამშრომლებს. მაშინ თუ იკარგება პროდუქტი, დანაკლისი ანაზღაურდება ამ ადამიანების ხელფასის ხარჯზე. ანუ არ სჭირდებათ დაცვაზე თანხის დახარჯვა.

დამსაქმებლებს არ ადარდებთ ადამიანების ბედი, მათი ჯანმრთელობა, მათ ადარდებთ მატერიალური სიკეთის დაცვა, თუმცა აქაც გადაწყვეტის მარტივი გზა მოძებნეს, იმიტომ, რომ თუ რამე დააკლდებათ, ადგებიან და დააკლებენ ხელფასებს“, – თქვა რაისა ლიპარტელიანმა.

ლიპარტელიანი აღნიშნავს, რომ არ არსებობს ზედამხედველობა ადამიანის უფლებრივ გარემოზე, რამდენ საათს მუშაობენ კონსულტანტები, სარგებლობენ თუ არა შესვენებით და შვებულებით.  მისი თქმით, გარდა საკანონმდებლო საკითხებისა, რომელიც საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას სახელმწიფოს მხრიდან, იმგვარ შემთხვევებს, როგორიც არის გახშირებული თავდასხმა სუპერმარკეტებში დასაქმებულებზე, განაპირობებს მძიმე სოციალური ფონიც.

„ჩვენ წლებია, ვსაუბრობთ იმაზე, რომ მიუხედავად გარკვეული პროგრესისა შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტში, კანონში შრომის უსაფრთხოების შესახებ, ის არ არის საკმარისი, არც სრულყოფილი. გამომდინარე იქიდან, დღესდღეობით კვლავ არ არსებობს ზედამხედველობა ადამიანის უფლებრივ გარემოზე, რამდენ საათს მუშაობენ, სარგებლობენ თუ არა შესვენებითა და შვებულებით. 

ადამიანის უფლება თუ არ არის ყველანაირად დაცული, იქნება ეს სამუშაო საათი თუ სახელფასო პოლიტიკა, თუ ამ ყველაფერზე იქნება შესაბამისი ზედამხედველობა, ბუნებრივია, ვერ მოხდება სრული პრევენცია, მაგრამ იქნება მაქსიმალური პრევენცია ასეთი შემთხვევების“, – აღნიშნა რაისა ლიპარტელიანმა.


სუპერმარკეტ „სპარის“ ერთ-ერთ ფილიალის თანამშრომელი 27 იანვარს დიღომში დაჭრეს. შსს-ს ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლ.ს. ცხელ კვალზე დააკავეს. ხოლო დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გასული წლის 30 დეკემბერს „სპარის” კიდევ ერთი თანამშრომელი დაჭრეს. დაპირისპირების დროს დაშავებული კონსულტანტი, 20 წლის მამაკაცი, მათე ჯომიდავა გასულ კვირას გარდაიცვალა.

 

LB loan image desktop LB loan image mobile