ყაზახეთმა ჩეჩენი აქტივისტის წინააღმდეგ ახალი საქმე აღძრა, რუსეთში ექსტრადიციის გეგმა კვლავ ძალაშია

პუბლიკა

ავტორები: ელიზაბეთ მაკბრაიდი და ნეიტ ოსტილერი

ყაზახეთის ხელისუფლებამ ჩეჩენი აქტივისტის, მანსურ მოვლაევის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მას საპატიმრო დაწესებულებაში კამერის განზრახ დამტვრევას ედავებიან. მაქსიმ რუდნევმა, აქტივისტმა, რომელიც მოვლაევის გათავისუფლების კამპანიაში მონაწილეობს, განაცხადა, რომ მან კამერა „სასოწარკვეთილი მცდელობის“ ფარგლებში დააზიანა, რათა რუსეთში ექსტრადიციისთვის თავი აერიდებინა.

მოვლაევი 2022 წელს ჩეჩნეთში დააკავეს ბრალდებებით, რომლებსაც თავად პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. ჩეჩნეთში ყოფნისას ის ჩეჩნეთის უსაფრთხოების ძალების მიერ უკანონო დაკავებების, წამებისა და სხვა უფლებადარღვევების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა. აქტივისტის თქმით, დაკავების პერიოდში მას „ხელებით, ფეხებითა და რკინის მილებით სცემდნენ, ასევე ელექტროშოკითა და ელექტროდამრტყმელი მოწყობილობებით აწამებდნენ“.

ჩეჩნეთის ციხიდან გაქცევის შემდეგ – მან საკანი ლურსმნით გააღო და დაწესებულების ღობეზე გადაძვრა – მოვლაევი ყირგიზეთში გაიქცა. იქ ის 2023 წელს კვლავ დააკავეს. დეპორტაციის საფრთხის წინაშე მყოფმა ყირგიზეთი დატოვა და ყაზახეთში გადავიდა, სადაც 2025 წელს მესამედ დააკავეს. მას შემდეგ მოვლაევი ექსტრადიციის მოლოდინში პატიმრობაში იმყოფება. მისი თქმით, რუსეთში გადაცემის შემთხვევაში სიცოცხლის საფრთხე ემუქრება.

რუსეთის ანტისაომარი კომიტეტის მიერ 25 ნოემბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, ყაზახეთი ცდილობდა, მანსურ მოვლაევი ალმათის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ფარულად გადაეყვანა რუსეთის საზღვართან მდებარე ქალაქ პეტროპავლოვსკში, რათა რუსეთში მისი ექსტრადიცია გაეადვილებინა.

თუმცა აქტივისტის ადვოკატმა, ელენა ჟიგალენოკმა OC Media-ს განუცხადა, რომ 26 ნოემერს მოვლაევი კვლავ ალმათიში იყო და მას თავადაც შეხვდა.

„როგორც ჩანს, მისი პეტროპავლოვსკში გადაყვანა ჰქონდათ განზრახული, მაგრამ შემდეგ რაღაც შეიცვალა და აღარ გადაიყვანეს“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, „24 ნოემბერს მოვლაევის ერთ-ერთი ნაცნობი მასთან ამანათის შესატანად მივიდა, თუმცა ამანათი არ მიიღეს. უთხრეს, რომ მანსური უკვე პეტროპავლოვსკში გადაიყვანეს და მისი სახელი გადაყვანილ პირთა სიაში იყო შეტანილი. არ მგონია, ეს შეცდომა ყოფილიყო. ამას გეგმავდნენ, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისე ჩანდა, თითქოს გადაიფიქრეს“.

ჟიგალენოკის განცხადებით, მოვლაევის ადვოკატებს გადაყვანის პროცესის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღიათ. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, „წინასწარ ოფიციალურად არც შეგვატყობინებდნენ – მხოლოდ მას შემდეგ გვაცნობებენ, რაც გადაყვანა უკვე განხორციელდება“.

ვიდეომიმართვაში, რომელიც, როგორც ჩანს, კვირის დასაწყისში ციხეში ჩაიწერა, მოვლაევმა განაცხადა: „როგორც ჩანს, ჩემი ისტორია დასასრულს უახლოვდება“.

„მინდა რამდენიმე სიტყვით მივმართო ხალხს, ხელისუფლებას და ყველას, ვინც ჩემს საქმეს ადევნებს თვალს. არც გენერალურმა პროკურატურამ და არც სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ჩვენი დაცვის არგუმენტები, წამებისა და სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯის რისკი, რაზეც გაეროს კომიტეტმა არაერთხელ მიუთითა“.

ჩეჩენმა აქტივისტმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ რუსეთში ექსტრადიციის შემთხვევაში სიკვდილის ეშინია. მისი ვარაუდით, შესაძლოა, ხელისუფლებამ აიძულოს, ხელი მოაწეროს რუსეთის არმიაში გაწევრიანების კონტრაქტს და მოსკოვის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ სრულმასშტაბიან ომში მონაწილეობა მიიღოს.

„სინამდვილეში, სადღაც მომკლავენ და იტყვიან: „ეს არის, ადამიანი დაიკარგა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება“. ან ამას თვითმკვლელობად წარმოაჩენენ და იტყვიან: „მან თავი მოიკლა“.

როგორც თქვა, მისთვის „უკეთესი იქნება, აქ მოვკვდე ან ყაზახეთში სამუდამო პატიმრობა მოვიხადო, ვიდრე იქ გამგზავნონ, სადაც კვლავ მაწამებენ, დამამცირებენ და ბოლოს მომკლავენ. თუმცა ყველაფერი ყოვლისშემძლე ღმერთის ნებაა“.

რუსეთის ანტისაომარი კომიტეტის ადვოკატმა, მარგარიტა კუჩუშევამ განაცხადა, რომ მისი აზრით, ყაზახეთის ხელისუფლება ცდილობს, „ყველაფერი რაც შეიძლება ჩუმად გააკეთოს“. მისი თქმით, მოვლაევის აქამდე გადაუყვანლობის ერთადერთი მიზეზი შესაძლოა ადმინისტრაციული ცვლილებები იყოს.

„მათ უბრალოდ მისი რუსეთში ფარულად გაგზავნა სურდათ“, – განაცხადა ადვოკატმა.

რუსეთის ანტისაომარმა კომიტეტმა ხაზი გაუსვა, რომ მოვლაევის ექსტრადიციის საფრთხე „კრიტიკულია“. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმაც თებერვალში ყაზახეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს მოვლაევის ექსტრადიციისგან მანამ, სანამ მისი საჩივარი არსებითად არ იქნება განხილული.

სექტემბერში მოვლაევმა თვითმკვლელობა სცადა, თუმცა სამედიცინო პერსონალმა მისი გადარჩენა შეძლო. ამის შემდეგ მან თვითმკვლელობა კიდევ ერთხელ სცადა.

პირველი მცდელობის წინ დატოვებულ წერილში მოვლაევი წერდა: „ისინი მაწამებენ და მომკლავენ, შემდეგ კი იტყვიან, რომ ეს თავად გავაკეთე. აღარ დავუშვებ, რომ კვლავ მაწამონ!“

მან ასევე ითხოვა, რომ მისი ცხედარი ყაზახეთში დაეკრძალათ.

„ახლა მხოლოდ შიშია! ყაზახეთისგან მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვ: აქ დამკრძალეთ… ისე, რომ ჩემი ცხედარიც კი ვერ მიიღონ!“ – ეწერა წერილში.

ამის შემდეგ მასთან პროკურორი მივიდა და განუცხადა, რომ ყაზახეთიდან მისი ექსტრადიცია გარდაუვალია და რომ მოვლაევი შესაძლოა „წამებული გამხდარიყო“. ამის შესახებ აქტივისტის გათავისუფლების კამპანიაში ჩართული ჯგუფი „თავისუფლება მანსურ მოვლაევს“ (Free Mansur Movlaev) იუწყება.

რუსეთის ხელისუფლება მოვლაევის ექსტრადიციას ოფიციალურად იმით ასაბუთებს, რომ მას ექსტრემისტული საქმიანობის დაფინანსებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულად მიიჩნევს. თუმცა აქტივისტის მხარდამჭერები ამ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.