დღეს, 29 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა.
რიგით 27-ე კინომარათონი, რომელსაც კინოთეატრი „ამირანი“ მასპინძლობს, 6 დეკემბრამდე გაგრძელდება და მაყურებელი 80-მდე ქართულ და უცხოურ ფილმს იხილავს.
ფესტივალი წამყვანებმა – პროდიუსერმა თიკო ნადირაშვილმა და მსახიობმა სანდრო სამხარაძემ – პროტესტისა და პროტესტის დროს დაკავებულთა მხარდამჭერი განცხადებებით გახსნეს.
„გუშინ 28 ნოემბერს უწყვეტი პროტესტის ორი წელი შესრულდა, ჩვენც ამ პროტესტის ნაწილი ვართ. ის რომ დღეს კინოფესტივალს ვხსნით არ ნიშნავს, რომ ამ რეალობას ვემშვიდობებით. პირიქით, კინო ამ რელობაზე ფიქრის მისი გააზრებისა და მისი შეცვლის შესაძლებლობაცაა.
დღეს ამ დარბაზში ბევრი ხელოვანი გვაკლია. ჯერ კიდევ საპატიმროშია ჩვენი კოლეგა, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. დღეს მხოლოდ ხელოვანები არ გვაკლია, საპატიმროებში არიან ჩვენი კინოფესტივალის მაყურებლებიც, კინომოყვარულები, ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენს გვერდით უნდა ისხდნენ ამ დარბაზში.
მომდევნო საფესტივალო დღეებში, როდესაც ერთად შევიკრიბებით ფილმების სანახავად უნდა გვახსოვდეს ის ადამიანებიც, რომლებსაც ამის შესაძლებლობა უსამართლოდ წაართვეს. დღეს, როცა საერთაშორისო კინო ფესტივალს ვხსნით ჩვენი მთავარი გზავნილი სწორედ მათ ეკუთვნით. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“, – განაცხადეს მათ.
დღეს გახსნის ცერემონიას მხოლოდ მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მაყურებლებს სიტყვით მიმართეს ფესტივალის დირექტორმა გაგა ჩხეიძემ, ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, „გოეთეს ინსტიტუტის“ დირექტორმა ლაურა ჰარტცმა და გერმანიის დანიშნულმა ელჩმა ბარბარა ფოსმა.
მათ ქართული კულტურისა და კინოს მხარდაჭერაზე გაამახვილეს ყურადღება.
იმ ფონზე, როცა 2023 წლის აგვისტოდან 450-ზე მეტი კინემატოგრაფისტი ბოიკოტს აცხადებს „მიტაცებულ კინოცენტრთან“ თანამშრომლობაზე და მათი ფილმები საბიუჯეტო დაფინანსების გარეშეა დარჩენილი, ევროპულ ქვეყნებთან კოპროდუქციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება – სწორედ ეს იყო გამომსვლელთა და კინოფესტივალის ორგანიზატორთა გზავნილი.
აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე წელია, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალიც საბიუჯეტო მხარდაჭერის გარეშე იმართება. ფესტივალის ორგანიზატორებმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს პარტნიორებს – სხვადასხვა ქვეყნის საელჩოს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სპონსორებს.
გახსნის დღეს მაყურებელმა იხილა 2026 წლის კანის კინოფესტივალის გამარჯვებული პოლონელი რეჟისორის, პაველ პავლიკოვსკის ფილმი „მამული“ [Fatherland].
ფილმი ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის, თომას მანისა და მისი ქალიშვილის, ერიკა მანის გაყოფილ გერმანიაში მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს. ამერიკაში ემიგრაციიდან დაბრუნებული სახელოვანი მწერალი და მისი ქალიშვილი ფრანკპურტიდან ვაიმარისკენ მიემართებიან, სადაც თომას მანს გოეთეს პრემია უნდა გადაეცეს.
„მამული“ ირლანდიელი მწერლის, კოლმ ტოიბინის 2021 წლის ბიოგრაფიული რომანიდან, „ჯადოქრიდანაა“ შთაგონებული. სცენარის ავტორები პაველ პავლიკოვსკი და ჰენკ ჰანდლოგტენი არიან.
წამყვანმა საერთაშორისო გამოცემებმა ფილმი შეაფასეს როგორც ვიზუალურად დახვეწილი, ლაკონიური და ემოციურად დამუხტული კინოშედევრი, თუმცა ზოგიერთმა კრიტიკოსმა მის ზედმეტ სიმშვიდესა და რეალური ისტორიული ფაქტების შეცვლას გაუსვა ხაზი.
კინოსურათი 82 წუთს გრძელდება. ფილმის ვარსკვლავები გერმანელი მსახიობები სანდრა ჰიულერი და ჰანს ციშლერი არიან.
სწორედ ჰანს ციშლერს გადაეცა კინოფესტივალის ტრადიციული ჯილდო „საპატიო პრომეთე“. 79 წლის ციშლერმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თბილისში ჩამოსვლა ვერ შეძლო. მისი ჯილდო „გოეთეს ინსტიტუტის“ დირექტორმა მიიღო.
მეორე „საპატიო პრომეთე“ გადაეცემა ქართველ რეჟისორს, დიტო ცინცაძეს, რომელიც ფესტივალის ფარგლებში მაყურებელსაც შეხვდება.
ფესტივალის პროგრამა მოიცავს შემდეგ სექციებს:
- ევროპული ფორუმი
- დამზადებულია გერმანიაში
- ფრანგული კოლექცია
- იტალიური პალიტრა
- დოკუმენტური სამყარო
- უკრაინული ამბები
- აპოლო: კინოს მეხსიერება
- ქართული პანორამა
- განსაკუთრებული სეანსები
ქართული პანორამა საკონკურსო სექციაა. კინოფესტივალის ოფიციალური პრიზი „ოქროს პრომეთე“ შემდეგ ოთხ კატეგორიაში გადაეცემა საუკეთესო ფილმებს:
- საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი;
- საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი;
- საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი;
- საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.
საკონკურსო ფილმებს ორი დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს: ერთი განიხილავს მხატვრული ფილმების კატეგორიას, ხოლო მეორე – დოკუმენტურს.
თითოეული ჟიური სამი წევრისგან შედგება.
მხატვრული ფილმების ჟიურიში იქნებიან: რეჟისორი ნინო ჟვანია, რეჟისორი ილო ღლონტი, მხატვარი და მსახიობი გუგა კოტეტიშილი;
დოკუმენტური ფილმების ჟიურიში იქნებიან: რეჟისორი კოტე კალანდაძე, პროდიუსერი და რეჟისორი მარიკა ჭაჭია და კინომცოდნე დიანა მაღლაკელიძე.
გარდა ფესტივალის პრიზისა, ევროკავშირი გასცემს ორ ჯილდოს „ქართულ კინოში ადამიანის უფლებების საუკეთესო ასახვისთვის“ როგორც მხატვრული, ისე დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში.
ასევე, დოკუმენტური კინოს ასოციაცია DOCA დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულს სპეციალური ფულადი პრიზით დააჯილდოვებს.
აღნიშნული პრიზების გარდა, წელს პირველად, დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემა OC Media გადასცემს პრიზს კავკასიაში გადაღებული საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის.
ფესტივალის გამარჯვებულების დაჯილდოება და დახურვის ცერემონია 5 დეკემბერს გაიმართება.