იმუნიზაციის საბჭომ სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ე.წ. „ბუსტერ დოზების“ გამოყენებას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„საბჭომ მხარი დაუჭირა, „ბუსტერ დოზის“ გამოყენებას 50 წლის ზემოთ ასაკის პირებში, მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ, ასევე ნებისმიერი ასაკის პირებში, რომელთაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება და ასევე მაღალი რისკის პროფესიებში – სამედიცინო პერსონალი, ასევე დახურული ტიპის დაწესებულებაში მცხოვრები პირები და იქ დასაქმებული თანამშრომლები”, – განაცხადა გაბუნიამ.
მან ასევე ისაუბრა საზღვარგარეთ სხვადასხვა მიზეზით მოგზაურობის მსურველ მოქალაქეებზე და მათი განმეორებით აცრის კრიტერიუმებზე.
„გარდა ამისა, ბოლო პერიოდის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს მომართა არაერთმა მოქალაქემ, რომელსაც უწევს მოგზაურობა საზღვარგარეთ სხვადასხვა მიზეზით და ისინი მოითხოვდნენ ვაქცინაციას იმ ვაქცინით, რომელიც აღიარებულია ევროკავშირში, აშშ-ში. ამდენად, მათთვის მნიშვნელოვანი იყო განმეორებით ვაქცინაცია ამ დოზებით.
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების რეკომენდაციის თანახმად, განსხვავებული ვაქცინით ვაქცინაცია დასაშვებია პირველი ვაქცინაციის დასრულებიდან 28 დღის შემდეგ. ამდენად, ჩვენს შემთხვევაშიც შეგვიძლია, რომ გამოვიყენოთ ეს რეკომენდაცია და დავუშვათ იმ პირების განმეორებითი ვაქცინაცია მათ მიერ მოთხოვნილი ვაქცინით, რაც გამომდინარეობს მოგზაურობის ან ბიზნესის მიზნებიდან. ეს შეიძლება იყოს „ფაიზერის” ვაქცინა, ან ნებისმიერი სხვა ვაქცინა, რომელსაც ის ქვეყანა, სადაც პირი მიემგზავრება, იღებს.
ამისთვის, მათ უნდა მიმართონ ამცრელ დაწესებულებას და თან იქონიონ მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთი, რის საფუძველზეც მოხდება მათთვის ვაქცინაციის დაგეგმვა”, – განაცხადა გაბუნიამ.