„შესაძლოა, 8-10 ადამიანი ყოფილიყო ამ დროისთვის კორპუსში“ - ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი

პუბლიკა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ „პუბლიკას“ განუცხადა, რომ ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსის ნაწილში დაახლოებით 14-15 ოჯახი ცხოვრობდა.

„მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. პირველი სართული არ არის ბოლომდე ჩამონგრეული. სავარაუდოდ, შესაძლოა, რომ  8-10 ადამიანი ყოფილიყო ამ დროისთვის ბინებში, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. ამ ეტაპზე ჯერ არავინ არ გამოუყვანიათ და მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები ინტენსიურად. დიდი იმედი მაქვს, რომ არ იქნება მსხვერპლი და თუ ვინმეა მოყოლილი, გაათავისუფლებენ“, – ამბობს ლელა სურმანიძე.

როგორც მან „პუბლიკას“ განუცხადა, მერია სამაშველო სამსახურთან,  მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსა და ამხანაგობის თავმჯდომარესთან ერთად უკავშირდებიან კორპუსში მცხოვრებლების ოჯახის წევრებს და აზუსტებენ ინფორმაციებს.


ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ნაწილი რამდენიმე საათის წინ ჩამოინგრა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჩამონგრეული კორპუსიდან ადამიანების ხმა ისმის. ისინი შველას მოითხოვენ.

კორპუსის ჩამონგრევის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. ვრცელდება რამდენიმე ვერსია. მათგან ერთ-ერთია კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

ბათუმში უკვე გაემგზავრა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და ასევე, ადგილზე მისვლას პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც გეგმავს.