ყველა დაშავებულს და დაზარალებულს სახელმწიფო დაეხმარება - პრემიერი ბათუმში გაემგზავრება

პუბლიკა

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევას პრემიერი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური – როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება და მერიის სამსახურები. აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები დაშავებულების ნანგრევებიდან უმოკლეს დროში ამოყვანის მიზნით. ყველა დაშავებულს და დაზარალებულს სახელმწიფო გაუწევს შესაბამის დახმარებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება, რომელიც მომხდარის მიზეზებს აუცილებლად დაადგენს. ბათუმში უკვე გაემგზავრა შინაგან საქმეთა მინისტრი და პირადად მე დღესვე გავემგზავრები და ადგილზე გავეცნობი ვითარებას“, – წერს პრემიერი.


ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის ნაწილი დღეს ჩამოინგრა.

შენობის მიმდებარედ ნანგრევებში მოჰყვა რამდენიმე ავტომანქანა, ერთ-ერთიდან მაშველებმა მცირეწლოვანი ბავშვი გამოიყვანეს.  ნანგრევებიდან გამოიყვანეს, ასევე, კიდევ ერთი მცირეწლოვანიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.