ირაკლი ირემაძე – ისტორიის დოქტორანტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
1918 წლის მაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ რესპუბლიკის კოალიციურ მთავრობაში შემავალი 8 მინისტრიდან 7 სხვადასხვა სოციალისტურ პარტიას წარმოადგენდა, ხოლო დროებით პარლამენტში კი მანდატების 85%-ზე მეტი სოციალისტურ პარტიებს ერგოთ. 1919 წელს გამართული დამფუძნებელი კრების არჩევნებზე მემარცხენეთა დომინაცია კიდევ უფრო თვალნათელი გახდა, ყველაზე დიდმა მემარცხენე პოლიტიკურმა ძალამ – სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ – მანდატების 84% მოიპოვა, ხოლო ყველა სოციალისტური მიმართულების პარტიას ჯამურად მანდატების 94% ერგო. 1919 წლის მარტიდან რესპუბლიკას სათავეში ერთპარტიული სოციალ-დემოკრატიული პარტია ედგა.
1890-იანი წლებიდან მოყოლებული სოციალ-დემოკრატებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ მუშებთან. პარტია და მუშათა გაერთიანებები ხშირად შეზრდილი იყო ერთმანეთში. შესაბამისად, 1918 წლიდან, როდესაც პარტია მმართველ ძალად მოევლინა რესპუბლიკას გააჩნდა დიდი მოლოდინი, რომ მუშათა მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებოდა და შეიქმნებოდა ეფექტური შრომის კანონმდებლობა.
1919 წლის აპრილში თბილისში გაიმართა პროფკავშირების ყრილობა, რომელზეც მიიღეს დადგენილება, რომ რესპუბლიკის შრომის სამინისტროს ჩართულობით შექმნილიყო სპეციალური ორგანო, რომელსაც შრომითი დავების დარეგულირების მიმართულებით მნიშვნელოვანი უფლებები ექნებოდა. 1918 წლიდან მოყოლებული, მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი მუდმივად წარმოშობდა დავას ხელფასის მოცულობასთან დაკავშირებით. ამ საკითხის დარეგულირებასთან მიმართებით ხელისუფლებას, პროფესიულ კავშირებსა და დამსაქმებლებს ერთად მოქმედების სურვილი ჰქონდათ.
1919 წლის 27 მაისის რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე მიიღეს დადგენილება, რომელშიც გაცხადებული იყო – „დაარსებულ იქნას შრომის უწყებასთან სატარიფო პალატა – შრომისა და ხელ-ფასის საკითხის მოსაწესრიგებლათ“.
საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას მთავარი მრჩეველი, შემდგომში ცნობილი შრომის საკითხების ექსპერტი, ეკონომისტი ვლადიმერ ვოიტინსკი 1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ თავის წიგნში წერდა – „სატარიფო პალატის მიზანი იყო ცალკეულ შრომით სფეროში ხელფასების დარეგულირება. მისი მუშაობის ძირითადი სფეროებია შემდეგი:
- საკვები პროდუქტების ბაზრის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება;
- მონაცემების მოპოვება ხელფასების შესახებ;
- დასკვნების დადება საარსებო ხარჯის მომატებასთან დაკავშირებით;
- მუშების მოთხოვნების შესახებ აზრის დაფიქსირება;
- კოლექტიური კონტრაქტების შესწავლა და რატიფიცირება;
- საარსებო საშუალო მინიმუმის დადგენა რესპუბლიკის მასშტაბით;
- სახელფასო თანხის დადგენა პროფესიების, ინდუსტრიების, რეგიონების მიხედვით;
- სხვადასხვა ინდუსტრიულ სფეროში სამუშაოს პროდუქტიულობის „სტანდარტის“ დადგენა;
- სანარდო [გამომუშავებული ერთეულის მიხედვით] ანაზღაურების ნორმების დადგენა;
- სავალდებულო არბიტრაჟის განხორციელება სახელფასო სფეროში;
- განაკვეთური ხელფასის პერიოდული და საგანგებო შემოწმების თარიღების
დანიშვნა; - სპეკულაციისა და საარსებო ხარჯის მატების დასამარცხებლად ზომების მიღება;
- რესპუბლიკის პროდუქტიულობის განვითარებისა და ხელ- ფასის რეგულაციის საკითხის შესწავლა;
- შრომის სამინისტროსთვის განსახილველი კანონებისა და ბრძანებულებების პროექტების გადაცემა“.
სატარიფო პალატა შედგებოდა სამი სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფისაგან – დამსაქმებლების, პროფესიული კავშირების და შრომის სამინისტროს წარმომადგენლებისაგან. პალატაში 10-10 წარმომადგენელი შედიოდა მუშათა პროფესიული გაერთიანებებიდან და დამსაქმებელთა კავშირებიდან. პალატის საქმიანობას შრომის სამინისტროს წარმომადგენელი, ხშირ შემთხვევაში მინისტრის ამხანაგი (მოადგილე), სოციალ-დემოკრატი ილია გოლდმანი ხელმძღვანელობდა.
სატარიფო პალატის საქმიანობის შედეგად 1919-1920 წლებში არაერთი შრომითი დავა გადაიჭრა გაფიცვის უფლების გამოყენების გარეშე, მხარეები მორიგდნენ ხელფასის ზრდის კონკრეტულ მარჟებზე. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სატარიფო პალატა თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე ახდენდა დასაქმების სფეროს შესწავლას, ცალკეულ შემთხვევებში ობიექტურ მიზეზთა გამო არ აკმაყოფილებდა კონკრეტული მუშათა ჯგუფისა თუ პროფესიული კავშირების ცენტრალური ბიუროს მოთხოვნებს. მაგალითად, 1919 წლის ოქტომბერში სატარიფო პალატამ არ დააკმაყოფილა თფილისის აფთიაქართა პროფესიული გაერთიანების მოთხოვნა და პროფესიული კავშირების ცენტრალურ ბიუროსთან ერთად საჯაროდ დაგმო გაფიცვა.
სატარიფო პალატა ირჩევდა ერთნაირ მიდგომას ყველა სფეროს მუშათა მიმართ ინფლაციის გათვალისწინებით ხელფასების ზრდასთან მიმართებაში. სატარიფო პალატა ცალკეულ სფეროში უარყოფდა მუშათათვის ინფლაციის გათვალისწინებით ხელფასების არაპროპორციული ზრდის პრაქტიკას.
1919-1920 წლებში რესპუბლიკაში ინერგებოდა სპეციალური საპენსიო სისტემა სამუშაო ადგილებზე დაშავებული მუშებისათვის. პენსიის მოცულობა სატარიფო პალატის დაანგარიშებით განისაზღვრებოდა. სატარიფო პალატა ჩართული იყო მუშათათვის სპეციალური სასურსათო შეღავათების დაწესების სტანდარტების შემუშავებაშიც. სახელმწიფო მუშებისათვის სპეციალურ ფასებს ადგენდა სასურსათო მაღაზიებში, რათა მშრომელებისათვის შეემსუბუქებინა ინფლაციის წნეხი.
სატარიფო პალატის ეფექტური მუშაობის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა სხვადასხვა სფეროში ყველაზე დაბალანაზღაურებადი მშრომელების ხელფასები, თუმცა ამავდროულად ხელფასების ზრდა ნაკლებად ეხებოდა ამავე წარმოებაში 1919 წლამდე ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე დასაქმებულებს. სატარიფო პალატის საქმიანობა უფრო მეტად მიმართული იქნა ყველაზე მეტად ჩაგრულ პირთა პირობების გაუმჯობესებისაკენ.
სატარიფო პალატის საქმიანობას აკრიტიკებდა, როგორც მემარცხენე ოპოზიციური პოლიტიკური ძალების – სოციალისტ-რევოლუციონერთა და სოციალისტ-ფედერალისტთა წარმომადგენლები, ისე მემარჯვენე მიმართულების ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. მემარცხენეები სატარიფო პალატის საქმიანობას არადამაკმაყოფილებლად აფასებდნენ და მოითხოვდნენ უფრო მეტად დაეკმაყოფილებინათ მუშათა მოთხოვნები და გაეუმჯობესებინათ პირობები. ხოლო ეროვნულ-დემოკრატები სატარიფო პალატასა და ზოგადად შრომის სამინისტროს დასაქმებულთა უფლებების ცალმხრივ დაცვასა და რესპუბლიკაში მთავარი დოვლათის შემქმნელების მსხვილი კაპიტალისტების ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებდნენ.
სატარიფო პალატის საქმიანობას საქართველოს შესახებ თავის ნაშრომში აფასებდა ცნობილი სოციალისტი თეორეტიკოსი კარლ კაუცკი – „ამ უწყებამ [სატარიფო პალატამ] დღევანდლამდე ყველა სახის ღია კონფლიქტის თავიდან არიდება მოახერხა. 1919 წლის მაისიდან მოყოლებული, როდესაც მან ფუნქციონირება დაიწყო, პროფკავშირებს არცერთი გაფიცვა არ მოუწყვია, მიუხედავად იმისა, რომ, ბოლშევიკური რუსეთისაგან განსხვავებით, გაფიცვა აკრძალული არ ყოფილა – ამ თვალსაზრისით საქართველო უნიკალურია“.
1920 წლის აგვისტოში დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა კანონი „შრომის ხელშეკრულების შესახებ“, რომელიც ეხებოდა ფაქტობრივად დასაქმების ყველა სფეროს, გარდა საჯარო სამსახურებისა, სოფლის მეურნეობისა და სეზონური სამუშაოებისა, რომლებიც ცალკე სამართლებრივი აქტებით რეგულირდებოდა. აღნიშნული კანონის ყველა ძირითადი დებულება ასახულ იქნა 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციაში, კერძოდ:
მუხლი 117. შრომა საფუძველია რესპუბლიკის არსებობისა და მისი უზრუნველყოფა რესპუბლიკის განსაკუთრებული მოვალეობაა.
მუხლი 119. უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეს მიეცემა დახმარება სამუშაოს აღმოჩენით ან დაზღვევის სახით.
მუხლი 123. ნორმალი სამუშაო დრო დაქირავებულთათვის არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს; ამასთანავე კვირაში ერთხელ მუშა უნდა ისვენებდეს განუწყვეტლივ 42 საათს…
მუხლი 124. წარმოებაში 16 წლამდის ყმაწვილის შრომა აკრძალულია; 16-18 წლის მოზარდთათვის სამუშაო დრო განისაზღვრება 6 საათით დღეში; მოზარდთა და საზოგადოთ ქალთათვის ღამით მუშაობა აკრძალულია.
მუხლი 125. რესპუბლიკის საზრუნავი საგანია განსაზღვროს მინიმუმი ხელფასი და შრომის ნორმალი პირობანი წარმოებაში. არსდება შრომის ინსპექცია და სანიტარული ზედამხედველობა, რომელიც დამოუკიდებელი უნდა იყოს დამქირავებელთაგან.
მუხლი 126. განსაკუთრებული კანონი დაიცავს ქალთა შრომას წარმოებაში. აკრძალულია ქალის მუშაობა დედობისათვის მავნე წარმოებაში; მუშა ქალი მშობიარობის დროს არა ნაკლებ ორი თვისა თავისუფალია მუშაობისაგან ჯამაგირის მოუსპობლად; დამქირავებელს ევალება ძუძუმწოვარ ბავშვთა მოსავლელად შესაფერ გარემოებაში ამყოფოს მუშა ქალები.
მუხლი 127. შრომის დამცველ კანონების დარღვევისათვის დამნაშავენი პასუხს აგებენ სისხლის სამართლის წესით“.
სატარიფო პალატის, როგორც შრომით ურთიერთობებში ჩართული სამივე ძირითადი სუბიექტის – მშრომელების – დამსაქმებლისა და სახელმწიფოს – ურთიერთთანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილების გაზიარება დღევანდელ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დღეს არსებული, ე. წ. „სამმხრივი კომისიის“ საქმიანობა საკმაოდ შეზღუდული და ნაკლებეფექტურია. თუმცა, სატარიფო პალატის ეფექტურ საქმიანობას პირველ რიგში განსაზღვრავდა დემოკრატიული რესპუბლიკის კანონმდებლობა შრომის პოლიტიკასთან მიმართებაში, რომელიც იმ პერიოდის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული იყო.
განახლებული შრომის კოდექსის შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით კამპანია „შრომის ლექსიკონის“ ფარგლებში, „პროგრესული ფორუმი”, გამოცემა „პუბლიკა“ და platforma.ge მკითხველს ბლოგების სერიას სთავაზობთ.
კამპანიის მიზანია განახლებული შრომის კოდექსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება; დასაქმებულთა და დამსაქმებელთათვის შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორის პოზიციას და შესაძლოა, არ ასახავდეს ორგანიზატორთა შეხედულებებს.