ბოლო დღეებში ვნახეთ თავდასხმა ეკლესიაზე – ზურაბიშვილი უსაფრთხოების კონფერენციაზე

პუბლიკა

„სტაბილურობის გამოწვევები არა მარტო სამხედრო ხასიათისაა: ჩვენ ვხედავთ, როგორ ემუქრება დეზინფორმაცია, ცილისწამება და ცრუ ინფორმაცია საზოგადოების ფუნდამენტებს. ასეთი იყო ბოლო დღეებში თავდასხმა საქართველოს ეკლესიასა და მის ლიდერზე. საბედნიეროდ, ასეთ გამოწვევაზე საზოგადოების კონსოლიდირებულმა რეაქციამ დაადასტურა მისი მოწიფულობა და უნარი, ასეთ მანიპულაციებს არ დაექვემდებაროს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-13 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ზურაბიშვილმა კონფერენციაზე ასევე ისაუბრა უსაფრთხოების გამოწვევებზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და იქ არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე.

მან ხაზი გაუსვა საქართველო-NATO-ს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„საქართველოსთვის თავდაცვის პოლიტიკა ნიშნავს NATO-ს, როგორც უსაფრთხოების მთავარი უზრუნველმყოფის, „ღია კართან“ მაქსიმალურ მიახლოებას. ინტეგრაციის ეს პროცესი დღეს კონსტიტუციით გარანტირებული, მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილი და შეუქცევადია. ეს პროცესი არა მარტო მომავალს გვპირდება, არამედ უკვე აძლევს ქართულ შეიარაღებულ ძალებს გაზარდოს თავისი თავდაცვისუნარიანობა“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის ტექსტს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს;