დასაქმების ადგილზე ინკლუზიური გარემოს შექმნა აისახება კომპანიის მდგრადობაზე | პასუხისმგებლიანი ბიზნესის შესახებ

პუბლიკა

სალომე ზურაბიშვილი – „გლობალური შეთანხმება საქართველოს ქსელის” აღმასრულებელი დირექტორი.

ბოლო საკანონმდებლო ცვლილებები შრომის კოდექსში სხვა მნიშვნელოვან მიმართულებასთან ერთად დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხს შეეხო. კოდექსმა განმარტა, თუ რას წარმოადგენს შრომითი დისკრიმინაცია, რა შემთხვევაში ვხვდებით ასეთ ქცევას დასაქმების ადგილას და რას გულისხმობს თანაბარი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში თანაბარი შრომის ანაზღაურების უზრუნველყოფა.

აღნიშნული სტანდარტი საერთაშორისო შრომის ორგანიზაციისა და ადამიანის უფლებების დაცვის რიგ საერთაშორისო დოკუმენტში არის განმარტებული; მსოფლიოს სახელმწიფოებმა კი, მათ შორის საქართველომ, აღნიშნული სტანდარტი ეროვნულ დონეზე დანერგა. დისკრიმინაციის აღმოფხვრა მოთხოვნილია არა მხოლოდ საქართველოს კანონით, არამედ თანასწორობის უფლება ქვეყნის უპირატესი საკანონმდებლო ინსტრუმენტის, საქართველოს კონსტიტუციის მეთერთმეტე მუხლით არის გარანტირებული.

თუმცა, როგორც სხვა ბევრი სტანდარტისა თუ რეგულაციის შემთხვევაში, კანონის აღსრულება კვლავ გამოწვევად რჩება.

საქართველოში შრომის ბაზრის უდიდესი ნაწილი კერძო სექტორშია დასაქმებული. საქსტატის 2020 წლის მონაცემით, დასაქმებული მოქალაქეების 76% არასახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობს.

შესაბამისად, ბიზნესსექტორს დიდი როლი აქვს საქართველოს მოსახლეობის ძირითადი ნაწილისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნაში, რაც მომგებიანია ქვეყნისთვის, დასაქმებულებისა და, რაც მთავარია, თავად კომპანიისთვის.

მრავალი კვლევით დადგინდა, რომ დასაქმების ადგილზე თანაბარი შესაძლებლობებისა და ინკლუზიური გარემოს შექმნა აისახება კომპანიის ბრუნვაზე, ზრდასა და მდგრადობაზე.

მსოფლიოს წამყვანი საკონსულტაციო კომპანიის, McKinsey & Co-ს მიერ წარმოებულმა კვლევებმა აჩვენა რომ, კომპანიებს, რომელთაც მრავალფეროვანი სამუშაო ძალა ჰყავთ და არ ეწევიან დისკრიმინაციას რასის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური თუ სოციალური კუთვნილების, ან სხვა ნიშნით:

  • 42%-ით უკეთესი მაჩვენებელი აქვთ გაყიდვის მიმართულებით;
  • 66%-ით მაღალია ამ კომპანიების ამონაგები ინვესტირებულ კაპიტალზე;
  • კომპანიების თანამშრომლები 22%-ით უფრო პროდუქტიულები არიან;
  • ბიზნესის მომგებიანობა 27%-ით უფრო მაღალია;
  • მომხმარებელთა კმაყოფილება კომპანიის მიმართ 39%-ით უფრო მაღალია.

შესაბამისად, რეგულაცია და მისი შესრულების მონიტორინგი სახელმწიფოს მხრიდან არ უნდა იყოს კომპანიის ძირითადი მოტივაცია, რათა დაიცვას ადამიანის უფლებები და უზრუნველყოს თანაბარი შესაძლებლობები დასაქმებულებისთვის.

მოტივაცია ამ შემთხვევაში სწორედ ბიზნესსარგებელია.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი 2016 წლიდან მუშაობს წევრ კომპანიებთან და ეხმარება მათ საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებაში, ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. როდესაც კომპანიებთან ვსაუბრობთ  დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე, ამ საკითხს ვუყურებთ კომპლექსურად და განვიხილავთ სამ ჭრილს: დასაქმების ადგილს, ბაზარს და საზოგადოებას. საქართველოში ხშირად გვიჭირს პირველი და მეორე კომპონენტის განხორციელება, მესამე კომპონენტი კი, ძირითადად, საქველმოქმედო საქმიანობაში ვლინდება.

რა უნდა გააკეთოს კომპანიამ იმისთვის, რომ კომპლექსურად, ეფექტიანად და გრძელვადიანად აღმოფხვრას დისკრიმინაცია თავის ოპერაციებში? მარტივი ფორმულა მდგომარეობს შემდეგში:

აიღეთ პასუხისმგებლობა დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე და მიიღეთ შესაბამისი შიდა პოლიტიკის დოკუმენტები. დაიმახსოვრეთ, რომ პოლიტიკის დოკუმენტის გარეშე, კომპანიის საქმიანობა ყოველთვის ერთი ადამიანის ინიციატივაზე იქნება დამოკიდებული და გრძელვადიან შედეგს არ მოიტანს. აქვე, მნიშვნელოვანია კომპანიამ აღებული პასუხისმგებლობის შესახებ გააგებინოს კონტრაქტორებს: თუ თქვენთვის მიუღებელია არათანაბარი ანაზღაურება თანაბარი ღირებულების სამუშაოსთვის, თქვენი მომწოდებლისგანაც შეგიძლიათ მოითხოვოთ იმავე სტანდარტის დანერგვა, განსაკუთრებით, როცა მათ სერვისს ყიდულობთ.

შეაფასეთ თქვენი საქმიანობა და განსაზღვრეთ, რა გამოწვევები, შესაძლებლობები თუ საჭიროებები გაქვთ, რომ ინკლუზიური გარემო შექმნათ თქვენს კომპანიაში. შეფასების ეტაპზე მნიშვნელოვანია, სწორად განსაზღვროთ თქვენი სამიზნე აუდიტორია და გაიაროთ მათთან კონსულტაციები, ასევე, გამოიყენოთ საერთაშორისო სტანდარტზე დაფუძნებული შეფასების მექანიზმები. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნებლიეთ, შეიძლება გამოგრჩეთ კომპანიისთვის მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხი. საქმიანობის სწორად შეფასება რისკის სწორად მართვის წინაპირობაა.

განსაზღვრეთ პრიორიტეტული მიმართულებები და დასახეთ მიზნები. შეგიძლიათ, დაიწყოთ მარტივი მიზნიდან. მაგალითად, წელს აწარმოვეთ სტატისტიკა, თუ რამდენ აპლიკაციას იღებთ გამოცხადებულ ვაკანსიაზე ქალებისგან, შშმ პირებისგან, ეთნიკური უმცირესობებისგან ან სხვა მოწყვლადი ჯგუფისგან. შემდეგ დასახეთ მიზანი, რომ მომავალ წელს 20 %-ით უნდა გაიზარდოს ეს რიცხვი. მარტივი, თუმცა ძალიან საჭირო ნაბიჯი, რომელიც მოტივაციას გაძლევთ, რომ მეტი გააკეთოთ.

განსაზღვრული პრიორიტეტისა და შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტის საფუძველზე, მიიღეთ სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილია სამომავლო ნაბიჯები კონკრეტული ინდიკატორების დონეზე, აქტივობა დროში გაზომვადია და გამოყოფილია ფინანსური თუ ადამიანური რესურსი მის შესრულებაზე. მხოლოდ ასე შეძლებთ დასახული მიზნის მიღწევას.

საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება ყველა ორგანიზაციის სუსტი წერტილია, თუმცა ზედა ნაბიჯის სწორად გავლის შემთხვევაში, საქმე მარტივდება. დაისახეთ მიზნად, რომ 2022 წლისთვის ქალი მენეჯერების რაოდენობა კომპანიაში 10 თანამშრომლიდან 20-მდე გაიზარდოს; დაგეგმეთ შემდეგი აქტივობები – განახორციელეთ ქალი მენეჯერების გადამზადებისა და მენტორინგის პროგრამა; განსაზღვრეთ კონკრეტული პოზიციები, სადაც აპირებთ შერჩეული ქალი თანამშრომლების დანიშვნას და წლის ბოლომდე 10 ქალი დააწინაურეთ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს შესაბამისი ფინანსური რესურსისა თუ განხორციელებაზე პასუხისმგებელი კონკრეტული პირის გარეშე ვერ გააკეთებდით.

მიაღწიეთ დასახულ შედეგს? მოდით, ვკითხოთ დაინტერესებულ მხარეებს.

ანგარიშგება და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია არის მნიშვნელოვანი თქვენი საქმიანობის ეფექტიანობის შესაფასებლად. რას ფიქრობს თქვენი სამიზნე ჯგუფი, სასარგებლოა მათთვის კომპანიის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები? როგორ გრძნობს თავს ახლად დასაქმებული შშმ პირი თქვენს კომპანიაში? შეეჩვია გარემოს? შევიდა კონტაქტში სხვა დასაქმებულებთან? იქნებ, გარკვეული გამოწვევების წინაშე დგას და არ იცის, სად, ვისთან და როგორ განაცხადოს ამის შესახებ? შესაბამისად, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია როგორც შიდა, ისე გარე კომუნიკაცია და ანგარიშგება პროცესის თუ შედეგის შესაფასებლად და, შესაბამისად, სამომავლო ნაბიჯების სწორად დაგეგმვისთვის.

… და ვუბრუნდებით ისევ ჩვენი მოქმედების წრის პირველ ნაბიჯს.

დისკრიმინაციის აღმოფხვრა მოთხოვნილია ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო მექანიზმებით, ამასთან მომგებიანია ბიზნესისთვის და არც ისე რთულია მისაღწევად ოპერაციულ დონეზე. რა იქნება თქვენი შემდეგი ნაბიჯი?


განახლებული შრომის კოდექსის შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით კამპანია „შრომის ლექსიკონის“ ფარგლებში, „პროგრესული ფორუმი”, გამოცემა „პუბლიკა“ და platforma.ge მკითხველს ბლოგების სერიას სთავაზობთ.

კამპანიის მიზანია განახლებული შრომის კოდექსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება; დასაქმებულთა და დამსაქმებელთათვის შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორის პოზიციას და შესაძლოა, არ ასახავდეს ორგანიზატორთა შეხედულებებს.