„სააკაშვილის შეწყალებას საპატრიარქო ვერ სთხოვს პრეზიდენტს, ეს მისი უფლებაა“ – ბოტკოველი

პუბლიკა

პატრიარქის სახელით მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის ციხეში შევიდა საპატრიარქოს წარმომადგენელი მიქაელ ბოტკოველი. მან შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ პატრიარქის თხოვნა და რჩევაა მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. შეკითხვაზე, რას ეხებოდა გუშინ პრეზიდენტის მონაწილეობით გამართული შეხვედრა და გეგმავს თუ არა საპატრიარქო პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართოს უპასუხა:

„საპატრიარქო ასეთ თხოვნას ვერ გააკეთებს, რადგან ასეთი უფლება ქვეყნის პრეზიდენტს აქვს,“ – განაცხადა ბოტკოველმა.

„მოვედი იმავე დავალებით, პატრიარქის კურთხევით. მისთვის გადასაცემი მაქვს წერილი. წერილის შინაარსი შეეხება ისევ და ისევ მის პრინციპულ პოზიციას შიმშილობასთან დაკავშირებით. აი, ამ საკითხზე მინდა, გადავცე ეს წერილი და მოვიკითხო მისი უწმინდესობის სახელით. პატრიარქის თხოვნა და რჩევაა, მისი უწმინდესობის, რომ შიმშილობა შეწყვიტოს. სალომე ზურაბიშვილთან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე საუბარი არ ყოფილა. საუბარი ეხებოდა კოვიდპანდემიას, რომელიც აწუხებს ქვეყანას და ძალიან შემაშფოთებელია ბოლოდროინდელი სტატისტიკა. ასევე, შეეხებოდა პრეზიდენტის გამგზავრებას კვიპროსის რესპუბლიკაში, -“ განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.


გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის შეწყალებას არ აპირებს და მისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უცვლელია. მიხეილ სააკაშვილი 35-ე დღეა შიმშილობს. სამოქალაქო საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.

ქვეყნის მასშტაბით ამავე მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა. აქცია გაიმართა გუშინ ზუგდიდში და ამ დრომდე ამ მოთხოვნით აქციის მონაწილეები გუბერნიის შენობასთან იმყოფებიან. დღეს აქცია ამ მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროსთან გაიმართა.