ხანძარი იყო ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“ განთავსებული

პუბლიკა

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე „დელისის“ ბიზნესცენტრის შენობიდან ყველა ადამიანი, მათ შორის „ფორმულას“ თანამშრომლები, გამოიყვანეს. ხანძარი ლიკვიდირებულია.

რომელ სართულზე გაჩნდა ხანძარი და რა იყო მიზეზი – ამაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამ ეტაპზე დაზუსტებით ვერ საუბრობს.

„ხანძარი ლიკვიდირებულია. საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არ არის. ადგილზე მობილიზებულია 150-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ავტოტექნიკა. მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან. დამატებით მიმდინარეობს შენობის კიდევ ერთხელ გადამოწმება.

ამ ეტაპზე ვერ დაგიდასტურებთ, რომელ სართულზე იყო ზუსტად კერა, თუმცა მთელ შენობაში იყო გავრცელებული ხანძრის კერა შახტში, დაახლოებით, ქვედა სართულებზე იყო“, – განუცხადა მედიას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.

შენობაში ხანძარი, დაახლოებით, 15:30-ზე გაჩნდა – ეს ის დროა, როცა „ფორმულას“ წამყვანმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ შენობაში ხანძარია და მაუწყებლობა შეწყვიტა. არხი ამ დრომდე გათიშულია.