ადვოკატ ჯაბა კოჭლამაზიშვილის განცხადებით, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ირაკლი კვარაცხელიამ სასამართლო დარბაზში განაჩენის გამოცხადების შემდეგ თვითდაზიანება მიიყენა.
„მოსამართლე აცხადებდა სარეზოლუციო ნაწილის რაღაც დეტალს და ამ დროს დაიწყო გაწევ-გამოწევა, საბადრაგო სამსახური ეცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და როდესაც შევხედე სისხლი მოსდიოდა ყელიდან. გამოიჭრა, შეირჭო, რა გააკეთა, არ ვიცი, არ დამინახავს. სისხლი მოსდიოდა ბევრი და გაიყვანეს“, – აცხადებს ის.
ადვოკატისვე ინფორმაციით, კვარაცხელია პატიმრობის 9 თვის განმავლობაში არაერთხელ შიმშილობდა და უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობდა.
როგორც ადვოკატმა „პუბლიკას“ უთხრა, ირაკლი კვარაცხელია დამნაშავედ ქურდობაში (სსკ 177-4) ცნეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მისივე ცნობით, პატიმარს არტერია არ დაუზიანებია და მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.