საგნის გამოცდაზე ზღვარი ვერ გადალახა 2 889 პრაქტიკოსმა პედაგოგმა, პროფესიულ უნარებში - 2 365-მა

პუბლიკა

საერთო ჯამში, დღევანდელი მდგომარეობით, სკოლებში ასწავლის 7231 პრაქტიკოსი სტატუსის მქონე მასწავლებელი, 36 610 უფროსი, 7889 წამყვანი და 278 მენტორი.

2021 წლის ზაფხულში პრაქტიკოსებს როგორც საგნობრივი, ისე პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ჰქონდათ.

მოქმედი რეგულაციით, პრაქტიკოსმა პედაგოგებმა, რომლებმაც ვერ ჩააბარეს გამოცდები, შესაბამისად ვერ შეძლეს სტატუსის ამაღლება, სკოლაში საქმიანობის გაგრძელების უფლება მხოლოდ მიმდინარე სემესტრის ბოლომდე მიეცათ.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის ზაფხულში ჩატარებული საგნობრივი კომპეტენციის გამოცდაზე მონაწილეობა მიიღო 5 340-მა პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებელმა, რომელთაგან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა – 2 889 პედაგოგმა.

პროფესიული უნარის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე გავიდა 4137 პრაქტიკოსი მასწავლებელი. ამათგან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 2 365-მა პედაგოგმა.

პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგებიდან არცერთი გამოცდა არ ჩაუბარებია (არ დაუდასტურებია არც საგნობრივი და არც პროფესიული კომპეტენცია) 2703 -ს.

პრაქტიკოსი სტატუსის მქონე პედაგოგებიდან საგნის გამოცდა ჩაბარებული აქვს 3141-ს, ხოლო უნარების გამოცდა ჩაბარებული აქვს 2842-ს.

პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგებიდან საგანში და უნარში კომპეტენცია დადასტურებული აქვთ და იმისთვის, რომ სტატუსი შეეცვალოთ, 5 კრედიტზე ნაკლები აქვთ შესაგროვებელი – 102 პრაქტიკოსი სტატუსის მქონე მასწავლებელს ( საუბარია, მხოლოდ ქართული სექტორის პრაქტიკოს მასწავლებლებზე).

მასწავლებლის სახლის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ 2021 წლის ზაფხულში მასწავლებლის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდები ჩატარდა პანდემიურ გარემოში, რამაც გაახანგძლივა გამოცდის პერიოდი და საბოლოო შედეგების გამოცხადება, მთავრობის დადგენილებაში კვლავ შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, იმ მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 იანვრის მდგომარეობით იყვნენ პრაქტიკოსი მასწავლებლები და დარეგისტრირებულნი იყვნენ გამოცდაზე და ზემოაღნიშნული გზით ვერ შეძლეს 19 კრედიტქულის მოპოვება, შეუწყდათ სტატუსი, თუმცა საშუალება მიეცათ, საქმიანობა გაეგრძელებინათ 2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრის ბოლომდე.