სააკაშვილის მდგომარეობის გართულების კვალდაკვალ დროებით შევცვალეთ თბილისში აქციის გეგმა- მელია

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ თბილისში საპროტესტო აქციის გამართვის გეგმა ძალაში რჩება, მაგრამ ამჯერად, აქციის ლოკაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო შეიცვალა და თბილისის ნაცვლად რუსთავის 12-ე პენიტენციურ დაწესებულებასთან გაიმართება.

„ხვალ ჩვენ გვინდა ძალიან მძლავრი ხმა გავაგონოთ მთელ მსოფლიოს და დანარჩენი ყველა საკითხი, რომელიც ასევე უმნიშვნელოვანესია, რის გამოც მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს და საკუთარი სიცოცხლე სამსხვერპლოზე მიიტანა. ეს საკითხები გადაწყდება, მაგრამ მე მინდა როდესაც ეს მოხდება, მიხეილ სააკაშვილი იყოს ცოცხალი და ჯანმრთელი…

ამიტომ, მე მეგობრებთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, მდგომარეობის გართულების კვალდაკვალ, ხვალ ეს აქცია გაიმართოს რუსთავის ციხესთან. ეს არის მიზეზი, რატომაც დროებით შევცვალეთ გეგმა“,- განაცხადა ნიკა მელიამ „მთავარ“ არხთან საუბრისას.

ნიკა მელიამ ხვალ, 6 ნოემბერს საპროტესტო აქცია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან 17 საათზე დააანონსა. გასულ კვირას მელიამ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ თბილისსი მასშტაბური აქცია 6 ნოემბერს გაიმართებოდა.