საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით „მთავარი არხის” ჟურნალისტმა, გიგლა თუმანიშვილმა რუსთავის ციხესთან შიმშილობა დაიწყო.
„ყველა ხელისუფლების შეცდომებიც გვახსოვს და გამოუსწორებელი ქმედებებიც… არავის არაფერი უპატიებია და არც არასდროს ეპატიებათ, თავგასულობა და უსამართლობა ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, დანდობა არ ექნება არასდროს! აქ ვინმე კონკრეტული სახელებისთვის და გვარებისთვის კი არ იბრძვის, ან საკუთარი ძალაუფლებისთვის და სიძლიერისთვის კი არ დგამს ნაბიჯს, ქვეყნის გადარჩენისთვისაა ახლა ბრძოლა, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის!
მე როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე ამ წუთას, მხოლოდ ერთი ადამიანისთვის კი არ ვიბრძვი, მე ვცდილობ საკუთარი თავის გადარჩენას ამ ქვეყანაში და ჩვენი სახელმწიფოს შენარჩუნებას. არ მინდა, რომ ძლიერი ქვეყნის აშენების იმედი გამიქრეს, ასეთი ქვეყნის პერსპექტივას კი დღეს ვეღარ ვხედავ..!
ერთადერთი მოთხოვნა მაქვს ამ ჩემი პროტესტის ფონზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მისცენ ადეკვატური მკურნალობის შესაძლებლობა, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, იმიტომ კი არა, რომ ის მიშა სააკაშვილია. მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქვეყნის პრეზიდენტი იყო და მთავარსარდლები ნებისმიერ ქვეყანაში ასე არ უნდა იხოცებოდნენ! ჩვენ ამ მხარეს მდგომები, ალბათ არაფრად ვუღივართ ამ ხელისუფლებას, მაგრამ ახლა მარტო ერთი კაცი კი არა – საქართველოა გადასარჩენი!!!
გადაიყვანეთ მიშა სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში და გადადგით ნაბიჯი პოლარიზაციის დასრულებისკენ, ნუ ვიზამთ ისე, რომ ისტორიამ აღარ გვაპატიოს…, “- წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტის შენობაში მეოთხე დღეა შიმშილობს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია.