მოვითხოვთ, 10 ნოემბრის სხდომა ჩატარდეს სასამართლო დარბაზში და სრულყოფილად გაშუქდეს მედიის მიერ - ბასილაია

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია დღეს რუსთავის 12-ე საპატიმროსთან ჟურნალისტებს ესაუბრა. მისი თქმით, მათი მოთხოვნაა და მიხეილ სააკაშვილის გზავნილიც, რომ 10 ნოემბრის სასამართლო პროცესი ჩატარდეს არა ციხეში, არამედ სასამართლო დარბაზში და გაშუქდეს მედიის მიერ.

„მოშიმშილე ადამიანის სასამართლო პროცესზე გამოჩენის ეშინიათ. მსგავსი პრაქტიკა დიქტატორულ რეჟიმშიც კი არ არის. მიხეილ სააკაშვილი წვენს იღებდაო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიაო და გაასაჯაროვეს და პროცესი არ არის მაღალი საზოგადეობრივი ინტერესის მატარებელი, რომ ეს პროცესი მიჩქმალულად არ ჩაატარონ?

ჩვენ მოვითხოვთ, 10 ნოემბრის პროცესი ჩატარდეს სასამართლოს დარბაზში და 10 ნოემბრის პროცესის სრულყოფილად გაშუქების საშუალება მიეცეს მედიას. დახურული პროცესი,  რომელიც ვერ გაშუქდება მედიის მიერ, ეს არის ფსკერს მიღმა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა ხომ გაუქმებულია, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური მძველობა, პოლიტიკური ტყვეობა პირდაპირ ხელმოწერილია“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 39-ე დღეა შიმშილობს. დღეს, თბილისში თავისუფლების მოედანზე 8 საათზე ენმ-ის მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში.