გორის ჰოსპიტალში ამბობენ, რომ მზად არიან, თუმცა არ აქვთ ინფორმაცია, რომ სააკაშვილი იქ მიჰყავთ

პუბლიკა

გორის ჰოსპიტლის დირექტორის, მალხაზ ურთმელიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მისაღებად მზადყოფნაში არიან. მისი თქმით, სამხედრო ჰოსპიტალი მრავალპროფილური კლინიკაა და ნებისმიერი პაციენტის სამკურნალოდ მზად არის.

გორის კლინიკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია და არ იცის, თუკი რუსთავის ციხიდან სააკაშვილი გადაიყვანეს, მიიყვანენ თუ არა მას გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

„მზადყოფნაში ვართ. ჯერ არავითარი ვერტმფრენი არ მოსულა. შესაძლო ვარიანტზე ჩამოფრენისა და  სააკაშვილის გადმოყვანისა, მზადყოფნაში ვართ“, – აცხადებს ის.

შეკითხვაზე, მიიღო თუ არა კლინიკამ ინფორმაცია სააკაშვილის გადაყვანაზე, ექიმი ამბობს, რომ არ მიუღია.

„არა, მზადყოფნაში ვართ შესაძლო გადმოყვანაზე. შესაძლებლობა არის ყველაფრის. საუბარი იმის შესახებ, რომ აქ უნდა მოიყვანონ პაციენტი, არ გამაჩნია“, – აცხადებს ის.

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გადაიყვანეს.

„ორი საათიდან ვიცდით და პასუხი არ გვაქვს. არ არის ადამიანი, წაიყვანეს. ფაქტია, რომ სულ ცოტა ხნის წინ გაიყვანეს ბრონირებული მანქანებით და მერე ვერტმფრენში ჩასვეს, როგორც ჩანს“, – უთხრა ჟურნალისტებს გიული ალასანიამ.

ცოტა ხნის წინ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, ვერტმფრენი გამოჩნდა.

„პუბლიკა“ მეტი ინფორმაციის მისაღებად იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურთან დაკავშირებას ცდილობს. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.