როგორც სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ „პუბლიკას” უთხრა, სახალხო დამცველის აპარატი ცდილობს დააზუსტოს სად იმყოფება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
თუმცა, მისი თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში მათ ზარებს არავინ პასუხობს.
ცოტა ხნის წინ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, ვერტმფრენი გამოჩნდა.
„პუბლიკა“ მეტი ინფორმაციის მისაღებად იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურთან დაკავშირებას ცდილობს. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გადაიყვანეს.
„ორი საათიდან ვიცდით და პასუხი არ გვაქვს. არ არის ადამიანი, წაიყვანეს. ფაქტია, რომ სულ ცოტა ხნის წინ გაიყვანეს ბრონირებული მანქანებით და მერე ვერტმფრენში ჩასვეს, როგორც ჩანს“, – უთხრა ჟურნალისტებს გიული ალასანიამ.