გლდანის ციხეში წყლის ჭავლის და სახანძრო მანქანები შეჰყავთ. მედიაში გავრცელებული ფოტოების მიხედვით, კლინიკაში შეაქვთ, ასევე, ტომოგრაფიის აპარატი.
როგორც უკვე ცნობილია, გლდანის ციხეში, სადაც #18 სამკურნალო დაწესებულებაა განთავსებული, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს.
„ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით“, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „მთავარ არხთან“ განაცხადა, რომ ომბუდსმენის წარმომადგენლები ამ წუთებში გლდანის ციხისკენ მიემართებიან და მიხეილ სააკაშვილის შესახებ ინფორმაციას მათგან მოკლე ხანში მიიღებს.
26 ოქტომბერს გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის სახელით განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ის წინააღმდეგია გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის.
„როგორიც არ უნდა იყოს ჩამი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში გადაყვანაზე და მირჩევნია, დავრჩე იქ, სადაც ახლა ვიმყოფები, სანამ ამ სიტუაციას არ დაასრულებს ან ჩემი სიკვდილი, ან ჩემი თავისუფლება, ნებისმიერ შემთხვევაში, უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე“, – ამბობდა სააკაშვილი.
მირჩევნია დავრჩე აქ, სანამ ამ სიტუაციას არ დაასრულებს ჩემი სიკვდილი ან თავისუფლება – სააკაშვილი
26 ოქტომბერი, 2021
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის არასაკმარისი პირობების გამო ეწინააღმდეგებოდნენ.
სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მისაღებად N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი ორჯერ შეამოწმა და თავდაპირველად დაასკვნა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკი, უსაფრთხოების თვალსაზრისით.
მეორე შემოწმების შემდეგ კი განაცხადა, რომ კლინიკაში მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ აკმაყოფილებს კონსილიუმის რეკომენდაციებს და ასევე გამოწვევად რჩება გარკვეული რისკი, უსაფრთხოების თვალსაზრისით.
გლდანის ციხის კლინიკაში დადებითი ცვლილებებია, თუმცა ისევ არ შეესაბამება კონსილიუმის რეკომენდაციას – ომბუდსმენი
04 ნოემბერი, 2021