არ სურდა N18 დაწესებულებაში გადმოსვლა, ძალის გამოყენებით შეიყვანეს – ომბუდსმენის წარმომადგენელი

პუბლიკა

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, მიხეილ ღოღაძემ, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მოინახულა, მედიასთან ამბობს, რომ სააკაშვილი აპროტესტებს გლდანის N18 დაწესებულებაში ყოფნას.

ღოღაძის თქმით, რუსთავიდან სააკაშვილის ტრანსპორტირება სასწრაფოს მანქანით მოხდა.

მესამე პრეზიდენტის სამედიცინო მდგომარეობის შესახებ ომბუდსმენის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში გავრცელდება ვრცელი ინფორმაცია.

„შიმშილობას აგრძელებს. სურს საერთო პროფილის კლინიკაში გადასვლა და უარს აცხადებს სამედიცინო ჩარევაზე“, – ამბობს ის.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სააკაშვილის მხრიდან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიმართ ძალადობაზე, ომბუდსმენის წარმომადგენელი ამბობს, რომ სააკაშვილს ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევაზე არაფერი არ განუცხადებია.

„უარი განაცხადა მანქანიდან გადმოსვლაზე და ის გადმოიყვანეს და შეასახლეს მე-18 დაწესებულებაში. წარმოება მიმდინარეობს. დეტალებს სიღრმისეულად მოგვიანებით…

მანქანიდან გადმოყვანა და შესახლება მოხდა ძალის გამოყენებით“, – განაცხადა ომბუდსმენის წარმომადგენელმა.

შეკითხვაზე, აქვს თუ არა სააკაშვილს ფიზიკური დაზიანება, ომბუდსმენის წარმომადგენელი ამბობს, რომ მან ვერ შენიშნა, თუმცა გამოთხოვილია ინფორმაცია და შეფასება მოგვიანებით გაკეთდება.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ესმის პატიმრების გინება და უცენზურო სიტყვები.

24 ოქტომბერს, როცა სახალხო დამცველმა მე-18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შესახებ განცხადება გაავრცელა, აღნიშნული იყო, რომ ინფრასტრუქტურა და გარემო ვერ გამორიცხავს პატიმართა გარკვეული ჯგუფების მხრიდან ვერბალური აგრესიისა და ხმაურის, სიტყვიერი შეურაცხყოფის თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის რისკებს.


იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს, 8 ნოემბერს განაცხადა, რომ გლდანის ციხეში გადაყვანის დროს სააკაშვილმა როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციურის თანამშრომლებს, რასაც რეაგირება მოჰყვება.

მისი თქმით, გენერალური ინსპექცია სწავლობს დეტალებს და საზოგადოებას დამატებით დეტალებს გააცნობენ.

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გლდანის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს.