საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები პენიტენიცური სამსახურის განცხადებას გამოეხმაურნენ.
საუბარია განცხადებაზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა და რომლითაც პენიტენციურმა სამსახურმა განმარტა, რატომ არ გადაჰყავთ მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში. უწყება მიზეზად უსაფრთხოებას და სააკაშვილის ჯანმრთელობას ასახელებს.
ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და მისი დაცვის უფროსის, თემურ ჯანაშიას საქმის განმხილველი მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი პირდაპირ დავალებას იღებდა, დალოდებოდა, როდის გაუარესდებოდა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
„დღეს კიდევ ერთხელ ვხდებით მოწმე იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს დაცვის უფლება წაართვეს, რომ სასამართლო გაუქმებულია. ჯერ კიდევ შაბათს იცოდა სასამართლომ, თურმე, რომ პენიტენციური არ აპირებდა სააკაშვილის გადაყვანას სასამართლოში. მაშინ, როდესაც ყოველ წუთს ვსაუბრობთ, რომ სააკაშვილის პროცესები უნდა შედგეს და მას მიეცეს დასწრების უფლება, პენიტენციურ სამსახურს პირში წყალი ჰქონდა დაგუბებული და სასამართლოც ტქნიკურ მიზეზს იტყვის, ალბათ.
სასამართლო სხდომა არ ჩაინიშნა მანამდე, ვიდრე სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად არ დამძიმდა. სწორედაც, ბადრი კოჭლამაზიშვილი პირადად იღებდა დავალებას, რომ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იქნებოდა იმდენად მძიმე, რომ ეს პენიტენციურს მიზეზად მოეტანა, მანამდე არაფრისდიდებით არ ჩაეტარებინა პროცესი. 10 ნოემბერს სააკაშვილს შეეძლო სასამართლოში მოსვლა და არ მოიყვანეს.
ყველას ესმის ამ ქვეყანაში, ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს ესმის, რომ მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასამართლო არ აინტერესებს ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა ბექა ბასიალაიამ.
რაც შეეხება მეორე მიზეზს სააკაშვილის ეტაპირებასთან დაკავშირებით, ბასილაია ამბობს, რომ სუსის განცხადება თავიდანვე იყო „თითიდან გამოწოვილი.“
„მე-12 დაწესებულებიდან მე-18 დაწესებულებაში დაუბრკოლებლად, ყოველგვარი ექსცესის გარეშე გადაიყვანეს თუ არა? გადაიყვანეს. ვინმემ შეუშალა ხელი? იყვნენ მოქალაქეები მობილიზებულნი? არა. ეს არის მითიური, ცრუ საქმე, საიმისოდ, რომ სააკაშვილს არ მიეცეს შესაძლებლობა სასამართლოში გამოცხადების“, – ამბობს ის.
ადვოკატის თქმით, ისინი გამოხატავენ თავიანთ პოზიციას და სასამართლოსგან მოისმენენ მიზეზს, რატომ ვერ მოხერხდა სააკაშვილის სასამართლოში გადმოყვანა.
დღეს სასამართლო ე.წ პიჯაკების საქმეს განიხილავს.
ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით).
სასჯელი 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის მიხედვით, იმისთვის, რომ დაემალა საბიუჯეტო თანხის არამიზნობრივი ხარჯვა, მიხეილ სააკაშვილმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, საიდუმლო ფორმით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მისდამი უშუალოდ დაქვემდებარებული სდსს-თვის გამოყო თანხები.
ბრალდების მტკიცებით, 2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე მიხეილ სააკაშვილის პირადი მიზნებისთვის არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი.
ხარჯი სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით ჩამოიწერა და დოკუმენტებს უკანონოდ მიენიჭა გრიფი „საიდუმლო“.
პროკურატურის მიხედვით, არამიზნობრივ ხარჯს შორის იყო, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის სტილისტის, ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილი ფული, პრეზიდენტის ესპანელი მზარეულის, სერქიო ქალდერონ ლატასას ანაზღაურება და მისთვის გაწეული სხვა ხარჯი.
ასევე, სააკაშვილისთვის საზღვარგარეთ ვიზიტებისას სხვადასხვა დროს დაქირავებული ავიალაინერის, ლიმუზინისა და მინივენის, ვერტმფრენის ხარჯი, მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავასათვის ავსტრიაში დაქირავებული „პორშეს“, „მერსედესისა“ და „აუდის“ მარკების ავტომანქანებში დახარჯული თანხა, მაჯის საათებში გადახდილი ფული.
ასევე, მიხეილ სააკაშვილისათვის დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქიშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილი თანხა, რის გამოც ამ საქმეს ე.წ. პიჯაკების საქმეც შეერქვა.
ამ საქმეზე დაცვის პოზიცია ასეთია: ბექა ბასილაია „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ 2009 წლამდე პერიოდში ამ ტიპის ხარჯს გასცემდა პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ამასთან დაკავშირებით პროკურატურას კითხვა არ აქვს, არც ბრალი არ წარუდგენია ვინმესთვის.
„2009 წლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გარკვეული ხარჯის დაფარვა გადავიდა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, მეტი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მაგრამ ხარჯის ბუნება არ შეცვლილა. შესაბამისად, თუ ადმინისტრაციის მიერ მსგავსი ხარჯის გაწევა დანაშაული არაა, როგორ შეიძლება ეს სდსს-დან დანაშაული იყოს?!
უფრო მეტიც, 2013 წელს, როცა პრემიერ-მინისტრი უკვე ბიძინა ივანიშვილი იყო, ხოლო სდსს-ის უფროსი – ანზორ ჩუბინიძე, ამ დროსაც ზუსტად იმავე ტიპის ხარჯს ეწეოდნენ, მაგრამ ამ ნაწილთან დაკავშირებით არავის არ აქვს კითხვის ნიშანი.
ხოლო რომელი ხარჯი დაიფარებოდა სდსს-დან, ამაზე გადაწყვეტილებას იმ კონკრეტულ მომენტში იღებდნენ იმისთვის, თუ რა სჯობდა მეტი დაცულობისთვის. ახლა შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს კითხვა, ამაღლებდა თუ არა ეს პრეზიდენტის დაცვას, მაგრამ იმ პერიოდში ასე მიიჩნევდნენ და ეს ცალკე საკითხია“, – ამბობს ბასილაია.