ვაშაძე: 19:00-ზე სრული მობილიზება მელიქიშვილზე

პუბლიკა

„ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, საღამოს 7 საათზე მელიქიშვილზე შეიკრიბონ.

„19:00-ზე სრული მობილიზება მელიქიშვილზე და შემდგომ საინტერესო ნაბიჯსაც გაგაცნობთ“, – დაწერა ვაშაძემ სოციალურ ქსელში.

შსს-ს ცნობით, უწყებამ დღეს 16 ადამიანი დააკავა, მათგან 3 ხელწერილით უკვე გათავისუფლებულია.

საპროტესტო აქციაზე მას შემდეგ, რაც პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა და დემონსტრანტებმა მელიქიშვილის გამზირზე გადმოინაცვლეს, პოლიციამ აქციის მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკურად იძალადა.

დაარტყეს „პუბლიკის“ ჟურნალისტ მინდია გაბაძეს. ამასთან, ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ დააკავეს „მთავარი არხის“ ოპერატორი, რომელიც ამ დროისთვის თავისუფალია. მას თვალსა და ტუჩის არეში ჩალურჯებები აქვს.

პოლიციურმა ძალებმა ძალის გამოყენებით დაიკავეს ის ადგილი, სადაც ორი დღის განმავლობაში პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეები იყვნენ განთავსებულები.

ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიცია და სპეცრაზმი დაახლოებით დილის 06:00 საათის შემდეგ გამოჩნდა. მათ მობილიზებული ჰქონდათ სპეცტექნიკა, მათ შორის ჩანდა წყლის ჭავლის მანქანებიც.

სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს ტერიტორია და ადგილიდან გაიყვანეს მათი მანქანები, ასევე, გაიტანეს კარვები და სხვა ტექნიკა.