ფინეთში აზერბაიჯანელ მეზღვაურს წყალქვეშა კაბელების დაზიანების საქმეზე პატიმრობა მიუსაჯეს

პუბლიკა

ავტორი: რაფიგ შაჰბაზოვი

ფინეთის სასამართლომ აზერბაიჯანელ მეზღვაურს პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად ედება გემ „ფიტბურგის“ რუსი კაპიტნის დახმარება ფინეთის ყურეში წყალქვეშა კაბელების დაზიანებაში.

ჰელსინკის რაიონულმა სასამართლომ გემის კაპიტან ანდრეი მაქსიმენკოს, 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აზერბაიჯანელ ბოცმან ვუსალ მაჯიდოვს კი – 2 წლითა და 10 თვით. ორივე მათგანი დამნაშავედ ცნეს 2025 წლის ახალი წლის ღამეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რაც განსაკუთრებით მძიმე ფორმით ქონების დაზიანებას გულისხმობს.

სასამართლომ დაადგინა, რომ გემმა დაახლოებით 130 კილომეტრის მანძილზე ზღვის ფსკერზე ღუზა ათრია, რის შედეგადაც ორი სატელეკომუნიკაციო კაბელი დაზიანდა, ხოლო რამდენიმე სხვა კაბელი და გაზსადენი დაზიანების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

ორივე ბრალდებული დანაშაულს უარყოფს. სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და მისი გასაჩივრება შესაძლებელია.

სასამართლო პროცესზე მაჯიდოვმა განაცხადა, რომ არ იყო დარწმუნებული, გამოიწვია თუ არა კაბელების დაზიანება გემმა „ფიტბურგმა“.

მაქსიმენკომ ასევე განუცხადა სასამართლოს, რომ არ იცოდა, ათრევდა თუ არა მისი გემი ღუზას ზღვის ფსკერზე. წინასასამართლო გამოძიების დროს ის კატეგორიულად უარყოფდა, რომ კაბელების დაზიანებაზე პასუხისმგებელი „ფიტბურგი“ იყო.

სასამართლომ ორივე მათგარს ასევე დააკისრა დაზარალებული მხარეებისთვის დაზიანებული კაბელებისა და გაზსადენის შეკეთების ხარჯების, ასევე გამოძიებასთან დაკავშირებული დანახარჯების ერთობლივი ანაზღაურება.

მათთვის შეფარდებული სასჯელი უფრო მკაცრია, ვიდრე პროკურატურის მიერ მოთხოვნილი მინიმალური – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. პროკურატურა მათ განსაკუთრებით მძიმე ფორმით ქონების დაზიანებასა და სატელეკომუნიკაციო სისტემების ფუნქციონირებაში განსაკუთრებით მძიმე ჩარევას ედავებოდა.

თუმცა სასამართლომ უარყო სატელეკომუნიკაციო სისტემების ფუნქციონირებაში განსაკუთრებით მძიმე ჩარევის ცალკე ბრალდება და დაადგინა, რომ ეს ქმედება უკვე მოიცავდა განსაკუთრებით მძიმე ფორმით ქონების დაზიანების დანაშაულს.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ საქმის განხილვის უფლებამოსილება ფინეთს ჰქონდა, რადგან სავარაუდო განზრახ დანაშაულს შედეგები სწორედ ამ ქვეყანაში მოჰყვა.

ღუზა ზღვის ფსკერზე დაახლოებით 130 კილომეტრზე ათრიეს

სასამართლოს თანახმად, 2025 წლის 31 დეკემბრის დილას, ფინეთის ყურეში, ფინეთის ტერიტორიული წყლების მიღმა გადაადგილებისას გემმა „ფიტბურგმა“ რამდენიმე საათის განმავლობაში ზღვის ფსკერზე ღუზასა და ღუზის ჯაჭვს დაახლოებით 130 კილომეტრის მანძილზე ათრია.

ინციდენტის შედეგად დაზიანდა ორი წყალქვეშა სატელეკომუნიკაციო კაბელი. დაზიანების საფრთხე შეექმნა კიდევ რვა სატელეკომუნიკაციო და ელექტროგადამცემ კაბელს, ასევე გაზსადენს.

სასამართლომ დაადგინა, რომ ღუზის ჩამკეტი მექანიზმი გამართული იყო და გემი 30 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგის პორტიდან გასვლისას ღუზა აწეული ჰქონდა.

სასამართლოს თანახმად, ღუზა სანქტ-პეტერბურგიდან გასვლის შემდეგ, თუმცა რუსეთის ტერიტორიული წყლების დატოვებამდე ჩამოუშვეს. ის მხოლოდ 31 დეკემბრის დილას აწიეს, მას შემდეგ, რაც ფინეთის ხელისუფლებამ აღმოაჩინა, რომ გემი ღუზას ათრევდა და ამის შესახებ ეკიპაჟს აცნობა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარეს არ დაუდასტურებია, რომ მაქსიმენკომ პირადად გასცა ღუზის ჩამოშვების ბრძანება ან მაჯიდოვი უშუალოდ მონაწილეობდა ამ პროცესში, ორივე მათგანმა უნდა იცოდა, რომ გემის კაბელებისა და გაზსადენის თავზე გადაადგილებისას ღუზა დაშვებული იყო.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მაქსიმენკო შეგნებულად შეეგუა გემის შემდგომ გადაადგილებას იმ პირობებში, როდესაც ის ზღვის ფსკერზე ღუზას ათრევდა

რაც შეეხება მაჯიდოვს, სასამართლომ მიიჩნია, რომ მან აქტიური მონაწილეობა მიიღო გემის მოძრაობის გაგრძელებაში მას შემდეგ, რაც ფინეთის ხელისუფლება ეკიპაჟს პირველად დაუკავშირდა. გემმა გადაადგილება ამის შემდეგ დაახლოებით ორი საათის განმავლობაში განაგრძო.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მაჯიდოვმა, როგორც ბოცმანმა, არ შეასრულა თავისი მოვალეობები და არ უზრუნველყო გემის გადაადგილებისას ღუზის აწევა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ კაპიტანს უფრო მაღალი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა, რადგან მას გემის მუშაობაზე, გადაადგილებასა და ნავიგაციაზე საერთო პასუხისმგებლობა ჰქონდა.

მიყენებული ზიანისა და გაცილებით მასშტაბური ზიანის გამოწვევის საფრთხის გათვალისწინებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდებულთა ქმედებებმა საზოგადოებისთვის აუცილებელი ფუნქციების შესრულებას განსაკუთრებულად სერიოზული საფრთხე შეუქმნა.

საქმე რაიონული სასამართლოს სამი მოსამართლის შემადგენლობამ განიხილა. გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.