აზერბაიჯანული SOCAR აშშ-ში $1.7 მილიარდის ღირებულების ენერგეტიკული აქტივების შეძენას გეგმავს

პუბლიკა

ავტორი: რაფიგ შაჰბაზოვი

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა ხელი მოაწერა 1.65 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმებას, რომლის თანახმადაც აშშ-ში ბუნებრივი აირის მოპოვებისა და ინფრასტრუქტურის აქტივებში წილებს შეიძენს. ეს ამერიკის ენერგეტიკულ ბაზარზე კომპანიის საქმიანობის მნიშვნელოვან გაფართოებას ნიშნავს.

ბოლო წლებში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია ევროპულ ენერგეტიკულ ბაზრებზე საკუთარ პოზიციებს აძლიერებს. მათ შორის, 2026 წლის მაისში დასრულდა იტალიური ენერგოკომპანია Italiana Petroli-ის 99.82%-იანი წილის შეძენა. SOCAR-მა ასევე გაზარდა ბუნებრივი აირის მიწოდება ევროპის ქვეყნებისთვის და 2025 წელს გაზს ევროკავშირის რვა წევრ სახელმწიფოს აწვდიდა. აშშ-ში გაფორმებული უახლესი შეთანხმებით, კომპანია გაფართოებას ევროპის ფარგლებს გარეთ, ამერიკის ბუნებრივი აირის სექტორშიც აგრძელებს.

SOCAR არ არის პირველი აზერბაიჯანული ენერგოკომპანია, რომელმაც აშშ-ში მოპოვებითი აქტივები შეიძინა. 2026 წლის ივლისში კერძო კომპანია GL Group-მა ტეხასის შტატში, პერმის აუზში, ნავთობისა და გაზის ოთხ საბადოზე არსებული აქტივები იყიდა. ეს აქტივები 200-ზე მეტ მოქმედ ჭაბურღილს მოიცავს. კომპანიამ ასევე გადაიბარა საბადოების ოპერირების სრული უფლებამოსილება.

პროსამთავრობო მედია APA-ს ინფორმაციით, SOCAR-მა აშშ-ის ენერგოკომპანია Comstock-თან საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულება 4 ნოემბერს გააფორმა.

შეთანხმების თანახმად, SOCAR შეიძენს Legacy Haynesville-ის პროექტის მოპოვებით აქტივებში 20%-იან წილს, ხოლო Western Haynesville-ის პროექტის მოპოვებით აქტივებში -15%-იან წილს.

გარიგება ასევე ითვალისწინებს Comstock-ის კუთვნილ Pinnacle Gas Services LLC-ის 73%-იან წილში 15%-იანი წილის შეძენას, ოპერირების მართვის უფლების გარეშე. ეს Pinnacle Gas Services-ის მთლიანი წილის დაახლოებით 10.95%-ს შეადგენს.

გარიგების საერთო ღირებულება 1.65 მილიარდი დოლარია, თუმცა საბოლოო თანხა შესაძლოა ჩვეულებრივი შესყიდვის ფასის კორექტირების პროცედურების შედეგად შეიცვალოს.

Western Haynesville-ის საძიებო და მოპოვებით აქტივებში SOCAR-ის წილი ხუთი წლის შემდეგ 7.5%-მდე შემცირდება, იმ პირობით, რომ ამ აქტივებში განხორციელებული ინვესტიციიდან კომპანია 15%-იან უკუგებას მიიღებს.

გარიგების ამოქმედების თარიღად 2026 წლის 1 ივლისია განსაზღვრული.

შეთანხმება ჯერ საბოლოოდ გაფორმებული არ არის. მხარეები შესაბამისი სახელმწიფო უწყებების თანხმობასა და სხვა სამართლებრივი პროცედურების დასრულებას ელოდებიან.

Haynesville-ის რეგიონი აშშ-ში ფიქლის გაზის მოპოვების ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრია.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.