ავტორი: ელიზაბეტ მაკბრაიდი
ეს არის ქვეყანაში პირველი ქარხანა, სადაც დასავლური სტანდარტის M4 ტიპის შაშხანებს აწარმოებენ.
ისრაელურმა იარაღის მწარმოებელმა კომპანია ARI Arms-მა აზერბაიჯანში იარაღის წარმოება დაიწყო. კომპანიის პრესრელიზის თანახმად, ოქტომბრის დასაწყისში გამართულ გახსნის ცერემონიას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაესწრო. ქარხანა ბაქოს საკუთრებაა და ისრაელისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებების ერთობლივი საწარმოს ნაწილია. ეს არის პირველი საწარმო ქვეყანაში, სადაც დასავლური სტანდარტის M4 ტიპის შაშხანებს აწარმოებენ.
ქარხანა გაიხსნა თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროებში აზერბაიჯანისა და ისრაელის თანამშრომლობის გაღრმავების ფონზე.
2025 წლის ივნისში აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია SOCAR-მა ისრაელის ერთ-ერთი უმსხვილესი გაზის საბადო „თამარის” (Tamar) 10%-იანი წილი შეიძინა. გარიგების ღირებულება, სავარაუდო შეფასებით, 1,25 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2024 წელს კი AS Holidays-მა, რომლის შვილობილი კომპანიაც ARI Arms-ია, პირველად გააფორმა ურთიერთგაგების მემორანდუმი აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ კომპანიასთან.
თუმცა აზერბაიჯანმა თანამშრომლობის მასშტაბებთან დაკავშირებით ზოგიერთი ინფორმაცია უარყო. აგვისტოში ბაქომ გამოაცხადა, რომ CNN-ს უჩიოდა მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ირანთან ომის დროს ისრაელის სამხედროები აზერბაიჯანის ტერიტორიიდან მოქმედებდნენ.
LinkedIn-ზე გამოქვეყნებულ პოსტში Ari Arms-მა ქარხნის გახსნა დაადასტურა და თქვა, რომ „ამაყობს“ იმით, რომ „აზერბაიჯანის თავდაცვის მრეწველობის სამინისტროსთან ერთობლივი საწარმოს ფარგლებში, Ari Arms-მა აზერბაიჯანში AR-15 პლატფორმის შაშხანების (OR-4) ადგილობრივი წარმოება დაიწყო, რაც ქვეყანაში დასავლური სტანდარტის შაშხანების პირველი წარმოებაა“.
ისრაელურმა კომპანიამ განაცხადა, რომ „ARI Arms ადგილობრივ დონეზე დასავლური წარმოების სტანდარტების დასამკვიდრებლად საჭირო ტექნოლოგიებსა და ცოდნას უზრუნველყოფს. ჩვენი საქმიანობა მზა სისტემების მიწოდებით არ შემოიფარგლება: ჩვენ მთავრობებთან ვთანამშრომლობთ ადგილობრივი საწარმოო შესაძლებლობების შესაქმნელად და გრძელვადიანი სამრეწველო დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად“.
ARI Arms-ს წარსულში უთანამშრომლია ფილიპინებსა და სომხეთთანაც, ხოლო 2025 წელს ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ტენდერში გაიმარჯვა.
კომპანიამ აზერბაიჯანში ხელშეკრულებას ხელი მოაწერა მას შემდეგ, რაც 2024 წლის ბოლოს მას სხვა შეკვეთა მიიღო, რომელიც მალევე გაუქმდა. ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვეტილების მიზეზად „სატენდერო პროცესში არსებული ხარვეზები“ დაასახელა, რასაც ARI Arms არ ეთანხმება.
ხელშეკრულების მიღებამდე გამოცემა Haaretz-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ კომპანიას იარაღის წარმოებაში მცირე გამოცდილება ჰქონდა და მანამდე ძირითადად ლითონისა და პლასტმასის დამუშავებაზე სპეციალიზდებოდა.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.